ოკეანის უღრმეს წერტილში ათასობით ახალი მიკრობი აღმოაჩინეს
ფოტო: Getty
მხოლოდ 6 კილომეტრია ოკეანის ზედაპირსა და მის უღრმეს რეგიონს შორის, რომელსაც ჰადალური ზონა ეწოდება. იქ — წერტილში, სადაც მზის სხივები თითქმის ან საერთოდ არ აღწევს — სრულიად სხვაგვარი გარემოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მაგალითად, მეცნიერებმა მსგავს არეალში, მათ შორის მარიანის ღრმულში, მცხოვრები ათასობით ახალი მიკროორგანიზმი აღმოაჩინეს.
ჰადალური ზონა 11 კილომეტრამდე ვრცელდება, ანუ უკიდურეს სიღრმეშია, სადაც ცოცხალ არსებებს გადარჩენის განსხვავებული მექანიზმები სჭირდებათ. მეცნიერებმა ამ რეგიონიდან წყლისა და დანალექის ნიმუშები მოიპოვეს, რომელთა შესწავლამაც მიკრობთა 7 564 სახეობა გამოავლინა. მათი დაახლოებით 90% აქამდე უცნობი იყო.
ასეთი ბიომრავალფეროვნება გასაოცარია იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ არეალში ტემპერატურა ყინვის ნიშნულს უახლოვდება, წნევა ძალიან მაღალია, საკვები ნივთიერებების რესურსი კი მწირია. მიკროორგანიზმებში მსგავს პირობებში გადარჩენის ორი ძირითადი მექანიზმი დაფიქსირდა: ერთ ნაწილს უფრო მარტივი გენომი აქვს, რაც ნაკლებ საჭიროებას გულისხმობს. ასევე, მათში არის ფერმენტები, რომლებიც ამგვარ გარემოსთან ასოცირებულ სირთულეებთან გამკლავებას აადვილებს; მეორე ჯგუფში უფრო დიდი გენომებია, რაც ამ მიკრობებს ადაპტაციას უმარტივებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ განსაკუთრებული მრავალფეროვნება და განსხვავებულობა პროკარიოტებსა და ვირუსებში გამოვლინდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათზე არა მხოლოდ ექსტრემალური პირობები, არამედ ჰადალური ზონის ტოპოგრაფიული მახასიათებლებიც მოქმედებს.
დადგინდა ისიც, რომ მიკრობები ოკეანის სიღრმეში ისეთ კუთხე-კუნჭულებში ბინადრობენ, სადაც ყველაზე კომფორტულად და უსაფრთხოდ იქნებიან. სპეციალისტების მიერ შესწავლილ თითოეულ ადგილში კონკრეტული მიკრობებია გავრცელებული და მათი გადაკვეთა ძალზე იშვიათია. მეტ სიღრმეში თანაარსებობისა და საკვების გაზიარების ფენომენი უფრო ხშირდება, რადგან ეს მიკრობების გადარჩენისთვის აუცილებელია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Cell გამოქვეყნდა.

კომენტარები