კასპიის ზღვა შრება — შესაძლოა, მომავალში საქართველო "ორ ზღვას შუა" აღარ იყოს მოქცეული

ფოტო: NASA
კასპიის ზღვა მსოფლიოში წყლის უდიდესი გაუდინარი ბუნებრივი რეზერვუარია და უზარმაზარი ზომით ტბებს შორის პირველობას ინარჩუნებს. ამის მიუხედავად, შესაძლოა, მალე ეს შეიცვალოს, რადგან 1995 წლიდან მოყოლებული, მისი წყლის დონე ყოველწლიურად მცირდება.
მაგალითად, 2006-24 წლებს შორის კასპიის ზღვაში წყლის დონემ დაახლოებით 2 მეტრით დაიკლო. ახლა იგი ზღვის დონიდან 29 მეტრით ქვემოთაა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. პროგნოზირებენ, რომ მსგავსი შემაშფოთებელი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და საუკუნის მიწურულს იქ წყლის დონე 9-დან 18 მეტრამდე შემცირდება. შედეგად, კასპიის ზღვა მთლიანი არეალის მეოთხედს დაკარგავს.
აღნიშნული პროცესი რეზერვუარის ყველა რეგიონში გავრცელდება, მაგრამ პირველი თვალსაჩინო ცვლილებები ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდება, რომელიც ყაზახეთს ეკუთვნის. იქ ყველაზე წყალმარჩხი არეალია, რასაც ნახშირწყალბადით დაბინძურება და გემების აქტიური მიმოსვლა ემატება. შედეგად, ეს ადგილი დანარჩენთან შედარებით ბევრად მოწყვლადი ხდება და დიდი საფრთხის წინაშეა.
საინტერესოა, რა იწვევს კასპიის ზღვაში წყლის დონის ასეთ კლებას?
მეცნიერები ამბობენ, რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგანაც უმთავრესი კლიმატის ცვლილებაა. ამის გამო რეგიონში ატმოსფერული ნალექი მცირდება, ხოლო აორთქლება ძლიერდება, რაც წყლის დაკარგვას იწვევს. ჩვეულებრივ, გლობალური დათბობის პირობებში წყლის დონე იზრდება, მაგრამ ვინაიდან კასპიის ზღვა გაუდინარი რეზერვუარია, იქ საპირისპირო რამ ხდება.
1979-2015 წლებს შორის კასპიის ზღვის თავზე ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით ერთი გრადუსით მოიმატა, რასაც ქარის მიმართულების ცვლილებაც დაერთო. შედეგად, მის აუზში წყლის აორთქლების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც წყლის დონის მუდმივ კლებას იწვევს.
ფოტო 1: NASA / ფოტო 2: NASA
თავად კლიმატის ცვლილება ადამიანთა ისეთი საქმიანობების გამო მწვავდება, როგორიც წიაღისეულის მოპოვება-მოხმარებაა. კასპიის ზღვა ასეთი რესურსებით მდიდარია, მათ შორის 48 მილიარდი ბარელი ნავთობითა და 826 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირით. რა თქმა უნდა, ზღვისპირა სახელმწიფოები ამ შესაძლებლობას აქტიურად იყენებენ, რაც განსაკუთრებულად უარყოფითად ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში აისახება, ყაზახეთისა და რუსეთის მახლობლად.
კასპიის ზღვის სანაპიროს 29% სწორედ ყაზახეთს ეკუთვნის. 2001-22 წლებში რეზერვუარის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის ზედაპირის ფართობი 39%-ით შემცირდა, სანაპირო ზოლმა კი 37.25 კილომეტრით უკან დაიხია. თუკი წყლის დონე 10 მეტრით შემცირდება, ზღვისპირა დასახლებებსა და სანაპიროს შორის მანძილი 89 კილომეტრს მიაღწევს.
ამის რისკს ყაზახეთის მიერ წიაღისეულის მოპოვება ზრდის. როგორც სანაპიროზე, ისე ოფშორულ არეალში. 2013 წლის ანგარიშის თანახმად, ნავთობის მარაგის ოდენობამ იქ 31.2 მილიარდი ბარელი შეადგინა, ბუნებრივი აირისამ კი — 294 ტრილიონი კუბური მეტრი. პროექტების (Tengizchevroil, Kashagan) საქმიანობაში გარემოსთვის საშიში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, მაგრამ კომპანიებს ამაზე პასუხი არ უგიათ. ასეთი შემთხვევები სათბურის აირების ემისიას ზრდის და კასპიის ზღვაში წყლის დონის კლებას აჩქარებს.
მავნე აირების კიდევ ერთი წყარო ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ორ მთავარ პორტში გემების მოძრაობაა. ყოველწლიურად იქ 15 მილიონი ტონა ნავთობი გადააქვთ, რომელიც ხანდახან იჟონება და წყლის ეკოსისტემას აბინძურებს. 2014-22 წლებში 15 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ შესაძლოა, ეს რიცხვი რეალურად 329-ს აღწევდეს.
ასევე, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო გზაზე, რომელსაც შუა დერეფანსაც უწოდებენ, ბოლო რამდენიმე წელში გადაზიდული ტვირთის ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ეს დერეფანი ზღვასა და ხმელეთზე ვრცელდება, რათა ჩინეთი ევროპასთან დააკავშიროს. ამ აზიური ქვეყნიდან პროდუქტი ყაზახეთის აქთაუს პორტში სარკინიგზო გზით ჩადის, შემდეგ კი გემებით კასპიის ზღვის გავლით ბაქოში ხვდება. იქიდან ტვირთი ევროპაში საქართველოსა და თურქეთის მეშვეობით იგზავნება.
შუა დერეფნის მნიშვნელობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. საქმე ისაა, რომ ეს სატრანსპორტო გზა რუსეთში გამავალი ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატივაა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, შესაძლოა, 2030 წლისთვის ტრანსკასპიური მარშრუტით გაგზავნილი ტვირთის წონამ 11 მილიონ ტონას მიაღწიოს. აქედან 4 მილიონი ტონა კი ზღვით გადატანას საჭიროებს, რაც ნახშირბადის ემისიებსა და წყლის აორთქლების მაჩვენებელს გაზრდის.
იქიდან გამომდინარე, რომ კასპიის ზღვა ყაზახეთისთვის დიდი შემოსავლის მომტანია, გარემოზე გავლენას დიდი ყურადღება არ ექცევა. საბოლოოდ, ისევ ის სახელმწიფოები დაზარალდება, რომლებსაც ზღვის რესურსის გამოყენებით დიდი ეკონომიკური მოგება აქვს. სპეციალისტები ამ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ სიტუაციის სიმწვავე გაიაზრონ და მის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
კომენტარები