როგორ გავიგოთ, იყენებს თუ არა სხვა ჩვენს Wi-Fi-ს? — 3 გზა "ქურდების" გამოსაჭერად
სხვისი Wi-Fi, ალბათ, ყველას გამოგვიყენებია და ამაში საგანგაშო არაფერია. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ეს ინტერნეტის შენელებას იწვევს. უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, Wi-Fi-ში შესვლით ჰაკერები ცდილობდნენ ჩვენი პირადი ინფორმაციის მოპარვას.
თუკი მსგავს სიტუაციებში საკუთარი კომფორტისა და უსაფრთხოების უკეთ დაცვა გსურთ, შეგიძლიათ, სტატიის კითხვა განაგრძოთ.
როგორ გავიგოთ, იყენებს თუ არა ვინმე ჩვენს Wi-Fi-ს?
იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ავირიდოთ თავიდან, უმჯობესია გავიგოთ, ვინმე ჩვენს Wi-Fi-ს ჩვენი ნებართვის გარეშე ხომ არ იყენებს.
1. ქსელიდან გამოაერთეთ თქვენი მოწყობილობები და რაუტერი შეამოწმეთ
ეს გზა მაშინ უფრო მოსახერხებელია, თუკი Wi-Fi-ზე ზედმეტად ბევრი მოწყობილობა არ გაქვთ მიერთებული — წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი დრო დაგჭირდებათ.
პირველ რიგში, Wi-Fi-სთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა (მაგ: Alexa) გამოაერთეთ. ტელეფონზე, ტაბლეტსა თუ კომპიუტერზე Wi-Fi გამორთეთ, რათა ინტერნეტს არ დაუკავშირდეს.
ამის შემდეგ რაუტერი შეამოწმეთ და ნახეთ, შეიმჩნევა თუ არა რაიმე სახის აქტივობა. თუკი სინათლე მაინც ციმციმებს, შესაძლოა, ვიღაც თქვენს ქსელს იყენებდეს.
2. რაუტერის სისტემაში შედით და აქტივობა შეამოწმეთ
შეგიძლიათ, თქვენი ქსელის აპლიკაციით ანდა ონლაინ IP მისამართით სისტემაში შეხვიდეთ და შეამოწმოთ, რა მოწყობილობებია Wi-Fi-სთან დაკავშირებული. ამისათვის რაუტერი უნდა გადმოაბრუნოთ და ქვედა ნაწილში მიწერილ ინსტრუქციებს მიჰყვეთ.
თუკი უცნობ მოწყობილობებს დაინახავთ ანდა მათი ადგილმდებარეობა იქნება თქვენი ლოკაციისგან განსხვავებული, ისინი ქსელიდან გამორთეთ.
3. სპეციალური აპლიკაცია გამოიყენეთ
შეგიძლიათ, ქსელზე მიერთებული მოწყობილობების სია სპეციალური აპლიკაციების გამოყენებით შეამოწმოთ. ეს რაუტერზე შემოწმების მსგავსია, უბრალოდ პროცესში გარეშე პროგრამას იყენებთ.
შეგიძლიათ, კერძოდ, ეს ARP Guard გამოიყენოთ, რომელიც თქვენს Wi-Fi ქსელს დაასკანერებს. iOS-ზე მას ამ ბმულიდან გადმოწერთ, Android-ზე კი — აქედან.
როგორ შევაწყვეტინოთ უცნობებს ჩვენი Wi-Fi ქსელის გამოყენება?
თუკი თქვენს ინტერნეტს არასასურველი პიროვნება იყენებს, რამდენიმე მეთოდი ამ პრობლემის გადასაჭრელადაც არსებობს.
- არასასურველი მომხმარებლები დაბლოკეთ/წაშალეთ
- შეცვალეთ Wi-Fi-ს სახელი/პაროლი — ამისათვის ჯერ სისტემაში უნდა შეხვიდეთ წინა ქვეთავში მოცემული ინსტრუქციით. დარწმუნდით, რომ ახალი პაროლი საკმარისად რთულია და სხვები მის გამოცნობას ვერ შეძლებენ. შეცვლის შემდეგ თქვენი ყველა მოწყობილობა ხელახლა უნდა დააკავშიროთ. ამას გარეშე პირები ვეღარ შეძლებენ.
- რაუტერი განაახლეთ — ზოგადად, ციფრულ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კარგი რაუტერის შეძენა მშვენიერი იდეაა. მოდელს მინიმუმ WPA2 წვდომა უნდა ჰქონდეს, ანუ საჭირო მინიმალური დაცვა.
კომენტარები