ამჟამინდელი ტემპით ოზონის შრე 2066 წლისთვის სრულად აღდგება — გაეროს ანგარიში
გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად, დედამიწის ოზონის შრე მომდევნო 4 დეკადის განმავლობაში სრულად აღდგება, თუკი ეს პროცესი ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, ოზონდამშლელი ნივთიერებების აკრძალვამ სასურველი შედეგი გამოიღო და ამის მეშვეობით შესაძლოა, 2 100 წლისთვის გლობალურად ტემპერატურის 0.3-0.5°C-ით მატებაც ავიცილოთ თავიდან.
ოზონდამშლელი ნივთიერებების ამკრძალავი კანონი, რომელსაც მონრეალის პროტოკოლის სახელით ვიცნობთ, ძალაში 1989 წელს შევიდა. ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც გაეროს წევრმა ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი, ოზონის შრისთვის საზიანო 100-მდე ნივთიერებაა იდენტიფიცირებული. მათი მოხმარება და წარმოება დღემდე რეგულირდება, თანაც უფრო და უფრო მკაცრად.
ასევე, იხილეთ: ოზონის შრე — როგორ ვიცავთ იმას, რაც თავად გვიცავს
მათ შორისაა ქლორფთორნახშირბადები, ჰალონი, ნახშირბადის ტეტრაქლორიდი, მეთილქლოროფორმი, ჰიდრობრომოფთოროკარბონები, ჰიდროქრომოფთოროკარბონები, მეთილის ბრომიდი, ბრომოქლორომეთანი და სხვა. ეს ნივთიერებები კონდიცირების სისტემებსა თუ სხვა მოწყობილობებში ფართოდ გამოიყენებოდა, თუმცა ისინი ხმარებიდან მრავალმა ქვეყანამ ამოიღო და ალტერნატიული საშუალებებით ჩაანაცვლა.
ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მონრეალის პროტოკოლის ფარგლებში მეცნიერულ შეფასებაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი ოზონის შრესთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. უკანასკნელი შედეგები ოპტიმიზმის მიზეზს გვაძლევს, რადგან პროგრესი სახეზეა.
სპეციალისტთა დასკვნით, დაახლოებით 2040 წლისთვის ოზონის შრე მსოფლიოს უდიდეს ნაწილში აღდგება, 2045 წლისთვის — არქტიკის რეგიონის თავზე, ხოლო 2066 წლისთვის — ანტარქტიკის მიმდებარედ. ეს ნიშნავს, რომ ოზონის შრე აღნიშნული დროისთვის 1880 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება, სანამ ხვრელები გაჩნდებოდა.
"ოზონის შრის შესანარჩუნებლად გადადგმული ნაბიჯები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პრეცედენტია. ოზონდამშლელი ნივთიერებების აკრძალვაში ჩვენი წარმატება გვიჩვენებს, რა უნდა გაკეთდეს, რომ წიაღისეული საწვავი სხვა წყაროთი ჩავანაცვლოთ, სათბურის აირების ემისია შევამციროთ და ტემპერატურის მატება შევაჩეროთ", — აცხადებენ მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში.
მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მოღვაწე მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ავტორები ამერიკული მეტეოროლოგიური საზოგადოების რიგით 103-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგენენ.
კომენტარები