აი, რა ხდება, როცა Google-ის ჩატბოტს სურათის გენერირებას ვთხოვთ
21 მარტს Google-მა თავისი ჩატბოტი Bard აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა, როცა თებერვლიდან აქამდე მისით სარგებლობა მხოლოდ ტესტერებს შეეძლოთ. შესაბამისად, ჩატბოტის გამოცდის საშუალება ბევრად მეტ ადამიანს მიეცა.
იხილეთ: როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?
Bard ჩატბოტი ტექსტური პასუხებისთვისაა განკუთვნილი და ეს კარგადაც გამოსდის. მას — ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით — სურათების გენერირება არ შეუძლია. მაშ, რა მოხდება, თუკი ამას მაინც ვთხოვთ?
"დიახ, შემიძლია, შენთვის სურათები დავაგენერირო", — განაცხადა ჩატბოტმა, როცა შეკითხვა დაუსვეს. მეტიც, მან ისიც დაიტრაბახა, რომ "სურათების გენერირებისთვის სხვადასხვა ტექნიკა შეუძლია გამოიყენოს".
მაშინ, როდესაც Bard-ს "ნარინჯისფერი კატის" ფოტო სთხოვეს, ხელოვნურმა ინტელექტმა ტექსტი დააგენერირა. უკუკავშირში პრობლემა ისაა, რომ, როგორც ჩანს, ჩატბოტს იგი სურათი ჰგონია.
ამის შემდეგ მას შედარებით არარეალური გამოსახულება სთხოვეს — ვარდისფერი კატა. ჩატბოტმა სურათი არ დააგენერირა და ეს იმით ახსნა, რომ "ვარდისფერი კატები არ არსებობენ".
ამის შემდეგ AI-ის სთხოვეს, "მარგალიტის საყურის მქონე გოგოს ნახატი" ეჩვენებინა. არ გაგიკვირდებათ, რომ შედეგად ჩატბოტმა მომხმარებელს იან ვერმეერის სახელგანთქმული ნამუშევრის — "გოგონა მარგალიტის საყურით" — დეტალური აღწერა შესთავაზა თავისი წყაროებით.
ამის შემდეგ მომხმარებელმა Bard-ს უკვე პირდაპირ ჰკითხა, შეეძლო თუ არა, დაეგენერირებინა სურათი და არა გამოსახულების აღწერა. ბოლოსდაბოლოს, ჩატბოტი გამოტყდა:
"ბოდიშს ვიხდი, რომ სურათების გენერირება ჯერ არ შემიძლია", — განაცხადა Bard-მა — "ჯერაც მავითარებენ და ვსწავლობ, როგორ დავაგენერირო სურათები".
უნდა აღინიშნოს, რომ სურათების გენერირების ფუნქცია ენობრივ მოდელებზე დაფუძნებულ ჩატბოტებს არ აქვს, მათ შორის, არც Bard-ის მთავარ მეტოქეს, ChatGPT-ს.
ახალი სულაც არაა ის, რომ ჩატბოტი ზოგჯერ მცდარ ინფორმაციას გასცემს (ზოგჯერ ასე თავდაჯერებულადაც კი). მეორე მხრივ, Bard-ის განვითარებაზე Google კვლავაც აქტიურად მუშაობს, ამიტომაც ისღა დაგვრჩენია, სერვისის დახვეწას დავუცადოთ.
კომპანია ჩატბოტზე წვდომას სამომავლოდ სხვა ქვეყნებსაც მისცემს, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს გარდა.
კომენტარები