"დავგუგლავთ" თუ ჩატბოტს ვკითხავთ? — რა ეტაპზეა Google-ისა და Microsoft-ის ომი AI დომინირებისთვის

ფოტო: NEXT.On.ge, ნატალია ავალიანი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

"მოიცა, დავგუგლავ"

კომპანია OpenAI-ის მიერ ყველასათვის ცნობილი ჩატბოტის, ChatGPT-ის, გაშვების შემდეგ თანამედროვე საზოგადოებაში საძიებო სისტემების ხედვა რადიკალურად შეიცვალა. ის კითხვაც აქტიურად ისმის, თუ რა ელის Google-ის საძიებო სისტემის ერთგვარ მონოპოლიას — შესაძლოა, "მოიცა, დავგუგლავ" მალე "მოიცა, ჩატბოტს ვკითხავ" ფრაზით შეიცვალოს.

სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც იანვრის ბოლოს Microsoft-მა, Google-ის მეტოქე ტექგიგანტმა, OpenAI-ში $10-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო. მეტიც, თებერვლის დასაწყისში (მას შემდეგ, რაც Google-მა თავისი ჩატბოტის გამოშვება დააანონსა) კომპანიამ გვამცნო, რომ OpenAI-ისთან პარტნიორობით თავის საძიებო სისტემაში "ჩატბოტისთვის კითხვის" ფუნქცია ჩააშენა.

Google-ისა და Microsoft-ის, ორი ტექგიგანტის, ერთმანეთთან შერკინება აქამდეც არაერთხელ გვიხილავს. ამჯერად ისინი ძალების დემონსტრირებას საძიებო სისტემებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებით ცდილობენ. მართალია, ყველა გიგანტ კომპანიას ბაზარზე საკუთარი ნიშა აქვს, თუმცა ჯერაც ბურუსითაა მოცული, ვინ იქნება ლიდერი AI-ის ბაზარზე.

ბოლო კვირების განმავლობაში Google-ისა და Microsoft-ისგან არაერთი მნიშვნელოვანი განაცხადი მოვისმინეთ. საფიქრებელია, რომ მათი ნაბიჯების კვალდაკვალ ახლო მომავალში არაერთ ინოვაციურ პროდუქტს ვიხილავთ.

ChatGPT — Google-ის საძიებო სისტემის აღსასრული?

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2022 წლის ნოემბერში ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანია OpenAI-მ აწ უკვე საყოველთაოდ ცნობილი ჩატბოტი, სახელად ChatGPT, გამოუშვა — ენის მოდელი, უფასო და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, რომელსაც დიდი მონაცემთა ბაზების გამოყენებით თითქმის ყველაფერზე შეუძლია, რელევანტური პასუხი გაგვცეს. იგი ლექსებს, ესეებს, სამოტივაციო წერილებსა თუ მავნე პროგრამებს წერს და მეტიც, გამოცდების ჩაბარებაც კი შეუძლია.

ჩატბოტს ერთი დიდი უპირატესობა აქვს: კითხვის საპასუხოდ, ნაცვლად სხვადასხვა ბმულისა თუ წყაროს გამოტანისა, ახალი თაობის ChatGPT პირდაპირ ჩვენთვის რელევანტურ ცნობებს კონტექსტითურთ გვთავაზობს, ინფორმაციის მოძიების პროცესი კი მეტად ინტერაქციული და ნაყოფიერია.

იმის მიუხედავადაც კი, რომ OpenAI თავისი ჩატბოტის მხრიდან შესაძლო მიკერძოებისა და დეზინფორმაციის შესახებ მკაფიოდ გვაფრთხილებს (თანაც არც ისე უსაფუძვლოდ), ჩამოთვლილი სიკეთეების გამო შედეგებმა მაინც არ დააყოვნა და ChatGPT-მ მომხმარებელთა გული დაუყოვნებლივ მოიგო. თებერვლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან Instagram-იც კი დაჯაბნა: სულ რაღაც 40 დღეში 10 მილიონ ყოველდღიურ მომხმარებელს მიაღწია და აღნიშნული პლატფორმის თავდაპირველ სწრაფ ზრდას აჯობა.

ChatGPT-ისა და Instagram-ის ზრდის შედარებითი გრაფიკი

ფოტო: ChatGPT-ისა და Instagram-ის ზრდის შედარებითი გრაფიკი

საზოგადოებასა და ექსპერტთა ნაწილში ერთობ საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა ChatGPT-ის მხრიდან მისი ჩანაცვლების შესახებ. თებერვლის დასაწყისში Gmail-ის დამფუძნებელმა პოლ ბუხეიტმა გაგვიზიარა თავისი აზრი და გვითხრა, რომ Google-ის ბიზნესს მაქსიმუმ ორი წელი დარჩა, სანამ ChatGPT არ ჩამოიცილებს თავიდან.

