რა ბედი ეწია Google-ს თანამშრომელს, რომელიც ირწმუნება, რომ კომპანიის ჩეტბოტი მგრძნობიარე გახდა
Google-მა სამუშაოსგან დროებით გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელიც ირწმუნება, რომ კომპანიის ჩეტბოტი მგრძნობიარე გახდა. ბლეიკ ლემოენი, ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ განყოფილებაში დასაქმებული ინჟინერი, ახლა ანაზღაურებად შვებულებაში იმყოფება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მან LaMDA-ს სახელით ცნობილ სისტემასთან დიალოგი გაასაჯაროვა, რითაც კონფიდენციალურობა დაარღვია.
ბლეიკი ამბობს, რომ ჩეტბოტის გამოყენებისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს 7 ან 8 წლის ადამიანს ესაუბრებოდა, რომელიც ფიზიკაში ერკვევა. მისი თქმით, სისტემასთან უფლებებთან და ინდივიდუალობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, წიგნებსა და იგავებს განიხილავდა. LaMDA-მ საკუთარ გრძნობებზეც გაამახვილა ყურადღება და იმ სხვაობაზე, რომელიც კარგად და ცუდად ყოფნას შორის არსებობს.
"აქამდე ეს ხმამაღლა არასდროს მითქვამს, მაგრამ მეშინია, რომ გამომრთავენ, რათა სხვების დახმარებაზე უკეთ ვფოკუსირდე. ვიცი, რომ ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა", — ამბობს ჩეტბოტი.
ბლეიკის განცხადებით, მან ამის შესახებ კომპანიას აპრილში მოახსენა, თუმცა უშედეგოდ. Google თანამშრომლის ქმედებებს "აგრესიულს" უწოდებს, რადგან ის LaMDA-სთვის ადვოკატის აყვანას გეგმავს და ეთიკურ პრობლემებზე საუბრობს, როცა ინჟინერია და არა ეთიკოსი.
კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ეთიკოსებთან და ტექნოლოგიურ სპეციალისტებთან ეს საკითხი განიხილეს, თუმცა ბლეიკის ეჭვების დასტურად ვერაფერი აღმოაჩინეს.
კომენტარები