ადამიანს მრავალი თვისება გამოარჩევს, რითაც მონათესავე პრიმატებისგანაც კი განსხვავდება. ბოლო საუკუნეებში ჩვენი ევოლუციური წარსულის შესწავლა აქტიურად დავიწყეთ და ბევრ კითხვასაც გავეცით პასუხი, მაგრამ ზოგიერთი რამ ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. არსებობს ჰიპოთეზები, რომლებიც იმდენად უჩვეულოა, რომ სამეცნიერო წრეებში არავინ ეთანხმება.

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იდეა იუჯინ მაკატის ეკუთვნის, რომელიც ჰიბრიდიზაციის თვითნასწავლი ექსპერტია და ჯორჯიის უნივერსიტეტში გენეტიკის მიმართულებით დოქტორის ხარისხი აქვს დაცული. მისი აზრით, ადამიანი, არც მეტი და არც ნაკლები, ღორისა და შიმპანზეს (ან ბონობოს) შეჯვარების შედეგია.

ეს იმდენად გიჟურად ჟღერს, რომ ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა, ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ მაკატი ამ ჰიპოთეზას სრული სერიოზულობით განიხილავს. გასაკვირი არაა, რომ მას სამეცნიერო წრეებში მომხრეები არ ჰყავს და იდეა საყოველთაოდ უარყოფილია. მიზეზი ისიცაა, რომ სათანადო კვლევები და მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს, ამის გარეშე კი ჰიპოთეზა თეორიად უბრალოდ ვერ გადაიქცევა.

საინტერესო ისაა, რამ მიიყვანა მაკატი ამ უჩვეულო დასკვნამდე. ის საკუთარ ვებგვერდზე წერს:

"ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები ამტკიცებს ვარაუდს, რომ ძველად შიმპანზეს ან ბონობოს მსგავსი არსება ღორთან შეჯვარდა. შედეგად მივიღეთ მათი ნაშიერი, რომელმაც უკვე შიმპანზესთან დაიწყო შეწყვილება (ამის შემდეგ ადამიანის გვარი მაიმუნებს ნელ-ნელა გამოეყო).

ის აცხადებს, რომ ჰიბრიდების შესახებ ზოგიერთი რამ არასწორად გვესმის. მაგალითად, მცდარია, რომ ყველა ჰიბრიდი სტერილურია ან ფერტილური ნაშიერების გაჩენა არ შეუძლია. ასევე, მაკატი ამბობს, რომ ბუნებაში ჰიბრიდიზაცია გავრცელებულია, რაც ახალი სახეობის წარმოქმნის პოტენციურ ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა.

ზედაპირულ დონეზე ადამიანი მართლაც წააგავს უფრო მაღალ შიმპანზეს, რომელმაც ხშირი ბალანი დაკარგა და ღორის მსგავსი ცხიმიანი ქსოვილები შეიძინა. მაკატი ასახელებს რამდენიმე მახასიათებელს, რომელიც მაიმუნებისგან განგვასხვავებს, მაგრამ ღორებთან საერთოს აჩენს. ასეთია, მაგალითად, ხრტილიანი ცხვირი, სქელი წამწამები, "მულტიპირამიდული" თირკმლები, შიშველი კანი, ხმის იოგების სტრუქტურა, წვრილი ნაწლავის წრიული ნაკეცები, პენისის ძვლის არარსებობა და სხვა.

რაც შეეხება გენეტიკას, ჰომო საპიესი შიმპანზეებთან და ბონობოებთან გენომის თითქმის 99%-ს იზიარებს. ღორებთან იმავენაირი კავშირი არ ფიქსირდება, მაგრამ მაკატი ამბობს, რომ შესაძლოა, ამდენი თაობის შემდეგ ჰიბრიდიზაციის ნიშნები დაკარგულიყო.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმარისი არგუმენტი არაა და წმინდა სპეკულაციად შეიძლება მივიჩნიოთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვინც გენეტიკასა და ევოლუციაში ერკვევა, მიხვდება, რომ ეს იდეა სიგიჟის ზღვარს მიღმაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.