მსოფლიოში ქვეყნებს შორის ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი 8891 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული. ის ორ "ნაწილადაა" გაყოფილი, საიდანაც ერთი ტერიტორიებს ჰორიზონტალურად კვეთს, მეორე კი — ვერტიკალურად (რუკის გამოსახულებით).

ეს საზღვარი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორისაა. მისი გრძელი მონაკვეთი ჩრდილოეთ ამერიკის გასწვრივაა და სამხრეთით მდებარე კონტინენტურ შტატებს განივად მიუყვება, ვერტიკალური გამყოფი კი ალასკასა და კანადას შორის არეალს კვეთს.

რუკების უმეტესობაში ამ ჰორიზონტალური საზღვრის დიდი ნაწილი საოცრად სწორხაზოვანია, მაგრამ რეალურად ასე არაა; ის ტყის ტბასა და სასაზღვრო ყურეს შორისაა, ანუ 2027 კილომეტრ მანძილს მოიცავს. მთელს ამ გაყოლებაზე იგი ზიგზაგის ფორმებს ქმნის და ზოგ ადგილას ჩრდილოეთ განედის 49-ე პარალელს ასობით მეტრით ცდება. 1990-იანი წლების მიწურულს ამის გამო აღმოჩნდა, რომ კანადის სასაზღვრო ქალაქი კუტსი აშშ-ის მხარეს ხვდებოდა (ის მიჯნის მიღმა ხმელეთის 363 მეტრს იკავებს).

ამგვარი უზუსტობები მე-18 და მე-19 საუკუნეებში მომხდარი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებისა და არასათანადო კვლევების გავლენით ამერიკელების, კანადელებისა და ბრიტანელების მიერ გამოსახულ საზღვრებს უკავშირდება; 1803 წელს ლუიზიანური შესყიდვის შემდეგ აშშ-სა და ბრიტანეთს შორის შეთანხმება შედგა: მათი ტერიტორიების მიჯნა ბუნებრივი წყალგამყოფების გასწვრივ უნდა ყოფილიყო (წყლების ერთი ნაწილი ჰუდსონის ყურეში ჩაედინება, მეორე — მისისიპი-მისურის სისტემაში). ამის მიუხედავად, ხმელეთზე ამგვარი საზღვრის დადგენა რთული აღმოჩნდა, რის გამოც ორივე მხარემ არჩევანი სწორედ 49-ე პარალელზე შეაჩერა, ზუსტი გეოგრაფიული გამოთვლების გარეშე.

დროთა განმავლობაში ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმებებს აღწევდნენ, რათა საზღვრები დაემტკიცებინათ. მაგალითად, 1846 წლის ორეგონის ხელშეკრულების მიხედვით, 49-ე პარალელი წყნარ ოკეანემდე გაიჭიმა. ხელოვნური თანამგზავრების გარეშე საქმე მაინც რთულდებოდა, რადგან მიჯნის მიმდებარედ ბევრი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ადგილია: მდინარეები, ტბები, მთები, ტყეები და სხვა.

ამის შედეგი ისაა, რომ ერთი ქვეყნის კონკრეტულ ტერიტორიაზე სახმელეთო გზით მოხვედრა მხოლოდ მეორე ქვეყნის გავლითაა შესაძლებელი. ასეთია ვაშინგტონში მდებარე პოინტ-რობერტსი და აშშ-ში შემავალი ჩრდილო-დასავლეთის კუთხე, რომლის გარშემოც კანადაა.

ასეა თუ ისე, აშშ და კანადა მეგობარი ქვეყნებია, ამიტომ ამ მიზეზით მათ შორის დაძაბული სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.