სად უნდა შეაფაროთ თავი ბირთვული აფეთქებისას? — კვლევა
ბირთვული აფეთქება ადამიანისთვის და, ზოგადად, მთლიანი ეკოსისტემისთვის დამანგრეველია. მსგავსი კატასტროფის ეპიცენტრში მყოფ მოსახლეობას გარდაუვალი სიკვდილი ელის, საშიშია რადიაციაც, რომელიც დიდ მანძილზე ვრცელდება. ამას თან ერთვის აფეთქების შემდგომი ტალღებიც, რომლებსაც სერიოზული ზიანის მოყენება შეუძლია.
იმისათვის, რომ ბირთვული კატასტროფისას გადავრჩეთ, ეპიცენტრს მაქსიმალურად უნდა მოვშორდეთ, რაც ასეთი ფორსმაჟორის დროს, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მაინც აუცილებლად გასათვალისწინებელი. ამ დროს ყველას მიწისქვეშა ბუნკერები და რკინა-ბეტონის ნაგებობები ახსენდება, მაგრამ სინამდვილეში რამდენად დაცულები ვიქნებით იქ?
სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ნიქოზიას უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რისთვისაც კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს. მათ ტრადიციული კონტინენტთაშორისი რაკეტის მიერ ჩამოგდებული ატომური ბომბის აფეთქების სიმულაცია შექმნეს, რათა გაეგოთ, როგორ იმოქმედებდა წარმოქმნილი ტალღები სხვადასხვა სახის შენობაზე.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ აფეთქებას ხმელეთზე საშუალო ზონაში არსებული სტრუქტურების დანგრევა და ადამიანთა დასახიჩრება შეუძლია. ამის მიუხედავად, ისეთ გამძლე ნაგებობებში, როგორიც ბეტონის შენობებია, გადარჩენის მეტი შანსია, მაგრამ მხოლოდ ამაზე დამოკიდებულნი ვერ ვიქნებით.
ავტორებმა შეისწავლეს, როგორ გადაადგილდება ტალღა ხმელეთზე მდგარ ნაგებობებში და ჰაერის ნაკადის სიჩქარე გამოითვალეს. ასევე, გამოიკვლიეს, როგორ იმოძრავებს ის ოთახების, ფანჯრების, კარებისა თუ კორიდორების მიმდებარედ. მათ აღმოაჩინეს, რომ მცირე არეალში ჰაერის ნაკადის სისწრაფე შესაძლოა, აჩქარდეს. ის კედლებიდან "აისხლიტება" და კუთხეებში გამრუდდება.
აფეთქებიდან პირველ 10 წამში მაქსიმალურად აჩქარებული ტალღები ფანჯრებში შეიჭრება. ამ დროს წნევა ძალიან მაღალი იქნება.
"ყველაზე საშიში შიდა ადგილები, რომლებსაც უნდა მოვერიდოთ, ფანჯრები, კორიდორები და კარებია. ადამიანები მათ დაუყოვნებლივ უნდა მოშორდნენ და სხვა არეალს შეაფარონ თავი. ჰაერის სწრაფი ნაკადისგან აფეთქების ეპიცენტრის მხარეს არსებული ოთახიც კი უფრო დაცულია, თუ მისი წინა კედლის კუთხეებში გადავინაცვლებთ", — აცხადებენ ავტორები.
მათი ახალი ნაშრომი გამოცემაში Physics of Fluids გამოქვეყნდა.
ასევე, იხილეთ:
კომენტარები