საუკუნეების განმავლობაში ქალებს, რომლებიც შემოქმედებით ცხოვრებას ირჩევდნენ, არაერთი დაბრკოლება ხვდებოდათ წინ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მკითხველთა ნაწილი ქალების შექმნილ ლიტერატურას არასერიოზულადაც კი უყურებდა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან ადვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ქალმა ავტორებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ ლიტერატურული პროცესების განვითარებაში, ეპოქალურ მსოფლიო მოვლენებშიც კი.

მარტი კი ალბათ ის თვეა, როცა ლიტერატურაში ქალების როლს განსაკუთრებულად უნდა გაესვას ხაზი. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ მწერალ ქალს, რომელთა წიგნებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია.

1. ასტრიდ ლინდგრენი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩამონათვალს ჩვენი საყვარელი "ბებია ასტრიდით" ვიწყებთ. შვედი მწერალი განსაკუთრებულ წარდგენას ალბათ არც საჭიროებს — ბევრი ჩვენგანი ხომ მის გმირებთან ერთად გავიზარდეთ და ვიცოდით, ეს ამბები სადღაც, შორეულ შვედეთში, ერთი კეთილი ქალის გონებაში იხარშებოდა.

სახურავის ბინადარი კარლსონი, პეპი გრძელწინდა, ლენბერგელი ემილი, კალე ბლუმკვისტი და ვინ აღარ — შეუძლებელია, ბავშვობაში რომელი მათგანს მაინც არ გადაეყარო. სწორედ ამიტომ, ლინდგრენი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საბავშვო მწერლად — მსოფლიოში მისი წიგნების 170 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული.

ნახეთ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები ქართულად

2. ჯოან როულინგი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

კვლავაც საბავშვო მწერლით უნდა გავაგრძელოთ — მართალია, როულინგმა ჯადოქრების გარდა სხვა ბევრ რამეზეც დაწერა და არც პოტერიადაა მთლად საბავშვო ნაწარმოები, თუმცა, მკითხველების უმეტესობა ჰოგვორტსში სულ მთლად პატარები გავემგზავრეთ.

ჰარი პოტერის წიგნების სერიას არაერთი რეკორდი აქვს მოხსნილი; დღესდღეობით ის მსოფლიოში 500 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული — თვალსაჩინოებისთვის, ყველა გაყიდული ეგზემპლარი რომ ეკვატორზე დააწყოთ, ისინი პლანეტას 16-ჯერ შემოუვლიან გარშემო. პოტერიადა თარგმნილია 87, მათ შორის ორ მკვდარ ენაზეც — ლათინურსა და ძველბერძნულზე. საგის მიხედვით გადაღებული ფილმების სერია კი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფრენჩაიზია, რომლის შემოსავალმა ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.

ნახეთ ჯოან როულინგის წიგნები ქართულად

3. ენიდ ბლაიტონი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ბლაიტონი კიდევ ერთი ძალიან პოპულარული ინგლისელი საბავშვო მწერალია. ცნობილი ხუთეულის, საიდუმლო შვიდეულის და მელორი ტაუერსის ამბებს ბავშვები დღეს უკვე 90-მდე ენაზე ეცნობიან. ამასთან, ბლაიტონი, რომელიც ძალიან ნაყოფიერი მწერალიც გახლდათ, მისი გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას. მსოფლიოში ავტორის წიგნების 600 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს გასაკვირი არცაა, ხიფათიანი თავგადასავლები და დაძაბული ამბები ხომ დღესაც ისევე იზიდავს პატარა მკითხველებს, როგორც წინათ.

ნახეთ ენიდ ბლაიტონის წიგნები ქართულად

4. რ.ჯ. პალაციო

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

პალაციომ თავისი პროფესიული ცხოვრება ილუსტრატორობით დაიწყო — ყდის დიზაინებს ქმნიდა ისეთი ცნობილი მწერლებისთვის, როგორიც პოლ ოსტერია. ამ დროს მხოლოდ ღამით თუ ახერხებდა წერას და თავისი ისტორიების გაცოცხლებას. ავტორმა 1990-იანი წლების მიწურულიდან არაერთი რომანი გამოსცა, თუმცა, ყველაზე პოპულარული 2012 წელს გამოქვეყნებული საოცრება გახდა.

