მეზობელი გალაქტიკის გადაღებისას ჰაბლმა შემთხვევით ასტეროიდიც დააფიქსირა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ირმის ნახტომის მეზობლად მდებარე გალაქტიკის გადაღებისას შემთხვევით ასტეროიდიც დააფიქსირა, რომელიც სწორედ ობსერვატორიის მიერ აღბეჭდილ არეალში მოძრაობდა. ობიექტი სურათის ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს, სადაც მის მიერ დატოვებული კვალი, 4 წვრილი ხაზია გამოსახული.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ასტეროიდი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი სიგანისაა და ჩვენს მზის სისტემაში გადაადგილდება. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე სხვა გალაქტიკებსაც ვხედავთ, თუმცა ისინი გაცილებით შორსაა განლაგებული. ჰაბლმა სურათი პროექტის ფარგლებში გადაიღო, რომლის მიზანიც ახლომდებარე გალაქტიკების შესწავლაა. ამისთვის ასტრონომებმა ობსერვატორიის სხვა დაკვირვებებს შორის არსებული თავისუფალი დრო გამოიყენეს.
ასტეროიდი სურათზე 4 ცალკეული ხაზის სახით მოჩანს, რადგან ის ჰაბლმა ამავე რაოდენობის კადრების დაფიქსირებისას აღბეჭდა. ასევე, საინტერესოა, რომ თითოეულ ხაზს განსხვავებული შეფერილობა აქვს, რაც იმითაა განპირობებული, რომ ტელესკოპის კამერამ სხვადასხვა ფილტრი გამოიყენა.
სურათის ცენტრში არსებული გალაქტიკა UGC 7938-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან დაახლოებით 30 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ის ქალწულის თანავარსკვლავედშია განლაგებული და ერთგვარი მარცვლოვანი სტრუქტურის მოთეთრო ღრუბლის სახითაა წარმოდგენილი.
მის ფონზე მრავალი შორეული გალაქტიკა მოჩანს, მათ შორისაა სპირალური და ელიფსური სტრუქტურის მქონე ობიექტები. ასევე, მონარინჯისფრო და თეთრი კაშკაშა წერტილები, რომლებიც ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომში მდებარე ვარსკვლავებია.
კომენტარები