რამზან კადიროვი: სად იყო ევროპა, როცა ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით?
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ჩეჩნეთი "დამოუკიდებლობას იმსახურებს", ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი გამოეხმაურა. ის მიიჩნევს, რომ ევროპა 1999-იან წლებში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ჩეჩნეთს არ დაეხმარა.
კვირას, ტელეგრამის არხზე განთავსებულ ვიდეოში კადიროვი ამტკიცებდა, რომ ის "მხურვალე იჩქერიელია".
"თქვენ არ მოგვეცით საშუალება, სახელმწიფო აგვეშენებინა", — თქვა მან.
კადიროვი მამამისთან, ახმატ კადიროვთან ერთად, ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკიდან რუსეთში მეორე ჩეჩნეთის ომის დროს გადავიდა.
კადიროვმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის "შიზოფრენიკი" უწოდა მისი განცხადებების გამო.
"იგი ამბობს, რომ აუცილებელია იჩქერიას მხარდაჭერა. კითხვა მაქვს: სად იყავით, როცა იჩქერიასთვის ვიბრძოდით? როდესაც დამოუკიდებლობის ინტერესებს ვიცავდით? რატომ არ დაგვიჭირეს მხარი ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის უკრაინამ? და დღეს უცებ გადაწყვიტეთ მხარი დაუჭიროთ არარსებულ სახელმწიფოს?" — იკითხა მან.
კადიროვი აგრძელებდა თავისი პოზიციის დაცვას, რომ ჩეჩნეთის ადგილი რუსეთის ფედერაციაშია.
"დღეს, როგორც არ უნდა გვინდოდეს ცალკე სახელმწიფო, ჩვენ ვერ ვიარსებებთ [როგორც ცალკე სახელმწიფო], რადგან მილიონ ნახევარ ადამიანს სჭირდება კვება, ჩაცმა, ფეხსაცმელი, განათლება. საჭიროა სოციალური საკითხების მოგვარება".
"ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ამიტომ, ყველა გაგებით, ყველა მიმართულებით, ჩვენმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. და ყოველწლიურად, ყოველდღე, ჩვენ ვრწმუნდებით ამაში".
პოლონეთის პრემიერმა ამ თემაზე პარასკევს, საფრანგეთის LCI TV-ს ეთერში ისაუბრა.
ინტერვიუში მორავიეცკი მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაციის დაშლას, მათ შორის დამოუკიდებელი ჩეჩნეთის სახელმწიფოს.
"არსებობს რუსეთის ნაწილები, რომლებიც სხვა ერებისთვის ციხეა. რუსეთის ეს ნაწილები უნდა განთავისუფლდეს, მაგალითად, ჩეჩნეთი", — თქვა მან. "ისინი ამისთვის იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში".
"მე მჯერა, რომ ეს ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას", — დასძინა მან.
ჩეჩნეთის პირველი ომი, 1994–1996 წლებში, იჩქერიის ახლად გამოცხადებულ ჩეჩნურ რესპუბლიკასა და რუსეთის არმიას შორის მიმდინარეობდა და იჩქერიელების გამარჯვებით დასრულდა. ომს 25 000 – 80 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ჩეჩნეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობით დასრულდა. ეს მდგომარეობა გაგრძელდა 2001 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის დასრულებამდე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები