პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერი ტოფიგ იაგუბლუ მეხუთე დღეა შიმშილობს
აზერბაიჯანელ ოპოზიციონერ აქტივისტს, ტოფიგ იაგუბლუს, რომელიც მეხუთე დღეა შიმშილობს სოლიდარობის ნიშნად ცოლი და სხვა აქტივისტები შეუერთდნენ.
მას შემდეგ, რაც იაგუბლუ 23 დეკემბერს, სოციალური აქტივისტის, ბახტიარ ჰაჯიევის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დააკავეს, იგი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.
იმავე დღეს ბაქოს სასამართლომ იგი წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო და 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება იაგუბლუმ პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.
იაგუბლუს ქალიშვილის, ნიგარ ჰაზიის თქმით, ოპოზიციონერმა აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო მის დაკავების "არაკანონიერი" გადაწყვეტილების გამო, ასევე, დაკავების ცენტრში მყოფი პატიმრებისთვის მიწოდებული საკვების უხარისხობისა და დაკავების ცენტრში საკვების საჩუქრად მიღების "არაგონივრული და უკანონო აკრძალვების" გასაპროტესტებლად.
"დაკავების ცენტრში პატიმრებს საკვებს თითქმის არ აწვდიან. სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ მოწოდებული საკვები მხოლოდ იმისთვისაა, რომ შიმშილით არ მოკვდნენ", — თქვა მან.
ჰაზიმ დასძინა, რომ საკვების ხარისხი ისეთი იყო, რომ "უმჯობესია არ ეჭამა ეს უხარისხო საკვები, ვიდრე ეჭამა".
იაგუბლუს ცოლმა, მაია იაგუბლუმ შიმშილობა დაიწყო ქმრისადმი სოლიდარობის ნიშნად 7 იანვარს, დაკავების ცენტრში ვიზიტის შემდეგ.
იგი ამტკიცებდა, რომ ტექნოლოგიის გაუმართაობის გამო, ციხეში ქმართან სტუმრობისას მასთან კომუნიკაციაში ხელი შეეშალა.
"მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ჩემს პარტნიორს. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დღეიდან სახლში ვიშიმშილებ. თუ მოვკვდებით, ჩვენ ერთად მოვკვდებით", — თქვა მან.
მისი განცხადების შემდეგ, სულ მცირე რვა სხვა ოპოზიციონერმა აქტივისტმა განაცხადა, რომ ისინიც უერთდებიან შიმშილობას სოლიდარობის ნიშნად.
კვირას ჰაზიმ თქვა, რომ მას ეცნობა, რომ "ხელისუფლებას სურს ტოფიგ იაგუბლუს მოთხოვნების შესრულება".
ჰაზის თქმით, დაკავების ცენტრის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში იაგუბლუს ნებას მისცემდნენ შეხვედროდა ოჯახს და მიეღო საკვები, რომლის შეკვეთაც მას რესტორნიდან სურდა, თუკი შიმშილობას შეწყვეტდა, მაგრამ იაგუბლუმ უარი განაცხადა.
"მან მისი უარი იმით ახსნა, რომ იგი შიმშილობს არა მხოლოდ საკვების პრობლემების გამო, არამედ იმიტომ, რომ იქ მყოფ ყველა პატიმარს ერთნაირი პრობლემები აქვთ", — წერს ჰაზი.
იაგუბლუს ადვოკატმა, ნემატ კარიმლიმ დაწერა, რომ იაგუბლუმ წონაში დაიკლო და ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე თავს სუსტად გრძნობდა და თავბრუსხვევებიც ქონდა.
მან დასძინა, რომ კარიმლისა და იაგუბლუს შეხვედრის დროს პოლიციელი იმყოფებოდა, რაც ნიშნავს, რომ დაკავებულს ადვოკატთან კონფიდენციალური შეხვედრის უფლება დაერღვა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები