დასავლეთ ავსტრალიაში, პილბარას რეგიონის სიღრმეში, აღმოაჩინეს მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად ფორმირებული, დედამიწაზე უძველესი კრატერი. კრატერი 3.5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ წარმოიქმნა, რაც მას მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ძველ კრატერად აქცევს, 1 მილიარდი წლით უფრო ძველს, ვიდრე აქამდე აღმოჩენილები.

აღმოჩენა დღეს გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communications-ში.

საინტერესოა, რომ კრატერი ზუსტად იმ ადგილას აღმოაჩინეს, სადაც მის არსებობას ვარაუდობდნენ და ეს ამყარებს დედამიწის კონტინენტების წარმოშობის შესახებ თეორემას.

ფოტო: Tim Johnson

უძველესი ქანები

დედამიწაზე არსებული ყველაზე ძველი ქანები 3 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ წარმოიქმნა და თანამედროვე კონტინენტებზე გვხდება. გეოლოგები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, თუ როგორ და რატომ ჩამოყალიბდა ისინი.

მიუხედავად ამისა, არსებობს კონსენსუსი, რომ ადრეული კონტინენტების ფორმაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, დედამიწაზე მრავალ ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესში.

ზოგიერთი გეოლოგი მიიჩნევს, რომ ეს უძველესი ქანები წარმოიქმნა მანტიური პლუმების თავზე, რომელიც დედამიწის თხევადი ბირთვიდან ამოდიოდა, დაახლოებით ისე, როგორც ცვილი დეკორატიულ ლავის სანათებში. სხვები კი ფიქრობენ, რომ ისინი თანამედროვე დედამიწის მსგავსად, ტექტონიკური ფილების შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სცენარი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივეს მიხედვით, ქანების წარმოქმნა, დედამიწის შინაგანი სითბოს დაკარგვას უკავშირდება.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა ნაშრომი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ პილბარას კონტინენტური მასების წარმოქმნისთვის საჭირო ენერგია დედამიწის მიღმა, მეტეორიტული შეჯახებებისგან მოდიოდა.

მეტეორიტული დარტყმების შედეგად წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურა და წნევა წარმოშობდა დიდი მოცულობის გამდნარ მასალას, რომელიც საბოლოოდ კონტინენტურ ქერქად იქცეოდა.

ამ ჰიპოთეზის მთავარი მტკიცებულება, მინერალ ცირკონის პატარა კრისტალების ქიმიურ შემადგენლობაში მდგომარეობდა, რომელთა ზომა დაახლოებით ქვიშის მარცვლის ტოლია, თუმცა სკეპტიკოსების დასარწმუნებლად, საჭირო იყო უფრო დამაჯერებელი მტკიცებულება, რაიმე ისეთი, რის დანახვასაც მიკროსკოპი არ დაჭირდებოდა.

2021 წლის მაისში, მკვლევრები გაემგზავრნენ ქალაქ პერთიდან ჩრდილოეთით, პილბარაში, კრატერის აღმოსაჩენად. ორ კვირიანი საველე სამუშაო დასავლეთ ავსტრალიის გეოლოგიური კვლევის ცენტრთან (GSWA) თანამშრომლობით ტარდებოდა.

და მაინც, საიდან უნდა დაწყებულიყო კვლევა?

იღბლიანი დამთხვევა

ფოტო: Chris Kirkland

პირველი სამიზნე იყო უჩვეულო ქანების ფენა, სახელად Antarctic Creek Member, რომელიც 20 კილომეტრის სიგანის გუმბათის ფერდობებზე გვხვდება. მისი სისქე მხოლოდ 20 მეტრია და ძირითადად შედგება დანალექი ქანებისგან, რომლებიც მოქცეულია კილომეტრობით სისქის, მუქი ბაზალტისა და ლავის შრეებს შორის.

თუმცა, ეს ფენა ასევე შეიცავდა პატარა სფერულ ნაწილაკებს — გამდნარი ქანის წვეთებს, რომელიც ქანების შეჯახებისას წარმოიქმნა და ატმოსფეროში აიტყორცნა. მეორეს მხრივ, ეს წვეთები შეიძლებოდა დედამიწის ნებისმიერ წერტილში მომხდარი მასიური ზემოქმედების შედეგად გაჩენილიყო, დიდი ალბათობით, ეს მოვლენა ისეთ კრატერს უკავშირდება, რომელიც ახლა უკვე განადგურებულია.

GSWA-ს რუკებისა და აეროგადაღებების ანალიზის შემდეგ, პილბარას ცენტრში იპოვეს შესაბამისი ადგილი ძიების დასაწყებად. კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი პირი ჰყვება: "ჩვენ დავაყენეთ ჩვენი ოფროუდის მანქანები და სხვადასხვა მიმართულებით გავეშურეთ, იმ იმედით, რომ რაიმე მნიშვნელოვანს ვიპოვიდით. შევთანხმდით, რომ ერთ საათში შევხვდებოდით, დასვენებისა და განხილვისთვის".

დაბრუნებისას ყველა მკვლევარი თანხმდებოდა, რომ აღმოაჩინეს ეგრეთ წოდებული შეჯახების კონუსები (shatter cones).

შეჯახების კონუსებს აქვს ლამაზი, რტოს მაგვარი სტრუქტურები, რომლებიც ვიზუალურად ბადმინტონის ბურთს მოგაგონებთ. ეს დიდი ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ერთადერთი სტრუქტურაა, რომელიც შიშველი თვალითაც ჩანს და ბუნებაში მისი შექმნა მხოლოდ მეტეორს შეუძლია.

"ჩვენი ძიებიდან საათზე ცოტა მეტი იყო გასული, როცა ზუსტად ის ვიპოვეთ, რასაც ვეძებდით. ფაქტობრივად, ჩვენი 4WD-ის კარების გაღებით, ფეხი პირდაპირ უძველესი კრატერის ფსკერზე დავდგით", — ამბობენ მკვლევრები.

ფოტო: Tim Johnson

ფოტოების გადაღებისა და ნიმუშების აღების შემდეგ, მკვლევრებმა სხვა ადგილებზე გადაინაცვლეს, რაც შეიძლება მალე უკან დაბრუნების სურვილით. უმთავრესი იყო იმის გარკვევა თუ რამდენად ძველია ეს კონუსები.

კვლევის გაგრძელება

ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, 2024 წლის მაისში მკვლევრები ისევ ამ ადგილს დაუბრუნდნენ, რათა ათდღიანი დეტალური გამოკვლევა ჩაეტარებინათ.

შეჯახების კონუსები ყველგან განვითარებულიყო, Antarctic Creek Member-ის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მათი კვალი, პილბარას გორაკებში რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე გრძელდებოდა.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ შეჯახების კონუსების ფენის ზემოთ არსებობდა სქელი ბაზალტის შრე, რომელსაც მასიური ზემოქმედების არანაირი კვალი არ აჩნდა. ეს ნიშნავდა, რომ მეტეორი უნდა ჩამოვარდნილიყო მაშინ, როდესაც Antarctic Creek Member-ის ქანები შეიქმნა, ანუ 3.5 მილიარდი წლის წინ.

დადგინდა ზუსტი ასაკი და ოფიციალურად დადასტურდა, რომ ეს არის დედამიწაზე აღმოჩენილი უძველესი კრატერი. გამოდის, რომ კვლევის ჰიპოთეზა კონტინენტების წარმოშობის შესახებ არც ისეთი მცდარი იყო, როგორც ამას ბევრი თვლიდა.

რამდენადაც ცნობილია, კვლევის მონაწილეებამდე, ადგილობრივი მკვიდრების — ნიამალის ხალხის (Nyamal people) გარდა, ეს საოცარი ფორმირებები არავის ჰქონდა ნანახი. ეს ყველაფერი კი ბედნიერი დამთხვევის წყალობით.

"ჩვენ, როგორც სხვა მეცნიერები, ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ მეტეორული შეჯახებები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენი პლანეტის გეოლოგიურ ისტორიაში, ისევე როგორც მთვარის, სხვა პლანეტებისა და მათი თანამგზავრების ფორმირებაში. ახლა ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, რომ ეს ჰიპოთეზები მყარი მტკიცებულებების საფუძველზე გადაამოწმოს", — აცხადებენ კვლევის ავტორები.

ვინ იცის, კიდევ რამდენი უძველესი კრატერი იმალება სხვა კონტინენტების ღრმა ფენებში?

მათი აღმოჩენა და შესწავლა დრამატულად შეცვლის ჩვენ წარმოდგენას ადრეული დედამიწის შესახებ, არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ შეიქმნა ჩვენი კონტინენტები, არამედ იმაზეც, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლის ჩამოყალიბება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.