ასტრონომებმა გალაქტიკიდან გატყორცნილი, 20 მილიონი მზის მასის მქონე შავი ხვრელი დააფიქსირეს
მეცნიერთა გუნდმა დააფიქსირა ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც მშობლიური გალაქტიკიდან მძლავრად გაიტყორცნა და თან გარემომცველი მატერიის ნაწილიც გაიყოლა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა, რომელსაც ასტრონომები დააკვირდნენ.
ეს გალაქტიკა RCP 28-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან 7.5 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. იქ არსებული შავი ხვრელის კაშკაშა კვალი პირველად ჰაბლის მონაცემებში აღმოაჩინეს და ინფორმაცია კეკის ტელესკოპის მეშვეობით გადაამოწმეს.
შედეგად, დადგინდა, რომ დაფიქსირებული სტრუქტურა 200 000 სინათლის წელზე დიდ მანძილზეა გადაჭიმული, ანუ ირმის ნახტომზე თითქმის ორჯერ განიერია და ვარსკვლავების წარმომქმნელი კომპრესირებული აირისგან შედგება. ის სპეციალისტებმა გალაქტიკის ცენტრთან დააკავშირეს, სადაც ზემასიური შავი ხვრელი უნდა ყოფილიყო განლაგებული.
გამოთვლების თანახმად, მისი მასა მზისას დაახლოებით 20 მილიონჯერ აღემატება და ის გალაქტიკიდან ღია კოსმოსში 5.6 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მიემართება. იმაში დასარწმუნებლად, რომ შავი ხვრელის მიერ დატოვებული აირის სტრუქტურა სხვა ფენომენით არაა გამოწვეული, ავტორებმა სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ ეს სწორედ გალაქტიკიდან გატყორცნილი ობიექტის კვალია.
"დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი მკაფიო დასტური იმისა, რომ ზემასიურმა შავმა ხვრელმა, შესაძლოა, გალაქტიკა დატოვოს", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები