Google-მა AI სტარტაპ Anthropic-ში $300 მილიონი ოდენობის ინვესტიცია ჩადო
კომპანია OpenAI-ის მიერ ყველასათვის ცნობილი ჩატბოტის, ChatGPT-ის, გაშვების შემდეგ საზოგადოებაში აქტიურად ისმის კითხვა: ჩაანაცვლებს თუ არა იგი Google-ის საძიებო სისტემას?
როგორც ჩანს, ამის გამო შეშფოთებამ თავად Google-იც მოიცვა. ახლახან კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს, სახელად Bard-ს, გამოუშვებს. ამასთან ერთად, The Financial Times-ის ცნობით, ტექგიგანტი AI სტარტაპ Anthropic-ში 300 მილიონ დოლარიან ინვესტიციასაც ჩადებს.
უწყების თანახმად, Google-ს სტარტაპში ახლა 10%-იანი წილი აქვს, უმეტესად კი მას ფინანსურად და ტექნოლოგიურად უზრუნველყოფს. Microsoft-ის მიერ OpenAI-ში ჩადებულ $10 მილიარდს თუ შევადარებთ, Google-ის მხრიდან Anthropic-ში ჩადებული $300 მილიონი საკმაოდ მწირია, თუმცა, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ამგვარი ქმედება მნიშვნელოვანია.
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ასპარეზზე სახელი უკვე ფართოდ გაითქვა, მის მიერ შექმნილმა ჩატბოტმა კი სულ რაღაც 40 დღეში 10 მილიონი ყოველდღიურ მომხმარებელს მიაღწია.
მისგან განსხვავებით, Anthropic-ის პროდუქტები უმეტესად გასაიდუმლოებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ მისმა ჩატბოტმა, სახელად Claude, ჯორს მასონის უნივერსიტეტის კანონისა და ეკონომიკის გამოცდა წარმატებით ჩააბარა. შესაბამისად, გარკვეული საფუძველი ნამდვილად გვაქვს, რომ იგი OpenAI-ის კონკურენტად მივიჩნიოთ.
აშკარაა, რომ Google თავისი ქმედებებით ცდილობს, მოვლენებს არ ჩამორჩეს. საბრძოლო ასპარეზზე პოზიციებს არც Microsoft თმობს, რომელმაც ახლახან ChatGPT თავის საძიებო სისტემა Bing-ში ჩააშენა.
იხილეთ: "უფრო მძლავრი, ვიდრე ChatGPT" — Microsoft-მა თავისი საძიებო სისტემის ახალი ვერსია წარადგინა
ახლა უკვე Google-ის ინტერესებში შედის, რომ ხელოვნური ინტელექტის კუთხით გაააქტიუროს მუშაობა, სანამ მეტოქე პროდუქტების მიერ საბოლოოდ დაიჩრდილება. ამისათვის ერთ-ერთი გზა სწორედ AI წამოწყებებში ინვესტიციის ჩადებაა.
ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ტექგიგანტებს შორის ბრძოლის კვალდაკვალ სამომავლოდ ბევრ ახალ თუ გაუმჯობესებულ პროდუქტს ვიხილავთ.
კომენტარები