"უფრო მძლავრი, ვიდრე ChatGPT" — Microsoft-მა თავისი საძიებო სისტემის ახალი ვერსია წარადგინა
ახლახან გამართულ ღონისძიებაზე კომპანია Microsoft-მა საზოგადოებას თავისი საძიებო სისტემის, Bing-ის ახალი ვერსია წარუდგინა, რომელიც, მისი განცხადებით, "უფრო მძლავრია, ვიდრე ChatGPT".
საძიებო ტექნოლოგია, რომელიც კომპანიამ მომხმარებელს გააცნო, პრომეთეს მოდელის სახელითაა ცნობილი. ის ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ისა და Microsoft-ის ერთობლივი პროდუქტია. Bing-ში გაუმჯობესებულია შიგთავსის გენერირების პროცესი, ძიების შედეგების გადანაწილება და ჩეთის ფუნქცია.
მედიის ცნობით, ხელოვნური ინტელექტი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ Bing--ს კონკრეტული შინაარსის მეილის დაწერა და მისი სხვა ენაზე გადათარგმნა ვთხოვოთ, რასაც ის უპრობლემოდ შეასრულებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საძიებო სისტემის ახალი ვერსია ბრაუზერ Edge-ში ინტეგრირდება და მისი სიმბოლო ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება.
განახლებული Bing ამჟამად დესკტოპისთვის შეზღუდული საცდელი ვერსიის სახითაა ხელმისაწვდომი, ხოლო მომდევნო კვირებში მის გამოყენებას უფრო მეტი ადამიანი შეძლებს.
უნდა ითქვას, რომ OpenAI-ის პროდუქტმა ChatGPT-იმ ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და ამჟამად ჩვენს ხელთ არსებულ სხვა მსგავს ჩეთბოტებს ბევრად გადაუსწრო. მას მომხმარებლები სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ, მაგალითად, სამსახურისთვის რეზიუმეს ან სამოტივაციო წერილის შესადგენად, ესეების დასაწერად, გამოცდების ჩასაბარებლად, მავნე პროგრამების შესაქმნელად და ა.შ.
ასეთი პოპულარობის გამო ChatGPT ბევრი კომპანიისთვის მთავარ კონკურენტად იქცა. მათ შორისაა Google, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩეთბოტ Bard-ის გამოშვება დააანონსა. ფაქტობრივად, ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური გიგანტების უმთავრესი მიმართულება ხდება და ის ძალიან სწრაფად ვითარდება.
კომენტარები