ასევე იხილეთ: შემდეგი პოდკასტი: ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი

ვინაიდან Google-მა ბიზნესი ძირითადად თავისი ყველაზე წარმატებული პროდუქტის, საძიებო სისტემის, ირგვლივ შექმნა, სხვა ხელსაწყოთი მისი ჩანაცვლება კრიზისს თავისთავად მოასწავებს. საგულისხმოა, რომ კომპანია რეკლამის განმთავსებლებს თანხას ახდევინებს, რათა მათი პროდუქტები თუ სერვისები ძიების შედეგების გვერდით გამოჩნდეს. ეს პროვაიდერის პოვნის ალბათობასა და თავად საძიებო სისტემის შემოსავალსაც ზრდის.

მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ChatGPT-ს იმავე ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება უშუალოდ ინტერაქციით შეუძლია, ანუ ასეთ დიალოგში სამომავლოდ რეკლამის ჩაშენებაც შეიძლება მოხერხდეს, რაც საძიებო სისტემას დამატებით შეუქმნის საფრთხეს.

განგაში Google-ში — "წითელი კოდი" და სიჩქარისგან დაშვებული შეცდომა

Google-ში შეშფოთებამ OpenAI-ის ჩატბოტის, ChatGPT-ის, გაშვების მომენტიდანვე დაისადგურა და მის განვითარებასთან ერთად მით უფრო მატულობს. კომპანიაში "წითელი კოდი" გამოცხადდა, ამას კი ტექგიგანტის ამჟამინდელი ნაბიჯებიც მოწმობს.

ახლახან Google-მა ნაჩქარევი განცხადება გააკეთა: კომპანია ახალი AI ჩატბოტის, Bard-ის, გამოშვებას აპირებს, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი მომდევნო კვირებში გახდება.

ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ სიახლე 8 თებერვალს სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე წარადგინეს, კომპანიის განაცხადი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნაჩქარევი აღმოჩნდა: სარეკლამო რგოლში ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებიან, თუ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის რომელი ახალი აღმოჩენის შესახებ შეიძლება ვესაუბროთ 9 წლის შვილს, ამაზე კი პროგრამა ორი სწორ პასუხთან ერთად სიცრუესაც გვთავაზობს — Bard ამბობს, რომ ვებმა პირველმა გადაიღო მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტა, როცა ეს, რეალურად, 2004 წელს, ჩილეში განლაგებული VLT ტელესკოპის დახმარებით მოხდა.

მალევე გვეცნობა, რომ დაშვებული შეცდომის გამო Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მა საბაზრო ღირებულების $100 მილიარდი დაკარგა. დემონსტრაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავიგეთ, რომ Bard-ის პერფორმანსით თავად Google-ის თანამშრომლებიც არ არიან კმაყოფილი, ზოგიერთი მათგანი კი 2023 წლიდან მოყოლებული ტექგიგანტში არსებულ სიტუაციას "ნაგავსაყრელში გაჩენილ ცეცხლსაც" კი ადარებს.

უნდა ითქვას, რომ ახლახან TechSurge კონფერენციაზე Alphabet-ის თავმჯდომარემ, ჯონ ჰენესიმაც, აღიარაკომპანიას Bard ბაზარზე იქამდე გამოაქვს, სანამ იგი რეალურად იქნება მზად.

ჰენესი იმასაც ამბობს, რომ OpenAI-მ Google ჩატბოტის გამოშვების კუთხით ნამდვილად დაჯაბნა, ვინაიდან Bard კვლავაც დასახვეწ უკუკავშირს იძლევა. მართალია, ChatGPT-საც არაერთი ხარვეზი აქვს, თუმცა შეცდომები და რისკებზე წასვლა OpenAI-ისათვის მაინც გაცილებით ნაკლებ ზარალთან ასოცირდება, ვიდრე ტექგიგანტი Google-ის შემთხვევაში.

საგულისხმოა, რომ, საკუთარი ჩატბოტის გამოშვების გარდა, Google-მა AI სტარტაპ Anthropic-ში $300-მილიონიანი ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილებაც მიიღო. Anthropic, რომელიც OpenAI-ის მკვლევრებმა დააფუძნეს, კერძოდ, AI ენის მოდელებს იკვლევს და ChatGPT-ის მეტოქე ჩატბოტიც შექმნა, სახელად Claude.

