გაიცანით კაცი, რომლის სისხლმაც 2 მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

ფოტო: thestorypedia
ჯეიმს ჰარისონი ის ძალიან იშვიათი ადამიანია, რომელმაც თავისი სისხლით ორ მილიონზე მეტი ბავშვის გადარჩენა შეძლო.
ჰარისონმა, რომლის პლაზმა იშვიათ და ძვირფას ანტისხეულებს (Anti-D) შეიცავდა, სისხლი 1100-ზე მეტჯერ გაიღო. მას ზედმეტსახელად "კაცი ოქროს მკლავით" უწოდეს.
სამწუხაროდ, სულ ცოტა ხნის წინ (17 თებერვალს) ის მოხუცთა თავშესაფარში მოკვდა.
ჰარისონს 14 წლის ასაკში ფილტვის ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც მას 13 ლიტრი სისხლი გადაუსხეს. გადარჩენის შემდეგ, ჰარისონმა პირობა დადო, რომ დონორი გახდებოდა. კარგი დამთხვევა აღმოჩნდა ისიც, რომ მისი იშვიათი ანტისხეულები რეზუს შეუთავსებლობის სამკურნალოდ იდეალური იყო.
მან პლაზმის დონაცია 18 წლის ასაკში დაიწყო და ამას აკეთებდა ყოველ ორ კვირაში ერთხელ 81 წლამდე.
შესაბამისად, როდესაც ჰარისონმა დონორობა დაიწყო, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მის სისხლში ანტისხეულები იყო, რომლებიც Rh-დამოკიდებული ჰემოლიტიკური დაავადების (HDN) წინააღმდეგ მოქმედებდა.

ფოტო: nytimes
"ჯეიმსი გამორჩეული, კეთილი და გულუხვი ადამიანი იყო, რომელმაც მთელი სიცოცხლე სისხლის გაცემას მიუძღვნა. მან ამით უამრავი ადამიანის გული მოიგო. რაც მთავარია, ამით მილიონობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა და სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია", — აღნიშნა Lifeblood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კორნელისენმა.
ჰარისონის სიკვდილის შემდეგ მასზე მისმა შვილმა ტრეისიმაც ისაუბრა. ჰარისონის ქალიშვილის თქმით, მამამისს ჰუმანური გული ჰქონდა.
"ის ძალიან ამაყობდა იმით, რომ ამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეძლო", — თქვა ტრეისიმ.
ცნობისთვის, Anti-D გამოიყენება მედიკამენტის დასამზადებლად, რომელიც ისეთ ორსულ დედებს მიეწოდება, რომელთა სისხლი ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვის სისხლის უჯრედებს თავს ესხმის.
ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც ორსულ ქალს რეზუს-უარყოფითი სისხლი (RhD უარყოფითი) აქვს, ხოლო მის ნაყოფს საშვილოსნოში რეზუს-დადებითი სისხლი (RhD დადებითი) ერგება მამისგან.
თუ დედა რეზუს-დადებითი სისხლის მიმართ მგრძნობიარეა, მან შეიძლება გამოიმუშაოს ანტისხეულები, რომლებიც ბავშვის "უცხო" სისხლის უჯრედებს გაანადგურებს. შედეგად, ჩვილი შეიძლება დაიღუპოს.
Anti-D, ჰარისონის ანტისხეულებით წარმოებული, ხელს უშლიდა რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ქალებს ორსულობის დროს RhD ანტისხეულების განვითარებაში.
ავსტრალიელი ოფიციალური პირების თქმით, ჰარისონის ანტისხეულების აღმოჩენა გარდამტეხი მომენტი იყო.

ფოტო: metro.co
"ავსტრალიაში, დაახლოებით 1967 წლამდე, ყოველწლიურად ათასობით ჩვილი ისე იღუპებოდა, რომ ექიმები ამის მიზეზს ვერ ხვდებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვები დაზიანებული ტვინით იბადებოდნენ", — განაცხადა ჯემა ფალკენმაირმა, ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის სამსახურის წარმომადგენელმა.
სწორედ ჰარისონის სისხლში აღმოჩნდა პრობლემის საშველი. ამ ყველაფრისთვის ჰარისონს ავსტრალიაში ბევრი ჯილდო გადაეცა, მათ შორის ავსტრალიის ორდენის მედალი, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო.
ჰარისონი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დონორი. ითვლება, რომ ავსტრალიაში ყოველ მესამე დედამ ჰარისონის სისხლის დახმარებით გადაარჩინა შვილი.
საინტერესო ფაქტია, რომ ჰარისონმა ამ მეთოდით საკუთარი შვილიც კი გადაარჩინა.
2018 წელს, 81 წლის ასაკში, ჰარისონმა უკანასკნელად გაიღო სისხლი, რადგან ავსტრალიის კანონებით, 81 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სისხლის გაღება აღარ არის დაშვებული.
კომენტარები