მარსულ მეტეორიტში დიდი რაოდენობით ორგანული მატერია აღმოაჩინეს
მარსულ მეტეორიტში, რომელიც მაროკოს ტერიტორიაზე 2011 წელს ჩამოვარდა, მეცნიერებმა დიდი რაოდენობით ორგანული მატერია აღმოაჩინეს. ეს იმის გარკვევაში დაგვეხმარება, იყო თუ არა წითელ პლანეტაზე სიცოცხლე, ასევე, ახალი მიგნებით დედამიწის გეოლოგიური ისტორიის შესახებაც მეტს შევიტყობთ, რადგან ამ ორ ციურ სხეულს ევოლუციური თვალსაზრისით ბევრო საერთო აქვს.
სპეციალისტთა მიერ გამოკვლეულ მეტეორიტს ტისინტი ჰქვია, როგორც ქალაქს, სადაც ის ჩამოვარდა. ეს ქვა იმ ასტრონომიულ სხეულთა სიაშია, რომელთა ატმოსფეროში შემოჭრაც მრავალმა ადამიანმა იხილა. ის მარსზე ასობით მილიონი წლის წინ წარმოიქმნა და ღია კოსმოსში, სავარაუდოდ, მძლავრი შეჯახების შედეგად გაიტყორცნა, ბოლოს კი დედამიწაზე მოხვდა.
ორგანული ნაერთები, რომელთაც მასში მიაკვლიეს, ძირითადად ნახშირბადის, წყალბადის, ჟანგბადის, აზოტისა და გოგირდის შემცველი დიდი მოლეკულებია. ისინი ბიოლოგიურ პროცესებთან ასოცირდება, თუმცა, გეოლოგიური მოვლენების დროსაც შეიძლება წარმოქმნას. შესაბამისად, მათზე დაყრდნობით დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდა.
"მსგავსი ორგანული სიმდიდრის მაფორმირებელი პროცესებისა და მოვლენათა წყების გაგება სიცოცხლესთან მარსის თავსებადობისა და, პოტენციურად, სიცოცხლის წინმსწრები რეაქციების შესახებ ახალ დეტალებს გამოავლენს", — აცხადებენ მეცნიერები.
ტისინტის შემადგენლობის ღრმა ანალიზის შედეგად ავტორებმა მარსული მეტეორიტისა თუ მარსმავლის მიერ შესწავლილი ნიმუშის ორგანული მრავალფეროვნების მაჩვენებელი ყველაზე ფართო კატალოგი შექმნეს. მათ ამ საკითხზე მუშაობისას მეტეორიტის მინერალოგიურ მახასიათებლებსა და ორგანული მოლეკულების მრავალფეროვნებას შორის კავშირიც გამოავლინეს ისევე, როგორც წითელი პლანეტის მანტიისა და ქერქის ქვეშ მიმდინარე პროცესების ცვლილება დროში.
აღსანიშნავია მაგნიუმის ორგანული ნაერთების სიმრავლეც, რაც აქამდე მარსის ნიმუშებში არ შეუმჩნევიათ. ეს ჩვენი მეზობელი ციური სხეულის შიდა სტრუქტურის განმსაზღვრელი გეოქიმიისა და მინერალების ევოლუციასთან იქაური ნახშირბადული ციკლის კავშირის უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები