დინოზავრთა ნაკვალევი ამ არსებებზე უცნობ დეტალებს გვიყვება — რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა
ფოტო: Bell et al., PLOS One, 2025
76 მილიონი წლის წინ მცენარიჭამია დინოზავრების ჯოგმა მიწაზე ნაკვალევი დატოვა. მათი ფეხის ანაბეჭდები იმაზე მიანიშნებს, რომ სხვადასხვა სახეობა შეიძლება ერთად გადაადგილდებოდა და მეტიც — ერთად ხდებოდა მტაცებელთა სამიზნე.
პალეონტოლოგებმა ნაკვალევები კანადაში, დინოზავრთა პროვინციულ პარკში, იპოვეს. ისინი რკინაქვაში იყო შემონახული. ზოგადად, ამ ადგილას არაერთი საინტერესო ნამარხი აღმოუჩენიათ, თუმცა ასეთ კარგად შემონახულ ნაკვალევს პირველად წააწყდნენ.
ნაკვალევზე საინტერესო დეტალი შეამჩნიეს: მინიმუმ ხუთი რქიანი დინოზავრის კვალთან ერთად აქ ანკილოზავრის ფეხის ანაბეჭდებიცაა. ეს შეიძლება პირველი მტკიცებულება იყოს იმისა, რომ დინოზავრების რამდენიმე სახეობა ერთ ჯოგად გადაადგილდებოდა.
მეცნიერები ადასტურებენ, რომ ფეხის ანაბეჭდები დაახლოებით ერთ დროსაა დატოვებული. ამის მიუხედავად, სხვაობა შეიძლება საათები ან დღეები ყოფილიყო.
"დიდი ხანია არსებობს ეჭვი, რომ რქიანი დინოზავრები ჯოგებად ცხოვრობდნენ, რადგან არაერთი ადგილია აღმოჩენილი, სადაც ერთი სახეობის რამდენიმე ინდივიდის ძვლები იყრის თავს", — აცხადებს პალეონტოლოგი ჯეკ ლავგროუვი, ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის თანამშრომელი — "მეორე მხრივ, ძვლების გროვები მხოლოდ იმას გვეუბნება დაზუსტებით, რომ ეს ცხოველები ერთად დაიხოცნენ ანდა სხეულები დაგროვდა სიკვდილის შემდეგ. შემონახული ნაკვალევი, რომელიც რამდენიმე რქიანი დინოზავრის ჯგუფურ გადაადგილებას გვიჩვენებს, იმის იშვიათი მტკიცებულებაა, რომ ეს არსებები ერთად ცხოვრობდნენ".
ფეხის ანაბეჭდების პოზიციებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ცხოველები წყალთან მიდიოდნენ — სავარაუდოდ, უძველეს მდინარეს მიუყვებოდნენ. უჩვეულო ისაა, რომ კალაპოტის პარალელურად სხვა ნაკვალევიც ჩანს, რომელიც მტაცებლებს ეკუთვნით: ორ ტირანოზავრსა და კიდევ ერთ პატარა ხორცისმჭამელ დინოზავრს, სავარაუდოდ თეროპოდს.
"ტირანოზავრის ნაკვალევი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს მტაცებლები ჯოგს უთვალთვალებდნენ, რაც საკმაოდ შემზარავი წარმოსადგენია, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვით, გადაიკვეთნენ თუ არა ეს ცხოველები", — აცხადებს ფილ ბელი, ავსტრალიის ნიუ ინგლისის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი.
ცხადია, ეს რქიანი დინოზავრების ცხოვრების მხოლოდ ანარეკლია. მეორე მხრივ, მეცნიერებს იგი ბევრი სხვა ნაკვალევის აღმოჩენაში დაეხმარა პარკის ტერიტორიაზე. ეს პოტენციურად საშუალებას მოგვცემს, ამ არსებებსა და მათ თანაცხოვრებაზე მეტი გავიგოთ.
ნაშრომი გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.
კომენტარები