"უკვე 30 წელზე მეტია, ფოტოგრაფი ვარ და ხელში კამერა მიჭირავს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ ხნის მანძილზე სულ ისეთ თემებზე ვმუშაობდი, რომლებიც მაინტერესებდა. ბოლო 10 წელია, თავისუფალი ფოტოგრაფი ვარ და ბედნიერება მაქვს, იმ თემებზე ვიმუშაო, რომლებიც ჩემთვის არის საინტერესო", — გვიყვება ნათელა გრიგალაშვილი, თბილისში მცხოვრები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი. მისი პროექტი ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები ფოტოკონკურს "ოჯახური კავშირების" გამარჯვებული გახდა საქართველოდან.

ნათელამ მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო მუშაობა: "ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის ყოფა და ცხოვრება, რომელიც მთამ შეინარჩუნა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ხულოს რაიონს, თუმცა ძალიან მინდა, რომ მუშაობის არეალი გავაფართოო და სხვადასხვა ხეობას ვესტუმრო".

მაღალმთიან მხარეში მცხოვრებთა იზოლაცია და გაუცხოება უკვე დიდი ხანია, მუდმივ პრობლემადაა ქცეული. ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით მძიმე ბოლო რამდენიმე ათწლეული აღმოჩნდა. ქვეყანაში არსებულმა რთულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ რეგიონის განვითარება და აქ მცხოვრებთა დანარჩენ ქვეყანასთან ინტეგრაცია შეაფერხა.

"უკვე წლებია, რაც აჭარის მკვიდრებს არ მიუწვდებათ ხელი სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა მრავალ სერვისზე. სოფლებში ხშირად ითიშება ელექტროენერგია და ზამთრის დიდთოვლობების დროს გზებიც იკეტება. მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო აჭარის მრავალი სოფელი დღეს დაცარიელებულია. ხულო და ღორჯომის ხეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველაზე მაღალი დასახლებებია. ხეობაში სხვადასხვა სიდიდის 18 სოფელი მდებარეობს. ზოგ სოფელში, მცირე მოსახლეობის გამო, მხოლოდ დაწყებითი სკოლებია გახსნილი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასასწრებლად სხვა სოფლებში სიარული უწევთ. სოფლებს შორის გზები დაზიანებულია, ინფრასტრუქტურა კი გაუმართავია.

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

ადგილობრივები, ძირითადად, მესაქონლეები არიან, მაგრამ საძოვრების სიმწირის გამო, მათ თავიანთი ნახირი ზაფხულში მთებში აჰყავთ და იქ გვიან შემოდგომამდე რჩებიან. მომთაბარე აჭარლებს წელიწადში რამდენჯერმე უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამის მიუხედავად, კაცების უმრავლესობა თურქეთშიც მუშაობს და დამატებითი შემოსავლისთვის სეზონურ სამუშაოს ასრულებს. ასეთი მძიმე მდგომარეობის გამო ამ მაღალმთიანი რეგიონის უნიკალური ტრადიციები ნელ-ნელა ქრება, ხოლო მისი გამორჩეული ცხოვრების წესი დავიწყებას ეცემა", — ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.

ნათელასთან ერთად, საქართველოდან არჩეულ სამ ფინალისტ ფოტოგრაფს შორის იყვნენ ეკატერინე კოლესნიკოვა (მალე თენდება) და თაკო რობაქიძე (სამშვიდობოები).


კონკურსის შესახებ

კონკურსის ფინალისტები

ფოტოკონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის პროფესიონალი ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ — (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). თითოეული ქვეყნიდან თითო გამარჯვებულმა 1,000 ევროს ოდენობის ჯილდო მიიღო.

ფოტოკონკურსის მონაწილეებს ოჯახური კავშირების თემა საკუთარი უნიკალური პერსპექტივით უნდა ეჩვენებინათ: როგორ გვაკავშირებს ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, მსოფლმხედველობასთან და მომავალთან? რას ვუწოდებთ ოჯახს? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?


ახალგაზრდა უკრაინელი ფოტოგრაფი მარისია მიანოვსკა ფოტოკონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებულია.

პროექტს "O Brother, Where Art Thou?" ჰქვია და ჩემს პირად ისტორიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. 2018 წელს ძმა გარდამეცვალა. გადაღება იმისთვის დავიწყე, რომ მისთვის და მისი მოგონებებისთვის ახალი ადგილი მომეძებნა, უკეთ გამეგო მისი ცხოვრება. იმის გამო, რომ ასაკში დიდი განსხვავება გვქონდა, ხშირად არ გვესმოდა ერთმანეთის და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გაჩენილ კითხვებზე პასუხი მეპოვა. პროექტი ჯერაც დაუსრულებელია და მასზე ახლაც ვმუშაობ. მართალია, თავიდან ყველაფერი პირადი გამოცილდებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ თაობების შესახებ ისტორიად იქცა.

მარისიას ფოტოები უმეტესად კიევის ტროეშჩინას რაიონშია გადაღებული. ეს საერთო საცხოვრებლის გარშემო არსებული ყველაზე დიდი უბანია ევროპაში — გეტო მუშათა კლასის ადამიანებისათვის, რომლებმაც სამუშაო და მომავლის რწმენა დაკარგეს. მარისიას ძმა ის პირველი თაობა იყო, რომლებმაც ახალგაზრდობის წლები 1990-იანი წლების დამოუკიდებელ უკრაინაში განვლეს: კრიმინალი, ჰეროინის რომანტიზაცია, MTV, სექსი და ტექნო მისი და მისი თანატოლების ცხოვრების ელემენტებად იქცა.

ფოტო: მარისია მიანოვსკა

მარისიას ფოტოები სწორედ "დაკარგული თაობის" კვლევაა. პროექტი იკვლევს, როგორ ცვლის ადგილი და დრო ადამიანის ბედისწერას. გარდაცვლილი ძმის ბიოგრაფიული ფრაგმენტებით ფოტოგრაფი გვაჩვენებს, როგორ შეიცვალა ახალგაზრდების ცხოვრება უკრაინაში ბოლო 15 წლის განმავლობაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მარისიას ხელოვნებასაც დაატყო კვალი: "რა თქმა უნდა, ომიც აისახა ჩემს ნამუშევრებზე, რადგან ომმა ყველა თაობის, მათ შორის, ახალგაზრდების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

ჩემი მისია, როგორც შემოქმედის, სიმართლის ძიება და მისი მსახურებაა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უკრაინაში დავბრუნებულიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ როგორც არტისტი, იქ უნდა ვიყო, სადაც ჩემი ქვეყანა და ხალხია. მინდა, მთელ მსოფლიომდე მივიტანო უკრაინელების სათქმელი"


ფოტოკონკურსის დანარჩენი გამარჯვებულები არიან ნაზიკ არმენაკიანი (სომხეთი), ორხან აზიმოვი (აზერბაიჯანი), პაშა კრიტჩკო (ბელარუსი), კატერინა შოშევა (მოლდოვა). ექვსი გამარჯვებული ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ 400-ზე მეტ მონაწილეს შორის არჩეული 18 ფინალისტისგან გამოავლინა.

კონკურსი ორგანიზებული იყო EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ პოლონურ Fotofestiwal-თან პარტნიორობით.