ისტორიული მომენტი — პარალიზებული კაცი რობოტის მკლავს შვიდი თვის განმავლობაში გონებით აკონტროლებდა

ფოტო: Noah Berger
ინსულტის შედეგად პარალიზებულმა კაცმა გონებით რობოტული ხელი დაიმორჩილა. მან საგნები აიღო და მათი ადგილი შეცვალა. მართალია, მსგავსი ტექნოლოგია აქამდეც გამოუცდიათ, თუმცა შედეგი სულ რაღაც 1-2 დღით შენარჩუნებულა. ამ შემთხვევაში კი ტვინსა და კომპიუტერს შორის კავშირი შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა. ეს იმედს აჩენს, რომ მოწყობილობა ადამიანების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ტვინი-კომპიუტერის კავშირი დიდი ხანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების კომუნიკაციის აღდგენის საშუალებად განიხილება. ამ გრძელ გზაზე უკვე ბევრი წარმატებული ნაბიჯია გადადგმული. ერთ-ერთი მაგალითია მაიმუნი, რომელიც ტვინის იმპლანტით პონგს თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიის ფარგლებში პარალიზებულმა კაცმა ლუდის ჭიქის აწევაც შეძლო, სწრაფი პროგრესი თითქმის შეუძლებელია. ეს გზა საკმაოდ ბევრ დაბრკოლებას მოიცავს. ბუნებრივია, გამოგონების ავტორები წარმატებაზე უფრო მეტს საუბრობენ, თუმცა შეზღუდვებიც არ უნდა დავივიწყოთ — აქ მთავარი წინსვლა კავშირის ხანგრძლივობაა.
"ადამიანისა და AI-ს შერწყმის შესწავლა, ტვინი-კომპიუტერის კავშირის განვითარების შემდეგი ეტაპია. ეს ისაა, რაც განვითარებული და ბუნებრივთან მიახლოებული კავშირების მისაღებად გვჭირდება", — განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა კარუნეშ განგულიმ.
ამ აღჭურვილობის ტვინით კონტროლის წინა მცდელობები შთამბეჭდავი შედეგებით დასრულდა, თუმცა წარმატება დიდი ხნით არ გაგრძელებულა.
განგულის აზრით, ამ დროს ტვინში სასიგნალო უბნები იცვლებოდა, სენსორები კი კვლავ ძველ სიგნალებს ეძებდა. ამის მოსაგვარებლად მან და მისმა გუნდმა ცხოველებში ტვინის აქტივობა გამოიკვლიეს. ამის შემდეგ მათ ორ პარალიზებულ პაციენტს სენსორები დაუმაგრეს და გარკვეული მოძრაობების წარმოდგენა დაავალეს. დროთა განმავლობაში, თითოეული მოძრაობის ნიმუში უცვლელი დარჩა, თუმცა ტვინში მისი წარმოშობის ადგილმდებარეობა შეიცვალა.
ორი კვირის განმავლობაში ერთ-ერთ მონაწილეს ხელისა და თითების მოძრაობის წარმოდგენა სთხოვეს. მის ტვინში არსებული სენსორები ყველა აქტივობას იწერდა. შემდეგ ნიმუშები რობოტულ ხელს (ნეიროპროთეზს) გადასცეს. ის თავდაპირველად სასურველი მიმართულებით მოძრაობდა, მაგრამ არა საკმარისი სიზუსტით. ვარჯიშის შედეგად, მონაწილემ წარმოდგენა გააუმჯობესა, ხელოვნურმა ინტელექტმა კი უფრო ეფექტურად შესწავლა დაიწყო.
რამდენიმე სესიის შემდეგ კაცმა ნივთების აღება, მათი ორიენტაციის შეცვლა და სასურველ ადგილას მოთავსება შეძლო. ასევე, კარადიდან ჭიქა გამოიღო და წყლით აავსო. ასეთი მოძრაობები 35 დღის განმავლობაში სტაბილურად ხორციელდებოდა. თვეობით შესვენების შემდეგ, მონაწილესა და ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდათ, რათა იგივე მოძრაობები აღედგინათ.
განგული ფიქრობს, რომ მოძრაობების დასახვეწად მეტი ვარჯიშია საჭირო. კვადრიპლეგიის, ანუ ოთხივე კიდურის დამბლის მქონე პაციენტებისთვის რობოტულმა ხელმა სწრაფად და ზუსტად უნდა იმოძრაოს. ეს მათ საკუთარი თავის გამოკვებაში დაეხმარება.
"დარწმუნებული ვარ, ვიცით, როგორ დავხვეწოთ ეს სისტემა ისე, რომ სრულფასოვნად იმუშაოს", — ამბობს განგული.
საინტერესოა, რომ ამ ცდაში მონაწილეობა ისეთ პაციენტს მიაღებინეს, რომელსაც არ შეეძლო კომუნიკაცია. უფრო მარტივი იქნებოდა, თუ ექიმსა და პაციენტს შორის სიტყვიერი კავშირი შედგებოდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მიზანი უკვე საკმაოდ ახლოსაა და ის ყველაზე რთულ პაციენტებსაც კი ცხოვრებას შეუცვლის.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები