მეცნიერებმა მამონტის რნმ პირველად გაშიფრეს
ფოტო: Valeri Plotnikov
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეწვიანი მამონტის რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) წარმატებით გაშიფრეს. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან უარყოფს მოსაზრებას, რომ ამ მოლეკულას დიდი ხნით გადარჩენა არ შეუძლია.
რნმ ცილის სინთეზირებაში მონაწილეობს, რისთვისაც გენეტიკურ "ინსტრუქციებს" იყენებს. მისი მეშვეობით ვლინდება, რომელი გენებია აქტიური უჯრედებში კონკრეტულ მომენტში ან როგორ იცვლება მათი ამგვარი აქტიურობა დროთა განმავლობაში. შესაბამისად, ის ინფორმაციას გვაწვდის უკვე გადაშენებული ცხოველების შესახებაც, მაგრამ, თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ძველი რნმ-ის გაშიფვრა გამოწვევებს უკავშირდება.
დნმ-ისგან განსხვავებით, მას ორმაგი სტრუქტურა არ აქვს, ამიტომ ნაკლებად გამძლეა. მკვლევრებმა მაინც სცადეს, რომ ციმბირში ნაპოვნ მამონტთა 10 ნამარხი შეესწავლათ, რომლებიც 10 000-50 000 წლის წინანდელია და დღემდე კარგადაა შემონახული. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გაყინულ მდგომარეობაში არსებული ნიმუშების რნმ შეიძლება უფრო გამოსადეგი ყოფილიყო.
მათი ვარაუდი გამართლა, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი განამარხებული ცხოველის შემთხვევაში, რომელიც იუკას სახელითაა ცნობილი და წითური ბეწვის მქონე ახალგაზრდა მამონტია. ის დაახლოებით 39 000 წლის წინ ცხოვრობდა, რაც ნიშნავს, რომ მისი რნმ უძველესია მსგავს მოლეკულებს შორის, რომლებიც ოდესმე გაუშიფრავთ (აქამდე რეკორდი 14 300 წელი იყო).
კვლევის ერთ-ერთი მიგნება ისაა, რომ აღმოჩენილი გენეტიკური სიგნალების მიხედვით, იუკა მამრი იყო და არა მდედრი, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. ასევე, ინფორმაცია მიიღეს მისი კუნთების ფუნქციონირების შესახებაც — რნმ ისეთ ცილებს წარმოქმნიდა, რომლებიც კუნთების შემჭიდროებასა და გაჭიმვას განაპირობებდა; აღმოაჩინეს ე.წ. მარეგულირებელი გენებიც.
რნმ-ის გაანალიზება საშუალებას გვაძლევს, რომ ცხოველის სიცოცხლის ბოლო წუთებში მისი უჯრედული მდგომარეობა გამოვიკვლიოთ. მაგალითად, იუკას შესწავლისას მის კუნთებში მეტაბოლური უჯრედების მიერ განცდილი სტრესის ნიშნებს გადააწყდნენ. ეს 2021 წლის კვლევის შედეგებს შეესაბამება, რომელთა მიხედვითაც მამონტს თავს, სავარაუდოდ, გამოქვაბულის ლომები დაესხნენ (მიგნებულია უფრო პატარა მტაცებლების ნაკბენებიც). ამის მიუხედავად, ზუსტად ვერ ვიტყვით, ეს დაზიანებები მან სიკვდილამდე მიიღო თუ შემდეგ.
ავტორები ამბობენ, რომ მათი მიღწევა ძველი რნმ-ების შესწავლის პოტენციალს აჩვენებს და გადაშენებული ცხოველების გამოკვლევის ახალ გზას ქმნის. მათი ნაშრომი გამოცემაში Cell გამოქვეყნდა.

კომენტარები