Google-ს AI-ისთვის ვების ტელესკოპის შესახებ დასმული კითხვა $100 მილიარდი დაუჯდა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი 2021 წლის დეკემბერში გაუშვეს, ხოლო მან ფუნქციონირება 2022 წლის ივლისში დაიწყო, მას შემდეგ მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ შორეული გალაქტიკებისა თუ ვარსკვლავების არაერთი შთამბეჭდავი და უპრეცედენტოდ დეტალური სურათი გადაიღო, რითაც სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპი დაგვანახა.
ცოტა ხნის წინ მისი სახელი Google-ის ღონისძიებაზეც გაჟღერდა, სადაც კომპანიამ თავისი AI ჩატბოტი Bard წარადგინა. ხელოვნურ ინტელექტს დაუსვეს კითხვა, თუ ვების რომელი ახალი აღმოჩენის შესახებ შეიძლება ვესაუბროთ 9 წლის შვილს, რაზეც პროგრამამ გალაქტიკების შესახებ ორი სწორი პასუხი შემოგვთავაზა, მესამე კი მცდარი აღმოჩნდა. კერძოდ ის, რომ ვებმა პირველმა გადაიღო ჩვენი მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტა.
სინამდვილეში, ეს დაახლოებით 2 დეკადით ადრე მოხდა, 2004 წელს, როცა ჩილეში განლაგებულმა ძალიან დიდმა ტელესკოპმა (VLT) ციური სხეული, სახელად 2M1207b აღბეჭდა. ის 230 სინათლის წლის მოშორებით, ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს და პირველი მსგავსი ობიექტია, რომლის პირდაპირი გამოსახულებაც მოვიპოვეთ.
რაც შეეხება ჯეიმს ვების ტელესკოპს, მის მიერ დაფიქსირებული ეგზოპლანეტის ფოტო სექტემბერში გასაჯაროვდა. ობსერვატორიის ობიექტივში HIP 65426 b მოხვდა, რომელიც იუპიტერზე 6-12-ჯერ მასიურია, მისი ასაკი კი სულ რაღაც 15-დან 20 მილიონ წლამდეა. აღსანიშნავია, რომ ეგზოპლანეტების გადაღება მარტივი არაა, რადგან მათ მნათობების სიკაშკაშე ფარავს, თანაც ზოგიერთი ზედმეტად მცირე ზომისაა.
ასეა თუ ისე, Google-ის მშობელმა კომპანიამ Alphabet ამ "ინციდენტის" შემდეგ საბაზრო ღირებულების 100 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, რამაც ის კონკურენტი ჩატბოტის შემქმნელის, OpenAI-ის წინააღმდეგ უკან დახია. უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელის მხარდამჭერი Microsoft-ია, რომელმაც ახლახან საძიებო სისტემა Bing-ის ახალი ვერსია სწორედ OpenAI-სთან თანამშრომლობით გამოუშვა.
ხსენებულ კომპანიას ეკუთვნის დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ჩეტბოტი ChatGPT, რომელსაც მრავალი მიზნით იყენებენ, მაგალითად, ესეების ან სამოტივაციო წერილის დასაწერად. ამის მიუხედავად, ეს ხელოვნური ინტელექტიც არაა უშეცდომო, თუმცა მისი მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
კომენტარები