თიბისი IT აკადემია — ტექნოლოგიური ტალანტების პოვნისა და განვითარების ადგილი
მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებში გადამზადებული 600-ზე მეტი ახალგაზრდა, 10 მიმართულების კურსი და 300 დასაქმებული თიბისი ჯგუფში — ეს ის ხელშესახები შედეგებია, რაც თიბისი IT აკადემიას ფუნქციონირების სამი წლის განმავლობაში დაუგროვდა. აკადემია მსურველების მიღებას აგრძელებს. მისი არსებობის მეოთხე წელსაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ დაეუფლონ სასურველ ტექნოლოგიურ პროფესიას და დასაქმდნენ ამ მიმართულებით.
ზურაბ პერტაია თიბისი IT აკადემიის ლიდერი მისი შექმნის მომენტიდან, ანუ 2019 წლიდანაა. ამ დროის განმავლობაში ის აკადემიის განვითარების თითოეულ საფეხურში იყო ჩართული, მათ შორის კი პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების გამოწვევასთან გამკლავების მხრივ. დღეს თიბისი IT აკადემია დისტანციურ, ონლაინ სწავლების გზას სწორედ იმ ადაპტირების შედეგად ირჩევს, რომლის საჭიროებაც პანდემიამ მოიტანა. ამ სტატიაში ზურაბ პერტაია გვესაუბრება თიბისი IT აკადემიის მიღწევებზე, მნიშვნელობასა და გამოწვევებზე:
"ყოველწლიურად, საშუალოდ, 300 სტუდენტს ვიღებთ და ვამზადებთ. მათგან 65% წარმატებით ასრულებს კურსს და შემდეგ საუკეთესო კანდიდატებს ვასაქმებთ უკვე თიბისიში ან თიბისი ჯგუფში. ჯამში ჩვენ გვყავს 800-ზე მეტი მიღებული, კურსდამთავრებული კი 600-ზე მეტია, ხოლო 300-ზე მეტი არის ჩვენთან, თიბისი ჯგუფში დასაქმებული. ისინი, ვინც ჩვენთან ვერ საქმდებიან, აუცილებლად მალევე სხვა კომპანიებში პოულობენ შესაბამის სამსახურს. ჯამში რომ დავითვალოთ, ამ 600 სტუდენტზე, საშუალოდ მათი ყოველთვიური ანაზღაურება 3000 ლარზე რომ დავიანგარიშოთ, (რადგან ზოგს უკვე 15 000 ლარიც კი აქვს), გამოდის, წლიურად 18 მილიონი ლარის შემოსავალი აქვთ ჩვენს კურსდამთავრებულებს".
თიბისი IT აკადემიას ორი ძირითადი მიზანი აქვს:
- ტექნოლოგიური პროფესიების პოპულარიზება და ახალგაზრდების ჩართვა ამ სფეროში;
- ტალანტების მოძიება და მათი დასაქმება კომპანიაში.
ამ მიზნების კვალდაკვალ თიბისი IT აკადემიას 2019 წელს მხოლოდ ორი პროგრამა ჰქონდა Front-end და Back-end დეველოპმენტი. თუმცა, როგორც ზურაბ პერტაია გვიყვება, პანდემიის დროს დისტანციურ სწავლებაზე სწრაფი გადართვის შემდეგ გაფართოებაზე ფიქრი დაიწყეს.
დღეს აქ უკვე შეგიძლიათ დაეუფლოთ მონაცემთა ინჟინრის, ვებ და მობაილ დეველოპერის, UX მკვლევარის, ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის და DevOps ინჟინრის პროფესიებს. 2020 წლიდან კი, ონლაინ სწავლების ფორმატიდან გამომდინარე, IT აკადემიაში ტექნოლოგიური პროფესიის დაუფლება შეუძლიათ რეგიონების მაცხოვრებლებსაც.
"ჩვენ უკვე პანდემიის დროს დავიწყეთ ფიქრი გაფართოებაზე. ანუ სხვადასხვა მიმართულება დავამატეთ, როგორიცაა მობაილ დეველოპმენტი, დავამატეთ ისეთი კურსები, როგორიც საქართველოში საერთოდ არ იყო მაგ დროისთვის. მაგალითად, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, გავაკეთეთ Devops-ისა და Java-ს ბუთქემფები და ა.შ".
დღეისათვის, თიბისი IT აკადემიაში ათასობით ადამიანს სურს სწავლის დაწყება, შესაბამისად, კონკურენცია ძალიან მაღალია.
როგორც ზურაბ პერტაია ამბობს, თავიდან ყურადღება ეთმობოდა აპლიკანტის მოტივაციასა და კომპანიაში დასაქმების სურვილს, დღესდღეობით კი კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ მიღების დონემ აიწია.
"უკვე ის სტუდენტები ხვდებიან ჩვენს კურსებზე, რომლებსაც საბაზისო ცოდნა აქვთ პროგრამირების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროგრამას მაინც ნულიდან ვიწყებთ, უმეტესობამ უკვე იცის ეს ყველაფერი. რაც შეეხება ლექტორების შერჩევის საკითხს, ყურადღებას ვამახვილებთ გამოცდილებაზე და რამდენად აქვს კანდიდატს გადმოცემის, ახსნის უნარი. ჩვენი ყველა ლექტორი არის უმაღლესი პროფესიონალი".
"ჩვენ ვართ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელი"
ამჟამად, თიბისი IT აკადემიაში კურსების რაოდენობა 10-ია, თუმცა უნდა ველოდოთ თუ არა მათი რაოდენობის გაზრდას მომავალში და რაზე იქნება ეს დამოკიდებული? ასახავს თუ არა აკადემიაში დამატებული ახალი კურსები ბაზრის მოთხოვნებს? ამ კითხვაზე ზურაბ პერტაია გვპასუხობს, რომ ეს ძირითადად იმ საჭიროებაზეა დამოკიდებული, რომლის წინაშეც კომპანია დგება.
"ვუყურებთ ჩვენს კომპანიას და ჩვენს შვილობილ კომპანიებს, რადგან ჩვენ ვართ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელი. ყველა კურსი დაფინანსებულია თიბისის მიერ და სტუდენტებისთვის არის უფასო, შესაბამისად, ჩვენ იმ კურსებს ვაკეთებთ, რაზეც ჩვენ გვაქვს მოთხოვნა კომპანიაში – რა მხრივაც პროფესიონალების გაზრდის საჭიროება გვაქვს. შესაბამისად, იმ კომპეტენციებს ვავითარებთ და იმ კურსებს ვაკეთებთ, რაც გვჭირდება", — ამბობს ზურაბ პერტაია.
აკადემიის ლიდერი აღნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე თიბისის გარდა თითქმის არ არის ისეთი კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით განათლებას სრულად აფინანსებს. ფასიან კურსებთან შედარებით კი IT აკადემიის უპირატესობა მაღალ კომპეტენციასა და სწავლის შემდეგ დასაქმების მაღალ შესაძლებლობაში გამოიხატება.
"ჩვენი პრიორიტეტია განათლება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ვზრდით ახალგაზრდებს ამ მიმართულებით. გვაქვს მაღალი სტანდარტები, რომელიც შერჩევის კრიტერიუმებსა და სწავლების პერიოდზეც ვრცელდება. სტუდენტებს, რომლებსაც დაბალი შეფასება აქვთ ან მოცემულ დედლაინებს არღვევენ, ვუშვებთ კურსიდან. შესაბამისად, ყველა კურსდამთავრებული მაქსიმალურად უმაღლესი ხარისხის ცოდნით გამოდის ჩვენი აკადემიიდან", — ზურაბ პერტაია.
თიბისი IT აკადემიის გავლენა ქართულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე
თიბისი IT აკადემია უკვე მეოთხე წელია, ახერხებს ქვეყანაში ტექნოლოგიური ცოდნის ხელმისაწვდომობა გაზარდოს და ახალგაზრდებს ტექნოლოგიების დარგში თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიების დაუფლებაში შეუწყოს ხელი. ბუნებრივია, მსგავსი მასშტაბის ინიციატივა ქართულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ახალი კომპეტენციების გაჩენას, გავრცელებასა და სფეროში მეტი ახალგაზრდის დასაქმებას განაპირობებს. საერთო ჯამში კი ეს ყველაფერი ქვეყანაში ტექნოლოგიურ ბაზარსა და მასში არსებულ ადამიანურ კაპიტალს აძლიერებს და აჯანსაღებს.
"ვიტყოდი, რომ თიბისი არის კომპანია, რომელიც ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს განათლებაზე. თვითონ კომპანიის შიგნით, ტექნოლოგიური გუნდის 30-40% უკვე IT აკადემიის მიერაა გამოზრდილი, გარდა ამისა, ბაზრისთვისაც დიდი ამბავია, რადგან ეს ადამიანები მუშაობენ IT კომპანიებში, საკმაოდ კარგ პოზიციებზე. არიან ჩვენი კურსდამთავრებულებიც, რომლებიც Amazon-ში ან Microsoft-ში მუშაობენ, შესაბამისად, დიდი გავლენა მოვახდინეთ ამ ყველაფერზე", — ამბობს ზურაბ პერტაია.
თიბისი IT აკადემია ტექნოლოგიური განათლების ადგილისა და პროფესიის ცვლილებაში დამხმარის როლს არა მხოლოდ დამწყებთათვის ასრულებს. ბოლო დროს ის კომპანიის შიგნით, ტექნოლოგიური გადამზადების კუთხითაც მუშაობს. ეს თანამშრომლების ტექნოლოგიური კომპეტენციების განვითარების მიზნით ხდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ზურაბ პერტაიას თქმით, IT აკადემია ფეხს აუწყობს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გაჩენილ ახალ ტენდენციებს და ახალი გამოწვევების საპასუხო გადაწყვეტილებებს შემოგვთავაზებს:
"სამომავლოდ, ალბათ, კიდევ უფრო მეტი ახალი, ინოვაციური კურსი გვექნება, რადგან ბაზარზე სხვადასხვა მიმართულება ჩნდება და ბუნებრივია, კომპანიასაც უჩნდება ახალი საჭიროებები. რაც შეეხება წლევანდელ ნაკადს, ერთ ნაკადზე (Frontend Angular) განაცხადების მიღება დასრულდა და მიმდინარეობს გადარჩევის პროცესი. მეორე ნაკადზე (OutSystems) კი რეგისტრაცია 30 აპრილს დასრულდება".
OutSystems-ის კურსზე რეგისტრაცია ამ ბმულზე შეგიძლიათ. 2023 წლის ზაფხულში კი სხვა კურსებზე მიღებაც გამოცხადდება.
თიბისი IT აკადემიას წელს კიდევ ასობით კურსდამთავრებული ეყოლება, თიბისი ჯგუფი და ზოგადად, ქართული ბაზარი კი ამ მხრივ კიდევ ასობით მაღალი კომპეტენციის მქონე ტექნოლოგიურ დასაქმებულს მიიღებს. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი საქართველოს ბაზარზე, რეგიონის მასშტაბით კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი ტექნოლოგიური პროდუქტებზე მუშაობის წინაპირობას შექმნის.
კომენტარები