10 წლის ავგუსტ პულმანზე და სკოლაში მის არცთუ სასიამოვნო გამოცდილებაზე შექმნილმა ამბავმა მსოფლიოში უამრავი ბავშვის, მშობლის და მასწავლებლის გული მოიგო. წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას არაერთი გაგრძელებაც მოჰყვა, რომანის მიხედვით კი ფილმი გადაიღეს, სადაც ჯულია რობერტსი მონაწილეობს. გამოცემიდან 10 წელზე მეტი ხნის შემდეგაც, საოცრება The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოწინავე ადგილებს არ ტოვებს.

ნახეთ რ.ჯ. პალაციოს წიგნები ქართულად

5. მარჯან სატრაპი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მგონი, დრო მოვიდა, გრაფიკულ რომანებზე ვისაუბროთ. პერსეპოლისი კი უთუოდ გექნებათ გაგონილი — ბოლოს და ბოლოს, თავის დროზე პირველი გრაფიკული რომანი იყო, რომელიც ქართულად ითარგმნა. წარმოშობით ირანელი ფრანგი მწერლისა და ილუსტრატორის ეს წიგნი ავტორისეულ გამოცდილებებს ეფუძნება და ისლამისტურ ირანსა და ევროპაში ერთი გოგოს რთულ და გამოწვევებით სავსე ცხოვრებაზე ჰყვება.

ფრანგულ ენაზე შექმნილი პერსეპოლისი დღეს ათობით ენაზეა თარგმნილი და 2 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. გრაფიკული რომანის მიხედვით ანიმაციური ფილმი გადაიღეს, რომელიც ოსკარზეც კი იყო წარდგენილი.

ნახეთ მარჯან სატრაპის პერსეპოლისი ქართულად

6. არუნდატი როი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

აღმოსავლეთში დავრჩეთ და ამჯერად არუნდატი როის გაგაცნობთ — თუმცა, ამ სახელგანთქმულ ინდოელ ავტორს შეიძლება უკვე კარგა ხანია, იცნობთ. როიმ კარიერა კინოინდუსტრიაში დაიწყო, მაგრამ ამბობს, გუნდური მოთამაშე არ ვარ და მარტო მუშაობა მირჩევნიაო. ჰოდა, ერთ დღესაც გადაწყვიტა, სცენარის ნაცვლად წიგნი დაეწერა.

მისი სადებიუტო რომანი, წვრილმანების ღმერთი, 1997 წელს გამოიცა და მკითხველთა ფართო წრეები და კრიტიკოსები ერთბაშად აღაფრთოვანა. წიგნმა, რომელშიც გამომცემლებმა როის უპრეცედენტოდ მაღალი ჰონორარი წინასწარ გადაუხადეს, ბუკერის პრემიაც დაიმსახურა და არაერთ ენაზე ითარგმნა. ავტორმა კი მაშინ თქვა, მხატვრულს მეტს აღარაფერს დავწერო, თუმცა, 20 წლის შემდეგ ახალი რომანი, უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო გამოსცა, რომელიც 50-მდე ენაზე ითარგმნა.

ნახეთ არუნდატი როის წიგნები ქართულად

7. სალი რუნი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

"პირველ შესანიშნავ მილენიალ ავტორად" მონათლული სალი რუნი ახალგაზრდა ირლანდიელი ავტორია, რომლის წიგნებიც დღეს უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობენ. რუნის სამივე რომანი — საუბრები მეგობრებთან, ჩვეულებრივი ადამიანები და მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ — თანამედროვე ურთიერთობებზე სადად და შეულამაზებლად ჰყვება. სწორედ ასეთი სტილით დაიმკვიდრა თავი რუნიმ ლიტერატურულ სამყაროში.

