მეცნიერებმა ხილის წვენების ინგრედიენტის მოხმარება გულის დაავადებების რისკთან დააკავშირეს
დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მეცნიერებმა თავისუფალი შაქრების ჭარბ მოხმარებასა და გულის დაავადებების ჩამოყალიბების გაზრდილ რიკს შორი კავშირი გამოავლინეს.
ასეთ შაქრად მიიჩნევა ნებისმიერი დანამატი დამატკბობელი და თაფლსა თუ ხილში ბუნებრივად არსებული მსგავსი კომპონენტი, რომელიც უჯრედიდანაა გამოთავისუფლებული. სწორედ ეს ხდება ხილის წვენის დამზადებისას და ბოჭკოების კონცენტრაციაც მცირდება.
საკვები ნახშირწყლებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ურთიერთკავშირის შესასწავლად სპეციალისტებმა 110 497 ადამიანის მონაცემი გამოიკვლიეს, რომელიც 9 წელზე ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა. მათ დაადგინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა ზოგადი პრობლემები, გულის დაავადებები და ინსულტი 4 188, 3 138 და 1 124 ინდივიდს განუვითარდა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ მიღებული ნახშირწყლების მთლიანი რაოდენობა ზემოხსენებულ გართულებებთან პირდაპირ არ ასოცირდება. ამ ნაერთების ტიპებისა და მათი შემცველი საკვების გაანალიზების გზით გაირკვა, რომ რაც უფრო მეტია მოხმარებული თავისუფალი შაქრების რაოდენობა, მით უფრო იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკიც. საუბარია ტკბილეულზე, დამტკბარ სასმელზე, ხილის წვენებზე და ა.შ.
კვლევის შედეგების თანახმად, სრული ენერგეტიკული საჭიროების ზღვარს მიღმა ყოველი 5%-ით ზედმეტი თავისუფალი შაქრის მიღება გულ-სისხლძარღვთა პრობლემების 7%-ით გაზრდილ რისკს ნიშნავს. კონკრეტულად გულის დაავადებების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 6%-ია, ინსულტის შემთხვევაში კი — 10%. რაც შეეხება ბოჭკოებს, მათი 5%-ით ზედმეტად მიღება რისკს, პირიქით, 4-%-ით ამცირებს
ავტორები გვირჩევენ, რომ თავისუფალი შაქრები ჩვეულებრივით ჩავანაცვლოთ, რომელიც გადაუმუშავებელ ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ასევე, მივიღოთ დიდი რაოდენობით ბოჭკო. ბრიტანეთის კარდიოლოგიური ორგანიზაციის მიხედვით, 11 წელზე მეტი ასაკის ინდივიდებმა 30 გრამზე მეტი თავისუფალი შაქარი არ უნდა მიიღონ. შედარებისთვის, შოკოლადის სტანდარტული ფილა მის 25 გრამს შეიცავს, 150 მილილიტრი ხილის წვენი 12 გრამს, ხოლო 330 მილილიტრი კოლა — 35 გრამს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში BMC Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები