"ჩონჩხის ხანა" ადრეულ კამბრიულ პერიოდში, დაახლოებით 540 მილიონი წლის წინ, დაიწყო. ამ ტრანსფორმაციული ეპოქის განმავლობაში დედამიწაზე ცხოველების უმეტესობას მინერალიზებული ჩონჩხები ან ნიჟარები ჩამოუყალიბდა. როგორც წესი, ეს პროცესი ორიდან ერთი გზით ხდებოდა: ცხოველებს ორგანულ ჩარჩოზე მინერალური ქსოვილები უყალიბდებოდათ, ან გარემოში არსებული მინერალები გროვდებოდა და მათ გამაგრებულ გარსს უერთდებოდა.

ეს სტრატეგიები საოცრად წარმატებული აღმოჩნდა და თითქმის უცვლელად შენარჩუნდა ნახევარ მილიარდ წელზე მეტი ხნით.

Salterella-ს ციფრული რეკონსტრუქცია.

ფოტო: Virginia Tech

მრავალი კამბრიული არსებიდან ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა. Salterella გირჩის ფორმის პატარა ორგანიზმია, რომელიც ადრეული კამბრიული ეპოქის ქანებში მრავლად გვხვდება. მისი ნამარხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ეს არსება ჩონჩხს უჩვეულო გზით აშენებდა. ეს ნამარხი იმდენად თავისებურია, რომ პალეონტოლოგები ხშირად ქანების შრეთა ასაკის დასადგენადაც კი იყენებენ.

მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობდნენ, Saltrella-ს ევოლუციური ისტორია შეესწავლათ და ეს არსება რომელიმე კლასისთვის მიეკუთვნებინათ. თავდაპირველად იგი კალმარებსა და რვაფეხებს მიაკუთვნეს, შემდეგ ზღვის მცენარეებს, მედუზების წინაპრებს და ჭიებსაც კი. საბოლოოდ 1970-იან წლებში მკვლევრებმა უარი თქვეს, იგი რომელიმე არსებულ კატეგორიაში ჩაესვათ; მათSalterella-სა და მასთან დაკავშირებული ნამარხისთვის ახალი კატეგორია, სახელად Volborthella, შექმნეს.

"ამ ნამარხებისთვის სწორი ადგილის პოვნა მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ, როგორ განუვითარდათ ცხოველებს ჩონჩხები და ნიჟარები", — აცხადებს კვლევის თანაავტორი პრესკო ვაიდა.

Salterella pulchella

ფოტო: Wikimedia Commons

ვაიდა Salterella-ს ნიმუშებს ოთხი წელი აგროვებდა შორეული ადგილებიდან, მათ შორის სიკვდილის ველიდან, იუკონიდან (კანადა) და უითის საგრაფოდან (ვირჯინია). კოლეგებთან ერთად მან ნამარხების ფორმები, მინერალური შედგენილობა და კრისტალური სტრუქტურები გაანალიზა, რათა მათი ბიოლოგია და წარმოშობა უკეთ გაეგო.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ Salterella ნიჟარის ასაშენებლად ტიტანით მდიდარ მარცვლებს იყენებდა. ამის გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Salterella-ს ბიოლოგიურ სტრუქტურას მხოლოდ თავდაცვითი დანიშნულება არ ჰქონია.

"თანდათან მათი ბიოლოგიის გაგებას ვიწყებთ და მალე ისიც გვეცოდინება, თუ კონკრეტულად სიცოცხლის რომელ სახეობას მიეკუთვნებიან", — თქვა ვაიდამ.

მათი ფორმის, ჰაბიტატისა და ნიჟარის სტრუქტურის გამოკვლევის შემდეგ ჯგუფმა დაასკვნა, რომ Salterella დიდი ალბათობით მსუსხავთა, ანუ წყლის უხერხემლო ცხოველების, ტიპს მიეკუთვნება.

ევოლუციური ისტორიის ამ შეუსწავლელი შტოს ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირება ადრეული ცხოველების ბიოლოგიურ ევოლუციაზე ბევრ ახალ ინფორმაციას გვაწვდის. საბოლოო ჯამში კი ეს აღმოჩენები დედამიწაზე სხეულის რთული სტრუქტურების განვითარების ისტორიას უფრო აშკარას ხდის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.