სამყაროში მილიარდობით გალაქტიკა და ვარსკვლავია, რომლებიც უდიდეს დისტანციებზეა განლაგებული. თანამედროვე ტელესკოპებით ბევრ შორეულ ობიექტს ვაკვირდებით და მნიშვნელოვან აღმოჩენებსაც ვაკეთებთ, მაგრამ რა მანძილზე შეგვიძლია გავიხედოთ შეუიარაღებელი თვალით?

ადამიანის თვალს იმაზე შორეული ვარსკვლავების დანახვა შეუძლია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს თავად კოსმოსური ობიექტის სიკაშკაშეზეა დამოკიდებული. სამყაროში ბევრი მნათობი მზეზე მეტად ელვარებს, მაგრამ ისინი დიდ დისტანციაზეა. ეს ზოგიერთი მათგანის დაფიქსირებას მხოლოდ სპეციალური ობსერვატორიებით ხდის შესაძლებელს.

სხვა შემთხვევებში ვარსკვლავებზე დაკვირვება ჩვენს მხედველობასა და იმ გარემოზეა დამოკიდებული, სადაც ვიმყოფებით. ჩვეულებრივ, ბნელი ღამის პირობებში ადამიანს ისეთი ვარსკვლავების დანახვის უნარი აქვს, რომელთა სიკაშკაშეც 6 მაგნიტუდამდეა. რაც უფრო მეტად იზრდება ეს მაჩვენებელი, მით უფრო იკლებს სინათლე, ანუ ობიექტზე შეუიარაღებელი თვალით დამზერის შანსი მცირდება.

6 მაგნიტუდის ფარგლებში დაახლოებით 9000 ვარსკვლავია, მაგრამ რომელი მათგანია ყველაზე შორს, ძნელი სათქმელია. ამას ორი მიზეზი აქვს: ბევრი მნათობი, განსაკუთრებით კი გამორჩეულად ელვარეები, დროთა განმავლობაში სიკაშკაშეს იცვლის. შესაბამისად, გვჭირდება ობიექტი, რომელიც მზეზე ასობით ათასჯერ ნათელი იქნება, მაგრამ, შესაძლებელია, ის "ხილულის" კატეგორიაში არ შედიოდეს; მეორე პრობლემა ისაა, რომ მანძილები ყოველთვის ზუსტად განსაზღვრული არაა. საუკეთესო რუკა ევროპის კოსმოსური სააგენტოს Gaia-ს ტელესკოპის მონაცემების მიხედვითაა შექმნილი, თუმცა სტატისტიკური უზუსტობები იქაც არსებობს.

ფოტო: Getty Images

ამ მონაცემების მიხედვით, ზემოხსენებული მაგნიტუდის მიჯნაზე V762 კასიოპეა სახელდება, რომელიც, დიდი ალბათობით, 2500 სინათლის წლის მანძილზეა; კიდევ ერთი ასეთი ობიექტია იშვიათი ყვითელი სუპერგიგანტი რო კასიოპეა, რომელიც მზეზე 300 000-ჯერ კაშკაშაა და ჩვენგან 8000 სინათლის წელი აშორებს; იმავე თანავარსკვლავედში ფი კასიოპეაც გვხვდება, რომელიც რამდენიმე ვარსკვლავისგან შედგება და მათი საერთო ელვარება 4.95 მაგნიტუდას აღწევს. ეს სისტემა ჩვენგან 15 000 სინათლის წლის მიღმაა.

მნათობებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ რა ხდება გალაქტიკების შემთხვევაში? შეგვიძლია მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით?

პასუხი "კი" არის. კარგი მხედველობის მქონე ადამიანი ხელოვნური სინათლისგან დაუბინძურებელ ღამის ცაზე ანდრომედას დაინახავს. ეს გალაქტიკა 2.5 მილიონი სინათლის წლის დისტანციაზეა. ზოგმა ადამიანმა შეიძლება 12 სინათლის წლის მანძილზე მდებარე M81 ან ჩვენგან 15 სინათლის წლით დაშორებული M83-იც დაინახოს.

ამის მიუხედავად, რეკორდი გამა გამოსხივების ნაკადს ეკუთვნის, რომელიც ვარსკვლავის აფეთქების ან ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების თანმდევი ენერგიული მოვლენაა. ასეთი იყო GRB 080319B, რომელიც 2008 წლის 19 მარტს დაფიქსირდა და 5.8 მაგნიტუდას 30 წამით მიაღწია. მისმა სინათლემ ჩვენამდე მოსაღწევად 7.5 მილიარდი სინათლის წელი გაიარა. ეს ყველაზე შორეული და კაშკაშა გამა გამოსხივებაა მათ შორის, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით დანახვას დაჰქვემდებარებია.

კიდევ არსებობს თვალით დამზერადი ორი შორეული ობიექტი, დიდი და პატარა მაგელანის ნისლეულები, რომლებიც ირმის ნახტომის გარშემო მოძრავი მცირე ზომის გალაქტიკებია. ისინი 160 000-ზე მეტი სინათლის წლის მიღმაა და სამხრეთ ნახევარსფეროში არაიდეალურ პირობებშიც კარგად ჩანს.

ასე რომ, თუ ღამის ცას ტელესკოპის გარეშე ახედავთ, შესაძლოა, საკმაოდ შორს მდებარე ობიექტებიც დაინახოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.