უძველეს წინაპართა 5 გადმონაშთი, რომლებიც ადამიანის სხეულში დღესაც გვხვდება
ზოგჯერ გვიკვირს ხოლმე, როგორ ვენათესავებით ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც, ერთი შეხედვით, საერთო არაფერი გვაქვს. მიუხედავად ამისა, წარსულს თუ მივადევნებთ თვალს და ევოლუციურ ხედვასაც გავითვალისწინებთ, ყველას საერთო წინაპრები გვყავს. ამრიგად, ჩვენი სხეულის მრავალი თავისებურება ათასობით ანდა თუნდაც მილიონობით წლით თარიღდება გენეალოგიურ ხეზე.
ბიოლოგიაში ტერმინი "ჰომოლოგია" საერთო წარმომავლობის გამო რაიმე სტრუქტურებს შორის მსგავსებას აღნიშნავს. ამის მაგალითია ადამიანის ხელის, ღამურას ფრთისა და ვეშაპის საცურაო აპკის მსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს სპეციალური ფუნქცია აქვს, ძვლების დაგეგმარება მაინც ერთნაირი რჩება.
მეორე მხრივ, არსებობს "ანალოგიაც" — როდესაც ერთსა და იმავე სტრუქტურას ანალოგიური ფუნქცია, თუმცა სხვადასხვა ევოლუციური წარმომავლობა აქვს. მაგალითად, ფრთებს ნემსიყლაპიებსა და თუთიყუშებში იგივე ფუნქცია აკისრია, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განვითარდა და საერთო ევოლუციური წარმოშობა არ აქვს.
სტატიაში უძველესი მახასიათებლების 5 მაგალითს წარმოგიდგენთ, რომლებიც დღევანდელ ადამიანებშიც გვხვდება.
1. ბიპედალიზმი — ორ ფეხზე სიარული
რა გვქმნის ადამიანებად? — ეს საკითხი უკვე საუკუნეებია, აქტიურად განიხილება. იწყება თუ არა ადამიანობა ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის, დასაბამიდან, 300 ათასი წლის წინ? იქნებ უფრო ძველი წინაპრები უნდა განვიხილოთ აღმოსავლეთ აფრიკიდან? იქნებ იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანის მსგავს მაიმუნებს გამოვეყავით?
რა პერსპექტივიდანაც არ უნდა შევხედოთ, ერთი რამ ნათელია: ბიპედალიზმი, ანუ ორ ფეხზე სიარული, ჩვენი წინაპრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა.
ოთხი ფეხიდან ორზე გადმონაცვლებამ ჩონჩხის თითქმის ყველა ნაწილი შესაბამისად შეიცვალა, მათ შორის: ფეხების ძვლების განლაგება/ზომა, თეძოს ძვლები, მუხლები, ფეხები და ხერხემლის სვეტი.
ნამარხთა თავის ქალების მიხედვით, სწორედ ამ ცვლილების შემდეგ ტვინმა ზომაში სწრაფი ზრდა დაიწყო.
ამან მენჯის სახეცვლილების საჭიროებაც შექმნა, რათა შედარებით დიდი ტვინების მქონე ბავშვები გაფართოებულ სამშობიარო არხში გატეულიყვნენ. გაფართოებული მენჯი ჰომოლოგიური მახასიათებელია, რომელსაც რამდენიმე გვარის ადრეულ წინაპრებთან ვიზიარებთ.
რაც მთავარია, სწორედ ზომაში მომატებულმა ტვინებმა განაპირობა ხელოვნების, კულტურის, ენის სწრაფი განვითარება — ყველა იმ მნიშვნელოვანი კონცეფციისა, რომლებსაც ადამიანად ყოფნასთან დიდი საერთო აქვს.
2. ხვრელი თავში
ჩვენი თვალები ორბიტებშია მოთავსებული. მეორე მხრივ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიდი ხვრელები თავის ქალასაც აქვს. ეს "სარკმლები" ქალის ორივე მხარესაა განლაგებული და ჩვენს 300 მილიონი წლით ადრე მცხოვრებ საერთო წინაპრებსაც ჰქონდათ.
ამას სინაპსიდური თავის ქალა ეწოდება, ხოლო ცხოველებს, რომლებსაც თავის ქალაში ასეთი სარკმლები აქვთ, სინაპსიდების სახელით ვიცნობთ. დღესდღეობით ყველა ძუძუმწოვარი სინაპსიდია, მათ შორის, ადამიანიც. მეორე მხრივ, ამ რიცხვს რეპტილიები და ჩიტები ნამდვილად არ მიეკუთვნებიან.
პრეისტორიული დროიდან სინაპსიდის კიდევ ერთი ცნობილი მაგალითი დიმეტროდონია, რომელიც ხშირად დინოზავრში ერევათ — სინამდვილეში იგი ძუძუმწოვრის მაგვარი რეპტილიაა.
3. 10-10 თითი ფეხებსა და ხელებზე
ადამიანების მსგავსად, პენტადაქტილური — ხუთთითა — კიდურები ამფიბიების, რეპტილიების, ჩიტებისა და ძუძუმწოვრების უმრავლესობას აქვს. მეორე მხრივ, თევზებს თითები არა აქვთ. მაშ, როდის გაჩნდა ხელის ეს ნაწილები?
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა თევზის ფარფლში შემონახული პირველი თითები აღმოაჩინეს. განამარხებულ ნაშთს, რომელიც მკვლევრებმა შეისწავლეს, Elpistostege ჰქვია და 380 მილიონი წლით თარიღდება.
როგორც აღმოჩნდა, თევზს, რომელსაც თითები პირველს განუვითარდა, მათ გარშემო ფარფლის სხივები მაინც შეუნარჩუნდა, რის შედეგადაც ძვლები გარედან არ ჩანდა.
ყველაზე ადრეული ტეტრაპოდები (ოთხფეხა ხერხემლიანი ცხოველები, რომლებმაც წყლიდან ნელ-ნელა ხმელეთზე გადმოინაცვლეს) პირველები იყვნენ, რომლებსაც 5-ისაგან განსხვავებული რაოდენობის თითები ჰქონდათ: 6, 7 ანდა 8. სავარაუდოდ, ზემოხსენებული ტეტრაპოდები ამ დროს კვლავაც წყალში ცხოვრობდნენ, ხოლო 5-თითიანი კიდურები კი მაშინ გაჩნდა, როდესაც ისინი ხმელეთზე საბოლოოდ გადმოვიდნენ და თავიანთი მასის ზიდვა მოუხდათ.
4. კბილები
ოდესმე ხომ არ დაფიქრებულხართ, ევოლუციურად რამდენად ძველი შეიძლება იყოს თქვენი კბილები?
2022 წელს პალეონტოლოგთა გუნდმა ჩინეთში განამარხებული თევზის კბილები აღმოაჩინა — მათი არსებობის ყველაზე ადრეული მტკიცებულება, რომელიც სილურული ხანით თარიღდება. ასე კბილების მინიმალურმა "ასაკმა" 14 მილიონი წლით გადაიწია, შედეგად კი ისინი 439 მილიონი წლისა გამოდის.
აღმოჩენილ თევზს, რომელიც ყბის მქონე ერთ-ერთი უძველესი თევზია, Qianodus duplicis შეარქვეს. მისი კბილები, "ხვეულები", კბილების უჩვეულო წყებისაგან შედგება და სპირალის ფორმა აქვს (იგი ჰელიკოპრიონში გვხვდება).
მაშასადამე, ჩინეთში ნაპოვნი თევზის კბილებს არაერთი ისეთივე თავისებურება ახასიათებს, რომლებიც თანამედროვე ხერხემლიანებშიც გვხვდება, რაც ჩვენივე კბილების ევოლუციის უკეთ შესწავლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
5. ხერხემალი
ხერხემლის მქონე პირველი ცხოველები, სავარაუდოდ, 500 მილიონი წლის წინ მცხოვრები ზღვის ქმნილებები იყვნენ. ამ ჭიის მაგვარ ცხოველებს ზურგის სიმი, იგივე ნოტოქორდა, განუვითარდათ — ერთგვარი ხრტილოვანი ღერო ზურგის გაყოლებაზე. ამან მათ კუნთებისა და გრძელი კუდის მიმაგრების საშუალება მისცა.
ნოტოქორდის მქონე ცხოველებს ქორდიანები ეწოდებათ. ეს ტიპი დაახლოებით 65 ათას სახეობას აერთიანებს — ასციდიებიდან დაწყებული, თოლიებით დამთავრებული. ლანცეტა, იგივე ამფიოქსუსი, ქორდიანთა ერთ-ერთი თანამედროვე მაგალითია. იგი პაწაწინა პრიმიტიულ თევზს წააგავს, ფარფლები არა აქვს და სხეულის ტალღისებრი მოძრაობით დაცურავს.
ამის შემდეგ კარგად ჩამოყალიბებული თავების მქონე ცხოველები (ქალიანები) გაჩნდნენ, რომლებშიც ზრდასრულებში ზურგის სიმი უკვე ხერხემლითაა ჩანაცვლებული (ხერხემლიანები).
ხერხემალი სეგმენტებად დაყოფილი ძვლებისაგან, იგივე მალებისგან, შედგება. ხერხემლიანთა უძველეს მაგალითების სახით განამარხებული ნაშთებშიც მოგვეპოვება, მაგალითად, Metaspriggina-ისა და Haikouichthys-ის.
ამრიგად, თანამედროვე ადამიანებს არაერთი ისეთი თავისებურება გაგვაჩნია, რომლებიც უძველეს წინაპრებსაც ახასიათებდათ: ტვინი, ფართო მენჯი, თავის ქალა, ხელისა და ფეხის თითები, კბილები და ზურგის ტვინი. შეიძლება ითქვას — ერთმანეთს იმაზე მეტადაც კი ვგავართ, ვიდრე განვსხვავდებით.
კომენტარები