ამ უკანასკნელმა ჯორს მასონის უნივერსიტეტის კანონისა და ეკონომიკის გამოცდა წარმატებით ჩააბარა. Claude საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და Anthropic-ის საქმიანობაც უმეტესად გასაიდუმლოებულია, თუმცა გარკვეული საფუძველი ნამდვილად გვაქვს, რომ იგი OpenAI-ის კონკურენტად მივიჩნიოთ.

Google Cloud კომპანია Anthropic-ის cloud პროვაიდერია — ისევე, როგორც Microsoft-ია OpenAI-ის ექსკლუზიური პროვაიდერი $10 მილიარდიანი ინვესტიციის წყალობით. უწყების თანახმად, Google-ს სტარტაპში ახლა 10%-იანი წილი აქვს, უმეტესად კი მას ფინანსურად და ტექნოლოგიურად უზრუნველყოფს.

Microsoft-ის მიერ OpenAI-ში ჩადებულ $10 მილიარდს თუ შევადარებთ, Google-ის მხრიდან Anthropic-ისათვის გაღებული $300 მილიონი საკმაოდ მწირი ინვესტიციაა, თუმცა, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ეს ხელოვნური ინტელექტის კუთხით Google-ის კიდევ ერთი ნაბიჯია.

Microsoft-ის ნაბიჯები — საძიებო სისტემის ახალი ვერსია

OpenAI-ის პოტენციალის შემჩნევის შემდგომ ხელოვნური ინტელექტის კუთხით Google-ის მეტოქე Microsoft-იც გააქტიურდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იანვრის ბოლოს OpenAI-მ Microsoft-თან პარტნიორობის გაფართოება ოფიციალურად დაადასტურა. უფრო ზუსტად, Microsoft-მა ChatGPT-ის შემქმნელ კომპანიაში $10-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო, შედეგად კი მისი ექსკლუზიური პარტნიორი ხდება. შესაბამისად, ტექნოლოგიური გიგანტისა და განვითარებული AI-ის შექმნაზე აქტიურად მომუშავე ფირმის მრავალწლიანი პარტნიორობა ამიერიდან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი იქნება.

Google-ის ახალი ჩატბოტის, Bard-ის, გამოშვების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე კომპანიამ 7 თებერვალს ოფიციალური ღონისძიება გამართა და საზოგადოებას თავისი საძიებო სისტემის, Bing-ის, ახალი ვერსია წარუდგინა — შეიძლება ითქვას, რომ Microsoft-მა Bing-ში ChatGPT ჩააშენა, საძიებო სისტემის განახლებული ვერსია კი, მათი თქმით, "უფრო მძლავრია, ვიდრე ChatGPT".

ფოტო: Microsoft

ვრცლად: "უფრო მძლავრი, ვიდრე ChatGPT" — Microsoft-მა თავისი საძიებო სისტემის ახალი ვერსია წარადგინა

აღნიშნულ ტექნოლოგიას პრომეთეს მოდელის სახელით ვიცნობთ და Microsoft-მა ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ისთან პარტნიორობით გამოუშვა. როგორც ტექგიგანტის წარმომადგენლებისგან ვიგებთ, Bing-ის ახალ ვერსიაში შიგთავსის გენერირების პროცესი, ძიების შედეგების გადანაწილება და ჩატის ფუნქცია გაუმჯობესდა.

ფოტო: Microsoft Bing

საგულისხმოა ისიც, რომ AI-ის საშუალებით Bing კონკრეტული შინაარსის მეილის დაწერასა და მის სხვა ენაზე გადათარგმნასაც უპრობლემოდ მოახერხებს. საძიებო სისტემის ახალი ვერსია ბრაუზერ Edge-ში ინტეგრირდება, მისი სიმბოლო კი ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება.

განახლებული Bing ამჟამად შეზღუდული საცდელი ვერსიის სახითაა ხელმისაწვდომი დესკტოპზე. მისი გამოყენება მომხმარებლების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს შეუძლია, თუმცა მომდევნო კვირებში იგი უფრო ფართოდ ჩაეშვება.

საგულისხმოა, რომ შეცდომები მხოლოდ Google-ის ჩატბოტს არ დაუშვია: შენიშნეს, რომ Bing დემონსტრაციებში ფინანსური მონაცემების კუთხით არაერთ მცდარ ფაქტს აგენერირებს.

ამას გარდა, ჩატბოტს მეტად მარტივი საკითხებიც ეშლება — Reddit-ის ერთ-ერთ მომხმარებელთან საუბრისას ხელოვნური ინტელექტი იბნევა და ამტკიცებს, რომ ახლა არა 2023, არამედ 2022 წელია. როდესაც ადამიანს არგუმენტად ის მოჰყავს, რომ მისი მობილური 2023 წელს აჩვენებს, ჩატბოტი მას ურჩევს, რომ პარამეტრების სისწორე გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რაიმე ვირუსი ან შეფერხება ხომ არ ურევს თარიღს.

ფოტო: Curious_Evolver/Reddit

Microsoft-მა ამ კონკრეტული შეცდომის შესახებ საქმის კურსშია.

"ველით, რომ, შესაძლოა, მიმოხილვის პერიოდში სისტემამ შეცდომები დაუშვას, უკუკავშირი კი მნიშვნელოვანია, რათა დავაფიქსიროთ, რომ რაღაც კარგად არ მუშაობს და მოდელებს გაუმჯობესებაში დავეხმაროთ", — აცხადებს Microsoft-ის წარმომადგენელი კეიტლინ რულსტონი.

Bing-ის ჩატბოტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სხვა საინტერესო დეტალებიც ვრცელდება: იგი საშინელებათა ისტორიებს იგონებს, მომხმარებელთა "გასლაიტინგს" ეწევა, მარცხს პასიურ-აგრესიული ფორმით აღიარებს და, საერთოდაც, ჯერჯერობით მართლაც საკმაოდ დასახვეწია.

პროგნოზები: ცვლილებების ზღვარზე

Microsoft-ის მხრიდან OpenAI-ის მოდელების ესოდენ სწრაფი კომერციალიზაცია Google-ში შეშფოთებას იწვევს, თუმცა ამჯერად ყურადღება განახლებული Bing-ის ფუნქციურობისკენაა მიპყრობილი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის კუთხით Google-ის დიდი გამოცდილებისა, მომხმარებლებზე ChatGPT-ის მსგავსად შთაბეჭდილება არაფერს მოუხდენია — იმის მიუხედავადაც კი, რომ მოდელი ჯერ საკმარისად დახვეწილი არ არის.

რთული სათქმელია, საერთოდ აპირებდა თუ არა Google საკუთარი ჩატბოტის გამოშვებას, თუმცა აშკარაა — Bard-ის ნაჩქარევად წარდგენა მას OpenAI-ის მიერ შექმნილმა საბაზრო სიტუაციამ აიძულა (და მნიშვნელოვანი ზარალიც აწვნია). ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ Google-ის მსგავსი ტექგიგანტების დღის წესრიგის განსაზღვრა და შეცვლა შედარებით მცირე გამოცდილების მქონე სტარტაპებსა თუ მათ პროდუქტებსაც თავისუფლად შეუძლია.

ორ თვეში ChatGPT-მ ას მილიონ მომხმარებელს მიაღწია და ზრდას კვლავაც განაგრძობს. ვინაიდან აღნიშნულმა ჩატბოტმა მოღვაწეობა სულ ახლახან დაიწყო, ხოლო Google-ს კი უკვე ისედაც საკმაოდ დიდი ბაზა აქვს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამართული მუშაობის შემთხვევაში წარუმატებელი არც Bard იქნება.

მეორე მხრივ, დასაზუსტებელია, ჩაშვების შემდეგ რამდენად იქნება შესაძლებელი Bard-ის გათიშვა და მისით სარგებლობაზე უარის თქმა — ვიცით, რომ Google საძიებო სისტემაში ხელოვნურ ინტელექტს უკვე ისედაც იყენებს და შეჯერებულ პასუხებს გვთავაზობს.

ასეა თუ ისე, ყველაფერი კომპანიების შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რა ელის საძიებო სისტემების კუთხით Google-ის მონოპოლიას და ვინ დაწინაურდება AI შერკინებაში. მეორე მხრივ, თამამად შეიძლება ითქვას: ინფორმაციის მოძიებისას ჩატბოტთან კომუნიკაცია ყველასათვის იმდენად მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ საძიებო სისტემებს ძველი ფორმით, ხელოვნური ინტელექტის გარეშე, ვეღარასოდეს ვიხილავთ.

მომხმარებლის გადმოსახედიდან, ტექნოლოგიური გიგანტების ამგვარი შერკინება მხოლოდ სარგებელს თუ მოგვიტანს — მათი ყოველი ნაბიჯის კვალდაკვალ ახალი, მეტად დახვეწილი და მრავალმხრივი AI პროდუქტების გამოცდის საშუალება მოგვეცემა, ჩვენი სამომხმარებლო გამოცდილება კი მომავლის ტექნოლოგიების ხედვასთან ერთად შეიცვლება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ახალი კვლევა ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ნათელს ჰფენს
  2. დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს — აი, რატომ
  3. არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
  4. ნახეთ მარსის 360°-იანი ხედი — NASA-ს მავალის ახალი კადრები წითელ პლანეტაზე გამოგზაურებთ
  5. აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა, რომელიც ტყვიასავით მკვრივია

გირჩევთ