M20-OC-GEL — რას შეიცავს 7 მარტის აქციაზე გაშვებული აეროზოლი და როგორ დავიცვათ თავი მისი ზემოქმედებისგან
ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილი მოქალაქეები რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ.
აქციაზე გამოჩენილი სპეციალური დანიშნულების რაზმი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებს. წყლის ჭავლის გარდა, აქციიდან გავრცელებული ვიზუალების მიხედვით, მომიტინგეების წინააღმდეგ ერთ-ერთ ცრემლსადენ საშუალებად M20-OC-GEL აეროზოლსაც იყენებენ.
რას შეიცავს M20-OC-GEL აეროზოლი
ერთ-ერთი ცრემლსადენი საშუალება, რომელიც 7 მარტის აქციაზე გამოიყენეს, კომპანია NonLethal Technologies-ის მიერ შექმნილი M20-OC-GEL აეროზოლია.
მწარმოებლის ინფორმაციით, იგი M20 სერიის აეროზოლებს მიეკუთვნება, კაპსაიცინოიდებს (OC — Oleoresin Capsicum) შეიცავს. იგი პისტოლეტისებრი სახელურით იტყორცნება ხუთ მეტრამდე მანძილზე; წარმოდგენილია გელის სახით, შესაბამისად, კანსა და სამოსს ეკვრის და გამღიზიანებლის მოქმედება შეიძლება გაახანგრძლივოს.
წიწაკის აეროზოლის აქტიური ინგრედიენტი წიწაკის ზეთოვანი ექსტრაქტია, იგივე OC (Oleoresin Capsicum). იგი კაპსაიცინოიდების ნარევია — OC-ის 80-90% კაპსაიცინისა და დიჰიდროკაპსაიცინისაგან შედგება.
კაპსაიცინოიდები ნაერთთა ჯგუფია, რომელიც ცხარე წიწაკაში შემავალ ნივთიერებებს აერთიანებს. მათ წიწაკის აეროზოლებსა თუ სხვა ქიმიურ გამღიზიანებლებში იყენებენ. ისინი სხეულში კონკრეტულ რეცეპტორებს, TRPV1-ებს, უკავშირდება, რომლებიც სიცხისა და ტკივილის დაფიქსირებაზე აგებს პასუხს. შესაბამისად, მათი გააქტიურების შემდეგ დაზიანებულ ადგილას ძლიერი წვა და ტკივილი წარმოიქმნება.
OC-ის მოხვედრა ლორწოვან გარსებსა და ზედა სასუნთქ სისტემას აღიზიანებს. შედეგად იწვევს ძლიერ ცრემლიანობას, წვის შეგრძნებას, მხედველობის დროებით დაკარგვას, ხველასა და სუნთქვის გაძნელებას. როგორც წესი, მისი ზემოქმედება სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათში ქრება.
როგორ მოვიქცეთ, თუ წიწაკის აეროზოლი გამოიყენეს?
წიწაკის აეროზოლისათვის ეფექტიანი ანტიდოტი არ არსებობს, თუმცა მისი მოხვედრის შემთხვევაში რამდენიმე ზომის მიღება მაინც შეგვიძლია:
- ცრემლი მოიდინეთ, რათა ნივთიერება მალე ჩამოირეცხოს.
- კაპსაიცინი ცხიმებში იხსნება, ამიტომ შეგიძლიათ, კანიდან მის მოსაცილებლად რძე ან არაზეთოვანი საპონი გამოიყენოთ, თუნდაც მსუბუქი ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
- თვალები წყლით/მარილის წყალხსნარით მოიბანეთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.
- არ მოისრისოთ თვალები — შესაძლოა, ამან გაღიზიანება გაამძაფროს.
- წვის ოდნავ შესამსუბუქებლად რამე დაინიავეთ.
ცრემლსადენი აირის ანდა წიწაკის აეროზოლის გაშვებისას ზოგადი რეკომენდაციები შემდეგნაირია:
- ეცადეთ, სუნთქვა შეიკავოთ გაზის გავრცელების ადგილს მოშორდეთ — უმჯობესია, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ანდა შემაღლებული ადგილისკენ იმოძრაოთ. აირი ქარის მეშვეობით ვრცელდება, ამიტომ მისი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისას ცრემლსადენი აირის ნაწილაკები თქვენკენ ნაკლებად წამოვა. ამასთანავე, აღნიშნული ნაწილაკები ჰაერისაზე მძიმეა, ამიტომ ისინი, ჩვეულებრივ, მიწასთან ახლოს გროვდება.
- სახე დაიცავით — თან იქონიეთ ნიღაბი, დამცავი სათვალე ან აირწინაღი. შეიძლება გამოდგეს სახის ფარიც. ფილტრიანი აირწინაღი ცრემლსადენი გაზის ნაწილაკებისგან თავდასაცავად ყველაზე ეფექტიანია. დარწმუნდით, რომ ნებისმიერი ეს საშუალება სახეზე კარგად გერგებათ.
- დაიფარეთ კანი — ცრემლსადენი გაზის მოხვედრამ კანის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. უმჯობესია, გრძელმკლავიანი ზედა და შარვალი ჩაიცვათ, ასევე ხელთათმანები და ყელიანი ფეხსაცმელი. უმჯობესია ქუდით ან სხვა საშუალებებით დაიფაროთ თმა და სკალპიც.
- თან იქონიეთ წყალი ან მარილის ხსნარი — იმ შემთხვევაში, თუკი გარშემო ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, თვალების, ცხვირისა და პირის გამოსარეცხად წყალი ან მარილის ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუკი ხსნარი არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ თითო ლიტრზე ორი ჩაის კოვზი მარილის გარევით თავად დაამზადოთ იგი. აღსანიშნავია, რომ ამ დროს წყალზე უკეთ მარილის ხსნარი დაგვეხმარება. იგი სიწითლისა თუ შესივების შესამსუბუქებლადაც გამოდგება.
- საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დახმარებას — თუკი სუნთქვა ძალიან გიჭირთ, მკერდის არეში ტკივილს გრძნობთ და თვალებიც ძალიან გაგიღიზიანდათ, უმჯობესია, ადგილზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მიმართოთ.
კომენტარები