აღმოჩენილია კოსმოსური ენიგმა, რომელიც ასტროფიზიკის წესებს არღვევს
ფოტო: NSF/AUI/NSF NRAO/P.Vosteen
ასტრონომებმა მსოფლიოს მოწინავე ტელესკოპების მეშვეობით საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათ მიაგნეს განსაკუთრებულად უჩვეულო კოსმოსურ ობიექტს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მქონე რადიოტრანზიენტების (LPT) კატეგორიაში შედის.
მას CHIME J1634+44 ეწოდება და ყველაზე პოლარიზებული LPT-ია, რომელიც ოდესმე დაგვიფიქსირებია. ასევე, იგი ერთადერთია, რომლის ბრუნვაც ჩქარდება — ასეთი ფენომენი ისტორიაში პირველად გამოვლინდა.
ამგვარი რადიოტრანზიენტების არსებობის შესახებ ჯერ ცოტა ხანია, ვიცით. ესაა ობიექტები, რომლებიც რადიოტალღებს წარმოქმნის და ძალიან ხანგრძლივი ბრუნვის პერიოდები აქვს: რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. CHIME J1634+44-ს უნიკალური მახასიათებლები აქვს. მის შემთხვევაში ბრუნვის პერიოდი უცნობი მიზეზის გამო შემცირებულია, პოლარიზაციას კი ამჟამინდელი სამეცნიერო ცოდნით ვერ ვხსნით. ეს ახალ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ რა მექანიზმებია მსგავსი ფენომენის მიღმა და რას გვეუბნება ის სამყაროზე.
მეცნიერები CHIME J1634+44-ს ზღაპრულ რქაეულს (იგივე "უნიკორნი") ადარებენ, რადგან ის ისედაც იდუმალ LPT-ებს შორისაც გამორჩეულია. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მისი რადიოანთებები ყოველ 14 წუთში მეორდება, მაგრამ არის კიდევ მეორე განსხვავებული პერიოდი, რომელიც 70-წუთიანი ციკლის სახით ვლინდება, ანუ პირველზე 5-ჯერ ხანგრძლივია. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ორივე მაჩვენებელი რეალურია და მიანიშნებს სისტემაზე, რომელშიც ნეიტრონული ვარსკვლავის (მნათობის კოლაფსირებული ბირთვი) გარშემო რაღაც სხვა მოძრაობს.
ჩვეულებრივ, ასეთი სხეულების მოძრაობა ენერგიის დაკარგვის პარალელურად ნელდება, ამიტომ მათი ბრუნვის პერიოდი უფრო ხანგრძლივი ხდება. CHIME J1634+44-ის შემთხვევაში ეს პერიოდი პირიქით, მცირდება, ანუ ის უფრო და უფრო სწრაფად ბრუნავს. ეს ფაქტორი და ზემოხსენებული ორგვარი ციკლი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ საქმე არა ერთ, არამედ ორ ობიექტთან გვაქვს, რომელთა შორისაც საკმაოდ მცირე მანძილია.
ეს სისტემა უნდა მჭიდროვდებოდეს, რისი მიზეზიც ენერგიის დაკარგვა შეიძლება იყოს, რომელსაც გრავიტაციული ტალღების წარმოქმნა ან ობიექტების ურთიერთქმედება იწვევს. CHIME J1634+44-ს 100%-ით წრიული პოლარიზაცია აქვს, ანუ მისი რადიოტალღები უიშვიათეს სპირალურ ტრაექტორიას მიჰყვება. ასტრონომებს აქამდე ასეთი არაფერი უნახავთ, საიდანაც ასკვნიან, რომ იქ რადიოტალღები სრულიად განსხვავებულად ფორმირდება.
ეს ყველაფერი LPT-ების პოპულაციის "ჩარჩოში" არ ჯდება და ნეიტრონული ვარსკვლავებისა თუ თეთრი ჯუჯების (მკვდარი მნათობის ბირთვის ნარჩენი) მოდელებს გამოწვევის წინაშე აყენებს. არ გამორიცხავენ, რომ კოსმოსში სხვა ამგვარი ობიექტებიც იყოს, რომლებიც ჯერ არ აღმოგვიჩენია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

კომენტარები