Google-ის დასასრული? — Gmail-ის შემქმნელის თქმით, ChatGPT საძიებო სისტემას 2 წელიწადში გაანადგურებს
ChatGPT-ის პოპულარობამ ბევრის ყურადღება მიიქცია. ჩეთბოტის განვითარების პარალელურად, ექსპერტების ნაწილი Google-ის საძიებო სისტემის გადარჩენასაც აყენებს ეჭვქვეშ.
ახლა კი, Gmail-ის დამფუძნებელმა, პოლ ბუხეიტმა გამოთქვა აზრი, რომ Google-ის ბიზნესს მაქსიმუმ ორი წელი დარჩა. და ეს მანამ, სანამ ChatGPT მას არ გაანადგურებს. ბუხეიტმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.
გასული წლის ნოემბერში გაშვებული ChatGPT გახდა საყვარელი ჩეთბოტი მილიონობით მომხმარებლისთვის. ისინი მას კითხვების უსვამენ და საინტერესო პასუხებსაც იღებენ. სწორედ ეს სისტემა უქმნის საფრთხეს Google-ს. ერთი სიტყვით, საძიებო სისტემაში ინფორმაციის ძიების მაგივრად, შეგიძლიათ ჩეთბოტს უფრო კონკრეტული შეკითხვა დაუსვათ და პასუხიც ასე მიიღოთ.
შემდეგი პოდკასტი: ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი
Google-ის აღსასრული?
Google-მა ბიზნესი ძირითადად თავისი ყველაზე წარმატებული პროდუქტის ირგვლივ შექმნა. ახლა კი საძიებო სისტემა შესაძლოა, მალე კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. როგორც პოლ ბუხეიტმა თავის ტვიტში დააკონკრეტა, ტექნოლოგია, როგორიცაა ChatGPT საძიებო სისტემების საჭიროებას აღმოფხვრის.
Google რეკლამის განმთავსებლებს მათი პროდუქტებისა და სერვისების ძიების შედეგების გვერდით ჩვენებაში ფულს ახდევინებს. ეს ზრდის პროვაიდერის პოვნის ალბათობას და ზრდის თავად საძიებო სისტემის შემოსავალს. მაგალითისთვის, 2021 წელს კომპანიამ 250 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის 25 წლის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო.
თუმცა, ChatGPT-ს იგივე ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება უშუალოდ ინტერაქციით შეუძლია. ასეთ დიალოგში შეიძლება ჩაშენდეს რეკლამაც, რაც საძიებო სისტემას აშკარად საფრთხეს უქმნის.
რას ფიქრობს ChatGPT?
იმის გამო, რომ ChatGPT სწრაფად ვითარდება, ყველაფერი შეიძლება მალე შეიცვალოს. პოეზიის წერიდან, კოდების შექმნამდე და თუნდაც MBA გამოცდების ჩაბარებით უორტონის ბიზნესის სკოლაში, ჩეთბოტმა ბიზნესის ყურადღება მიიქცია. ახლა მას დამატებით ფინანსური მხარდაჭერა Microsoft-ისგან აქვს.
თუმცა, თავად ChatGPT არ ფიქრობს, რომ ის გავლენას იქონიებს Google-ის საძიებო ბიზნესზე.
როდესაც ჩეთბოტს ჰკითხეს რას ფიქრობდა ამაზე, მან უპასუხა, რომ "არა, ChatGPT საძიებო სისტემების განადგურებისთვის არ შექმნილა."
თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ChatGPT-ის პასუხები ეფუძნება მონაცემებს, რომელსაც მას ინჟინრები აწვდიან. შესაბამისად, შესაძლოა, ჩეთბოტი სპეციალურად დააპროგრამეს მსგავსი პასუხისთვის, რათა ზედმეტად ნარცისულად და თავდაჯერებულად არ გამოჩენილიყო.
საბოლოოდ, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება საჭირო სანამ რეალურ შედეგებს არ ვიხილავთ. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები