ჭიის ხვრელები შესაძლოა, სინათლეს შავი ხვრელების მსგავსად ამრუდებდეს
თუ ჭიის ხვრელები, ანუ ჰიპოთეზური დრო-სივრცული გვირაბები მართლაც არსებობს, ისინი შესაძლოა, შორეული ობიექტებიდან მომავალ სინათლეს, იგივე გამოსახულებას, დაახლოებით 100 000-ჯერ ადიდებდეს. ეს მათი პოვნისთვის საჭირო ერთ-ერთი პოტენციური ინდიკატორია.
წარმოიდგინეთ კოსმოსის ორი, ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებული წერტილი, რომელთაც გვირაბის მაგვარი სტრუქტურა აკავშირებს და ასეთ დისტანციებზე "მოკლე გზით" მოგზაურობის საშუალებას იძლევა. შედარებისთვის, დავუშვათ, რომ ფურცლის ზედა მხარეს დასმული წერტილიდან ქვედა მხარეს გვინდა მოხვედრა, ამისთვის საკმარისია, ის გადავკეცოთ და აღნიშნული არეალები დავამთხვიოთ. ჰიპოთეზის თანახმად, სწორედ მსგავს ე.წ. პორტალს ქმნის ჭიის ხვრელები.
მათი არსებობა დადასტურებული არაა, თუმცა ფიზიკოსებმა მრავალი დეკადა დაუთმეს იმაზე მსჯელობას, თუ როგორი შეიძლება იყოს ისინი და რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს. ახალ კვლევაში ავტორებმა ელექტრულად დამუხტული, სფეროსებრი ჭიის ხვრელისა და გარემომცველ კოსმოსზე მისი გავლენის სიმულირებისთვის კომპიუტერული მოდელი შექმნეს. მათ სურდათ გაეგოთ, რამდენად დაფიქსირებადია ეს ობიექტები კოსმოსზე მათი დაკვირვებადი ეფექტების მიხედვით.
მოდელის თანახმად, ჭიის ხვრელები საკმარისად მასიური შეიძლება იყოს იმისთვის, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ერთი ასპექტი დააკმაყოფილოს, კერძოდ, სივრცე გაამრუდოს ისე, რომ სინათლესაც იგივე დაემართოს. შედეგად, ის გამადიდებელი შუშის ფუნქციას შეასრულებს და შორეული, დედამიწის პერსპექტივიდან უხილავი ობიექტების გამოსახულებას ჩვენამდე მოიტანს, რასაც მიკროლინზირება ეწოდება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ჭიის ხვრელები ამ ობიექტებს შავი ხვრელებისგან განსხვავებულად გაადიდებს, რაც მათი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. თუ უკანასკნელ შემთხვევაში მიკროლინზირება ოთხ სარკულ გამოსახულებას წარმოქმნის, მეორე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი სამი იქნება: ორი მკრთალი და ერთი ძალიან კაშკაშა.
იქიდან გამომდინარე, რომ მიკროლინზირების ფენომენი მასიური გალაქტიკებისა და ვარსკვლავებისთვისაცაა დამახასიათებელი, კონკრეტულად ჭიის ხვრელებთან დაკავშირებული ამგვარი მოვლენის მიკვლევა ძნელი იქნება. გამოვლენის მარტივი გზების მისაგნებად დამატებითი კვლევებია საჭირო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Physical Review D გამოქვეყნდა.
კომენტარები