ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, რომ ძველ ევროპელებში ღია ფერის კანი იშვიათობა ყოფილიყო. საუბარია პერიოდზე, რომელიც რომის ლეგენდარულ დაარსებას უსწრებს, ანუ რკინის ხანამდე დროზე. ამის შესახებ ნაშრომი არარეფერირებად პლატფორმა bioRxiv-ზეა ხელმისაწვდომი.

ცნობილია, რომ ჩვენი წინაპრები სხვა რეგიონებში აფრიკიდან გავრცელდნენ. თავდაპირველად მათ მუქი კანი, თმა და თვალები ჰქონდათ, მაგრამ ევრაზიის ცივ ჩრდილოეთში გადასულ ადამიანებს ნელ-ნელა იერი შეეცვალათ. ღია შეფერილობის კანი მზის ულტრაიისფერ რადიაციას უკეთ შთანთქავს, რაც D ვიტამინის გამომუშავებას უწყობს ხელს — შედეგად, ორგანიზმი ცივ კლიმატს უფრო მარტივად ეგუება. ბოლო მიგნება მანიშნებს, რომ ეს შესაძლოა, იმაზე გვიან მომხდარიყო, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მეცნიერები ამბობენ, რომ კავკასიის რეგიონში ღია ფერის კანის მქონე ადამიანები დაახლოებით 15 000 წლის წინ გამოჩნდნენ. უადრესი თეთრკანიანები ანატოლიელი ფერმერები იყვნენ, რომლებიც ევროპაში ნეოლითის პერიოდში მოხვდნენ და იქ მანამდე მობინადრე მონადირე-შემგროვებელთა პოპულაცია ჩაანაცვლეს.

სპეციალისტების თქმით, აქამდე მიიჩნეოდა, რომ თეთრი კანი ევროპაში ერთ ტალღად გავრცელდა და მას მთლიანად მოედო. ახალი კვლევის მიხედვით კი ეს ერთბაშად ასე მასშტაბურად არ მომხდარა, არამედ — აქა-იქ, სხვადასხვა არეალსა და დროში. დომინანტური მუქი კანი სწორედ რკინის ხანამდე უნდა შენარჩუნებულიყო, პერიოდამდე, რომელზეც რომულუსისა და რემუსის მითი მოგვითხრობს.

მეცნიერებმა ევრაზიის სხვადასხვა ნაწილში ნაპოვნი 348 ადამიანის ნაშთებიდან მოპოვებული დნმ გააანალიზეს. ასე მათ გამოიკვლიეს, როგორ იცვლებოდა ბოლო 45 000 წლის განმავლობაში კანის, თმისა და თვალების პიგმენტაცია. აღმოჩნდა, რომ მუქიდან ღია ფერის კანზე გადასვლა სწორხაზოვანი პროცესი სულაც არ ყოფილა და არც ისე სწრაფად წარიმართა, როგორც აქამდე ფიქრობდნენ.

ანალიზმა აჩვენა, რომ პალეოლითის ხანაში, 45 000-13 000 წლის წინ, თითქმის ყველას მუქი კანი ჰქონდა, ხოლო მეზოლითში ჩრდილოეთ ევროპაში, საფრანგეთსა და სერბეთში ღია ფერის თვალები გახშირდა. 12 000 წლის წინა შვედეთის ტერიტორიაზე ქერა და თეთრკანიანი მოსახლეობა ფიქსირდება, ნეოლითის პერიოდში კი (10 000-4 000 წლის წინ) ევრაზიის მასშტაბით მუქი კანის დომინანტურობა გამოიკვეთა. გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთ ევროპის მცირე პოპულაცია იყო.

შავგვრემანობასთან ღია შეფერილობის კანის, თვალებისა და თმის მნიშვნელოვანი თანაარსებობა მხოლოდ ბრინჯაოს ხანაში შეინიშნება, კერძოდ ინგლისში, ესტონეთში ჩეხეთსა და უნგრეთში მიკვლეულ ინდივიდებში. რკინის ხანის 3 000-1.700 წლის წინანდელ გენომებში ევროპასა და დასავლეთ აზიაში მუქი, გარდამავალი და ღია ფერის კანის შერეული ინდიკატორები გამოვლინდა. მანამდე ასეთი აშკარა თანაფარდობა არ დაფიქსირებულა, რადგან პრეისტორიულ ევროპაში მუქკანიანები ჭარბობდნენ.

მეცნიერები თქმით, შესაძლოა, ეს იმით აიხსნებოდეს, რომ მაშინდელ ევროპაში D ვიტამინს ზღვის პროდუქტებიდან იღებდნენ, ამიტომ მზის სინათლის ხარბად შთანთქმა ისე ძალიან აღარ სჭირდებოდათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.