მწერალმა სადებიუტო რომანი (საუბრები მეგობრებთან), ჯერ კიდევ მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში დაწერა, თანაც, სულ რაღაც სამ თვეში. თუმცა, რუნისთვის ბევრად წარმატებული აღმოჩნდა მეორე რომანი, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლის მიხედვითაც Emmy-ის ნომინანტი მინისერიალი გადაიღეს. მოგვიანებით, BBC-მ საუბრები მეგობრებთანაც აქცია სერიალად. წარმატებული აღმოჩნდა რუნის მესამე წიგნიც, რომელიც 2021 წელს გამოიცა.

ნახეთ სალი რუნის წიგნები ქართულად

8. თამთა მელაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

და, აი, დრო მოვიდა, ქართველ მწერალ ქალებზეც ვისაუბროთ. თამთა მელაშვილი კი დღეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული ავტორია. წარმატებული აღმოჩნდა მისი პირველივე გამოქვეყნებული მოთხრობა, რომელიც წლის საუკეთესო ტექსტების ანთოლოგიაშიც დაიბეჭდა. თუმცა, ავტორის კარიერაში გარდამტეხი მომენტი პირველი რომანის გამოცემა იყო — 2010 წელს გამოქვეყნებული გათვლა არაერთი პრემიის, მათ შორის, საბას ლაურეატი გახდა.

თამთამ მოგვიანებით კიდევ ორი რომანი გამოსცა — აღმოსავლეთით და შაშვი შაშვი მაყვალი. ამ უკანასკნელმა ავტორს რიგით მეორე საბაც მოუტანა და მკითხველები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რამდენად გამორჩეული ხმაა თამთა მელაშვილი ქართულ ლიტერატურაში.

ნახეთ თამთა მელაშვილის წიგნები

9. ზაირა არსენიშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ზაირა არსენიშვილი უკვე თანამედროვე კლასიკოსია. არსენიშვილს, როგორც გამორჩეულ სცენარისტს, საქართველოში კარგად იცნობდნენ, თუმცა, მისი ლიტერატურული შემოქმედება წლების განმავლობაში მკითხველთა ფართო წრისათვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ამდენად, ბევრი ჩვენგანისთვის აღმოჩენა იყო, როცა სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ვა, სოფელო წავიკითხეთ.

თელავში დაბადებული ზაირა არსენიშვილი დიდწილად სწორედ ამ ქალაქზე წერდა და რეგიონში საბჭოეთის ადრეული წლების მემატიანედაც იქცა. რამდენიმე მოთხრობისა და საბავშვო ნაწარმოების გარდა, არსენიშვილს ასევე დაწერილი აქვს რომანები კოლაჟი მთვარის შუქზე და რეკვიემი.

ნახეთ ზაირა არსენიშვილის წიგნები

10. ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

შეუძლებელია, გამორჩეულ ქართველ ქალ მწერლებზე ისაუბრო და ანა კორძაია-სამადაშვილის სახელი არ ახსენო. მართალია, ანამ სადებიუტო წიგნი ფსევდონიმით გამოსცა, მაგრამ აღიარებას მაინც "ვერ დაემალა" — მოთხრობების კრებულმა ბერიკაობამ საბას არსებობის პირველივე წელს მოიპოვა პრემია. ამას მოჰყვა რომანი შუშანიკის შვილები, მოგვიანებით — ვინ მოკლა ჩაიკაც, რომელმაც ილიაუნის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. თუმცა, ავტორის ალბათ ყველაზე პოპულარული ტექსტი მისი ამ დროისთვის ბოლო რომანი, ზინკა ადამიანია. რიგითი ადამიანების, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ცხოვრებაზე წერით, ანა კორძაია სამადაშვილი ნამდვილად იქცა ქართველი მკითხველის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ავტორად.

გარდა წერისა, ანა თარგმნის კიდეც გერმანულიდან. მან გადმოაქართულა ისეთი ცნობილი ავტორების წიგნები, როგორებიც არიან ერიხ მარია რემარკი, ჰერტა მიულერი და ინგებორგ ბახმანი.

ნახეთ ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნები


ლიტერატურაში ქალების როლის აღსანიშნავად, სულაკაურის გამომცემლობა ქალი ავტორების წიგნებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას გთავაზობთ. ფასდაკლებით ისარგებლებთ, როგორც გამომცემლობის ვებგვერდზე, ასევე წიგნის მაღაზიებში.