ხმელეთზე ყვავილები მრავლად გვხვდება, რომელთა შეფერილობა, ფორმა და მახასიათებლები სხვადასხვაგვარია. შესაძლოა, ამან გვაფიქრებინოს, რომ მსგავსი მცენარეები ოკეანის ეკოსისტემაშიც გავრცელებულია, მაგრამ ასე არაა.

ოკეანეში მხოლოდ ერთი ტიპის მოყვავილე მცენარე ხარობს, რომელიც, სხვების მსგავსად, დამტვერვით მრავლდება. ეს ზღვის მცენარეებია, რომლებიც წყალქვეშა გარემოსთან ისე ადაპტირდა, რომ ყვავილის ფუნქციები შეენარჩუნებინა. ისინი ერთ დროს ხმელეთზე ხარობდა, მაგრამ დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ წყალში გადაინაცვლა და იქ დარჩა.

ამჟამად ზღვის მცენარეები ოკეანეებში გავრცელებულია და ერთგვარ წყალქვეშა მდელოებს ქმნის, რომელთაგანაც უდიდესი 550 კილომეტრზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული. ამავე დროს, ზოგიერთი მათგანის ასაკი 1000 წელს აჭარბებს. მსგავსი სახეობები ფოტოსინთეზს საჭიროებს, ამიტომ მხოლოდ ისეთ სიღრმეებში გვხვდება, სადაც მზის სინათლე აღწევს. როგორც წესი, ისინი მწვანე ბალახს მოგვაგონებს და ფესვები ზღვის ფსკერში აქვს გადგმული, პერიოდულად კი ყვავის.

ზღვის მცენარეების ყვავილები საკმაოდ ლამაზია და ხმელეთზე არაბულს ჰგავს.

ფოტო: Phys.org

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ წყალქვეშა დამტვერვაში ერთადერთი როლი ოკეანურ დინებებს ჰქონდა. ახლა უკვე ვიცით, რომ ზოგიერთი სახეობის გამრავლებაში ცოცხალი ორგანიზმები მონაწილეობენ. ისინი სწორედ ზღვის მცენარეების ყვავილების მტვრით იკვებებიან, რომელიც მათ სხეულზე სპეციალური ნივთიერების მეშვეობით ეწებება. სხვა ყვავილზე გადანაცვლებისას მათ მტვერი თან მიაქვთ და მას ასე ავრცელებენ. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ოკეანური დინებებიც მნიშვნელოვანია.

ამგვარი ორგანიზმები თავიანთ როლს წყალმცენარეების სიცოცხლის ციკლშიც ასრულებენ. მაგალითად, ასეთია Idotea-ს გვარის ტოლფეხიანი კიბოსნაირები, რომლებიც უფრო მეტად წითელი წყალმცენარეების გამრავლებას უწყობენ ხელს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცხოველთა მონაწილეობით დამტვერვის მექანიზმი ხმელეთსა და წყალში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა. ვინაიდან მცენარეები თავდაპირველად სწორედ წყალში გაჩნდა, შესაძლებელია, ეს ფენომენი ჯერ იქ განვითარებულიყო კიდეც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.