რატომ ავიწყდებათ ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს ოჯახის წევრები — კვლევა
ფოტო: Getty Images
ალცჰაიმერის ადრეულ სიმპტომებს შორის ხანმოკლე მეხსიერების შესუსტება, ხასიათის ცვლილებები, დეზორიენტაცია და ყურადღების მოკრების გაძნელებაა. ამის მიუხედავად, ეს პროგრესირებადი დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში პაციენტების მდგომარეობა უარესდება.
ამის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ეფექტი ისაა, რომ ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს ოჯახის წევრებისა და მეგობრების გახსენება უჭირთ. ეს ე.წ. სოციალური მეხსიერების პრობლემაა, რომელიც დაავადების შედარებით გვიანდელ ფაზაში იჩენს თავს. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამაში დიდ როლს შეიძლება ნეირონების შემაერთებელ ადგილებში არსებული სტრუქტურების დარღვევა ასრულებდეს.
ამ სტრუქტურას პერინეირონული ქსელი იწოდება; ეს ტვინის ზოგ რეგიონში ნეირონების გარშემო არსებული ბადისებრი წარმონაქმნია, რომელიც მათ მოქნილობას არეგულირებს, ოქსიდაციური სტრესისგან იცავს და სინაფსური კავშირების სტაბილურობას განაპირობებს. გამოდის, რომ ის ამ უჯრედების სათანადო კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია, ასეთი კომუნიკაცია კი მოგონებების დამახსოვრებას უწყობს ხელს.
იმის გასაგებად, აქვს თუ არა წვლილი მეხსიერების პრობლემების განვითარებაში პერინეირონული ქსელის დაზიანებას, კვლევა თაგვებზე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ჰიპოკამპუსის (ტვინის ნაწილი) CA2-ად წოდებულ არეალში ზემოხსენებული სტრუქტურის დარღვევამ დაავადებულ მღრღნელებს თანამოძმეების გახსენება გაუძნელა. ამის მიუხედავად, მათ ახალი მოგონებების დამახსოვრება ისევ შეძლეს.
მართალია, თაგვებზე ჩატარებული კვლევების შედეგები ადამიანებზე ყოველთვის არ ვრცელდება, თუმცა ეს ალცჰაიმერის მქონე პაციენტების სიმპტომებს საკმაოდ შეესაბამება. საქმე ისაა, რომ მათშიც სოციალური მეხსიერება იმაზე ადრე ქრება, ვიდრე ახალი ობიექტების დამახსოვრების უნარი.
მეცნიერებმა ისიც შეისწავლეს, რამდენადაა შესაძლებელი სოციალური მეხსიერების დაკარგვის პრევენცია იმ მექანიზმის დარღვევის გზით, რომელიც ამას იწვევს. მათ პერინეირონული ქსელების დამაზიანებელი მატრიქსული მეტალოპროტეინაზას (MMP) ინჰიბიტორები, ანუ ამ ფერმენტების გასაუვნებელი საშუალებები, გამოიყენეს. სპეციალისტებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს თაგვებში პერინეირონულ ქსელებსა და, თავისთავად, სოციალურ მეხსიერებასაც დაიცავდა, რაც გამართლდა.
ნავარაუდებია, რომ ამჟამად დემენცია 55 მილიონ ადამიანს აქვს, აქედან 60% კი კონკრეტულად ალცჰაიმერის დიაგნოზზე მოდის. პროგნოზირებენ, რომ მომდევნო დეკადაში ეს რაოდენობა 80 მილიონს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე მწვავე სიმპტომების პრევენციის მეთოდების ძიება გადამწყვეტია. ამისთვის ჯერ უნდა გავარკვიოთ, იგივე მექანიზმი მოქმედებს თუ არა ადამიანების შემთხვევაშიც (თაგვების მსგავსად), რაც ახალი მიდგომების შემუშავებაში დაგვეხმარება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Alzheimer's & Dementia: The Journal of the Alzheimer's Association გამოქვეყნდა.

კომენტარები