ეგვიპტეში აღმოჩენილი თავის ქალა ძველი აფრიკის მძვინვარე მტაცებელს ეკუთვნის

ფოტო: Ahmad Morsi
ეგვიპტეში მდებარე ფაიუმის ოაზისში არქეოლოგებმა ნამარხებით მდიდარ ქვიშაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სრულად მოღწეული თავის ქალა აღმოაჩინეს, რომელიც ძლევამოსილ მტაცებელს ეკუთვნის. ეს ცხოველები დედამიწაზე დაახლოებით 30 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ.
ნამარხი, რომელსაც ზედა კბილებიც აქვს შემორჩენილი, აქამდე უცნობი გადაშენებული სახეობის წარმომადგენლისაა — აფთრის ზომის ძუძუმწოვრის, რომელიც მეცნიერებმა ჰიენოდონტების ჯგუფს მიაკუთვნეს. მას ბასტეტოდონი უწოდეს, რომელსაც მონათესავე სახეობებთან შედარებით ნაკლები კბილი აქვს. მეცნიერებმა ეს მათ კატისმაგვარ ადაპტაციად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ ასეთი სტრუქტურა უფრო ეფექტიანად კბენას შეუწყობდა ხელს.
ახალი მიგნება ამ უძველესი მტაცებლების ოჯახის ისტორიის შესახებ ჩვენს წარმოდგენას ცვლის. თავის ქალა პალეოგენურ პერიოდს მიეკუთვნება — ეს ეპოქა დინოზავრების გადაშენების შემდეგ დაიწყო და მას სიცოცხლის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის ძუძუმწოვრების, სწრაფი განვითარება ახასიათებდა. ჰიენოდონტები აფრიკისა და არაბეთის ტერიტორიაზე იმ პერიოდის მთავარი ხორცისმჭამელი ძუძუმწოვრები იყვნენ. ისინი რეგიონის ხშირ, მდიდარ ტყეებში ნადირობდნენ. ეს მტაცებლები დიდი, წაგრძელებულ თავის ქალით გამოირჩეოდნენ, რომელიც დიდი რაოდენობით კბილს იტევდა. სავარაუდოდ, მათი ნადავლი ადრეული სპილოები, დამანები და სხვა ცხოველები იყვნენ, მათ შორის ჩვენი წინაპარი პრიმატებიც.
ლაბორატორიაში მკვლევრებმა ნამარხს სკანირება გაუკეთეს და მისი სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს. ცხოველის წაგრძელებული, დანის პირის მსგავსი, უკანა კბილები მიუთითებს, რომ ის ძირითადად ხორცით იკვებებოდა, ხოლო ყბის კუნთები მას ძლიერად კბენის შესაძლებლობას აძლევდა. აღმოჩენილ ჰიენოდონტს, ცნობილ ნათესავებთან შედარებით, ერთი წინა კბილი და ერთი მსხვილი საღეჭი კბილი აკლდა. ეს, სავარაუდოდ, თავის წინა ნაწილის კომპაქტურობასა და ყბების უფრო ეფექტიან დახურვას უზრუნველყოფდა.
დროთა განმავლობაში თანამედროვე კატებსაც ნაკლები კბილი დარჩათ, რის გამოც მათ ძაღლებზე პატარა თავი აქვთ. ამ მსგავსების გამო მკვლევრებმა ცხოველის სახელი ძველეგვიპტური ლომისთავიანი ქალღმერთისგან აიღეს (ბასტეტი) და ამ სახეობას ბასტეტოდონი უწოდეს. სიტყვასიტყვით თარგმნისას ეს "კატისთავიანი ქალღმერთის მსგავს კბილებს" ნიშნავს.
1906 წელს ნაპოვნ სხვა ნამარხებთან შედარების საფუძველზე პალეონტოლოგმა მეთიუ ბორსმა და მისმა კოლეგებმა ბასტეტოდონი მისთვის განკუთვნილ ევოლუციურ გენეალოგიურ ხეზე განათავსეს. გუნდმა, ასევე, იმავე ადგილზე აღმოჩენილი ჰიენოდონტების ნამარხების წარმოშობა ხელახლა შეაფასა.
ადრე მიიჩნეოდა, რომ მტაცებლების ეს ჯგუფი ევროპიდან მოდიოდა, თუმცა ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ მათი ფესვები აფრიკაშია (ახალაღმოჩენილი ჰიენოდონტის ჩათვლით). ეს და სხვა მიგნებები მიუთითებს, რომ ამ ცხოველთა წინაპრები აფრიკიდან სხვადასხვა მიმართულებით გავრცელდნენ და აზიას, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკასაც კი მიაღწიეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Vertebrate Paleontology გამოქვეყნდა
კომენტარები