ალიგატორები არ არიან პრეტენზიული მჭამელები. ისინი შეჭამენ ყველანაირ თევზს, ფრინველს, კუს, პატარა ძუძუმწოვრებს, იშვიათად, მაგრამ დაფიქსირებულა ადამიანის შეჭმის შემთხვევაც. . . და მაინც, მათ კუჭში ნაპოვნი ყველაზე უცნაური ნივთიერება ქვაა.

ზოგადად ცხოველები ქვებს მრავალი მიზეზის გამო ყლაპავენ. ზოგი ამას საკვების დასაფქვავად აკეთებს, ზოგი ქვას კალციუმის მსგავსი მინერალების მისაღებად მოიხმარს, ზოგი კი პარაზიტებისგან გასათავისუფლებლად.

ზოგიერთი წყლის ცხოველის შემთხვევაში, მოტივი, შესაძლოა, წყლის ამწევ ძალასთან იყოს დაკავშირებული. მოსაზრება, რომ ნიანგისებრები წონის გასაზრდელად ქვებს ყლაპავდნენ, პირველად სამხრეთ ამერიკელმა ადგილობრივმა მკვიდრებმა წამოაყენეს.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, იუტას უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა 2019 წელს ექსპერიმენტი ჩაატარა. მათ ლაბორატორიაში შვიდი ახალგაზრდა ამერიკული ალიგატორი (Alligator mississippiensis) მოიყვანეს და გამოცადეს. მკვლევრებს აინტერესებდათ მოქმედებდა თუ არა ქვების მოხმარება ქვეწარმავლების ყვინთვაზე.

მუცელში ქვების გარეშე, ალიგატორებს წყალში ჩაყვინთვა საშუალოდ ექვს წუთზე ოდნავ ნაკლები ხნის განმავლობაში შეეძლოთ. მეორე მხრივ, ქვების გადაყლაპვის შემდეგ, ჩაყვინთვის საშუალო დრო დაახლოებით 11 წუთი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვის მჭამელ ალიგატორებს 88%-ით მეტხანს შეეძლოთ ჩაყვინთვა.

"ასევე გაიზარდა მაქსიმალური ჩაყვინთვების საშუალო ხანგრძლივობა", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ქვების გადაყლაპვა ალიგატორებს წყალში უფრო დიდხანს გაჩერებაში ეხმარება. ეს ბალანსი ამ მტაცებლებს ტაქტიკურ უპირატესობას ანიჭებს: მათ შეუძლიათ უფრო დიდხანს დარჩნენ წყალში მსხვერპლის დევნისას ან შეიკავონ სუნთქვა, როდესაც მსხვერპლს უსაფრდებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.