ნახეთ: სამხრეთკორეულმა კოსმოსურმა აპარატმა დედამიწის გასაოცარი ფოტოები გადაიღო
სამხრეთ კორეის მიერ დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე გაშვებულმა პირველმა კოსმოსურმა აპარატმა ჩვენი პლანეტის გასაოცარი ფოტოები გადაიღო, რომლებზეც მთვარის უსწორმასწორო ზედაპირიც მოჩანს. ეს შავ-თეთრი კადრები ჩვენი მშობლიური ციური სხეულის მშვენიერებაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.
მთვარის სამხრეთკორეულ ზონდს Danuri ჰქვია. მისი სახელი აბრევიატურაა, რომელიც კორეულ სიტყვებს "მთვარე" და "მხიარულება" აერთიანებს. ის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კუთვნილი რაკეტის მეშვეობით კოსმოსში აშშ-ის ტერიტორიიდან 2022 წლის აგვისტოში გაუშვეს, დანიშნულების ადგილამდე კი მან გასულ თვეში მიაღწია.
ეს შთამბეჭდავი კადრები კოსმოსურმა აპარატმა 24 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს შორის პერიოდში გადაიღო, როცა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისგან 120 კილომეტრზე ნაკლები მანძილი აშორებდა. სურათებზე მთვარის ზედაპირსა და ჩვენს პლანეტას ვხედავთ, რომელიც შავ-თეთრ ფერებშიც კი თვალწარმტაცია.
როგორც სამხრეთ კორეის საჰაერო-კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის (KARI) მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, ფოტოებსა და ვიდეოებზე აღბეჭდილ მთვარის რეგიონებს იქ დასაშვებად საუკეთესო ადგილების გამოსავლენად გამოიყენებენ.
სამხრეთკორეული ზონდი Danuri მთვარის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას 2 საათს ანდომებს. ის ოფიციალურ სამეცნიერო საქმიანობას მომდევნო თვეში შეუდგება. მათ შორის ციური სხეულის ზედაპირის რუკის შესადგენად მონაცემებს მოიპოვებს და მის ლანდშაფტს გამოიკვლევს, ასევე, გაზომავს ობიექტის მაგნიტურ ძალასა და გამა გამოსხივებას. აპარატი ექსპერიმენტულ "კოსმოსურ ინტერნეტსაც" გამოცდის, რომლის მეშვეობითაც ფოტოებსა თუ ვიდეოებს დედამიწაზე გამოგზავნის.
სამხრეთ კორეას კოსმოსის ათვისების მხრივ დიდი გეგმები აქვს. ქვეყანას სურს, მთვარეზე 2032 წლამდე დაეშვას, მარსზე კი — 2045 წლამდე.
კომენტარები