როგორ ხსნის მეცნიერება ადამიანის სპონტანური აალების იდუმალ ფენომენს?
2010 წლის დეკემბერში, 76 წლის კაცი ირლანდიაში, საკუთარი მისაღები ოთახის იატაკზე ცოცხლად დაიწვა. ჟურნალ Irish Independent-ის მიხედვით, თითქმის, ერთი წლის შემდეგ, სასამართლომ ოფიციალურად დაადგინა, რომ ის დაიღუპა უცნაური ფენომენის — ადამიანის სპონტანური აალების — შედეგად.
საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ, რომ ეს ფენომენი გულისხმობს სხეულის მოულოდნელად აალებას გარე წყაროს მიერ აალების გარეშე. კორონერები, როგორც წესი, ხედავენ სცენას, სადაც დაზარალებულის ხელები და ფეხები ხელუხლებელია, ხოლო ტანი და თავი ფერფლადაა ქცეული. ახლომდებარე ავეჯი კი ხშირად მინიმალურად ზიანდება.
მაგრამ თუკი ადამიანის სპონტანური წვა რეალური მოვლენაა, რატომ არ ხდება ეს უფრო ხშირად? ადელაიდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, როჯერ ბაიარდის, თქმით, ბოლო 300 წლის განმავლობაში, მსგავსი მოვლენა, დაახლოებით, 200-ჯერ დაფიქსირდა.
"რეალობა ისაა, რომ ადამიანები იწვიან, მაგრამ არა სპონტანურად" — თქვა ბიარდმა.
მე-17 საუკუნეში ანატომიის დანიელმა ექსპერტმა აღწერა ადამიანის სპონტანური წვის პირველი ცნობილი შემთხვევა. ეს შემთხვევა მოხდა იტალიაში მე-14 საუკუნის ბოლოს, როდესაც რაინდმა, პოლონუს ვორსტიუსმა, ცეცხლში გახვევის წინა ღამეს ღვინო დალია.
ადამიანის სპონტანური წვის საკითხს ხშირად ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას მიაწერდნენ. ამ მითის გავრცელებას ხელი შეუწყო ჩარლზ დიკენსის 1853 წლის რომანმაც, "Bleak House", რომელშიც ალკოჰოლიკ პერსონაჟს, სახელად კრუკს, უეცრად ეკიდება ცეცხლი და იწვის.
სხვები ამ ფენომენს წლების განმავლობაში მიაწერდნენ ღმერთის სასჯელს, სიმსუქნეს ან ნაწლავის გაზებს. მაგრამ, ბაიარდის თქმით, ეს თეორიები მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის წვა სარწმუნო და ზუსტია, აზრი, რომ ეს ხდება უეცრად, მცდარია: "დიახ, ადამიანების სხეულები იწვის, მაგრამ აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ხდება სპონტანური წვის სახით."
პრაქტიკულად, ყველა შემთხვევა მოიცავდა ცეცხლის წარმოშობის გარე წყაროს, მაგალითად: ანთებულ სიგარეტს, ნათურებს ან სანთლებს.
ადამიანის სპონტანური წვის გავრცელებული მეცნიერული ახსნა ცნობილია, როგორც ფითილის ეფექტი, რომლის მიხედვითაც, ადამიანის სხეულს შეუძლია, სანთლის მსგავსად დაიწვას. ეს გულისხმობს, რომ ცხიმი მოქმედებს როგორც საწვავის წყარო და ადამიანის სხეული აალების შემდეგ რჩება ამ მდგომარეობაში საკუთარი ცხიმის გამო. საბნები და ტანსაცმელი კი სანთლის ფითილივით მუშაობს.
1998 წელს, BBC-ის სატელევიზიო პროგრამის ფარგლებში, ბრიტანელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს მკვდარ ღორზე. ღორი ჯერ საბანში გაახვიეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. ღორის ფეხები გადარჩა, ზუსტად ისევე, როგორც ადამიანის სპონტანური წვის შემთხვევებში მოხდა.
"წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც საბნებში არიან გახვეულები, სვამენ ალკოჰოლს და ღვრიან მას, რაც, ძირითადად, მოქმედებს როგორც კატალიზატორი ბენზინზე ან გაზოლინზე", — განმარტავს ბაიარდი. "ხდება ის, რომ თუკი ისინი ალკოჰოლის ამ მასიურ ავზში სიგარეტს ჩაუშვებენ, იგი აალდება და ნელა წვას დაიწყებს. ჩვენ ვიცით, რომ ცხიმი, რეალურად, შეძლება იწვოდეს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე."
გამომდინარე იქიდან, რომ ხელებსა და ფეხებში ნაკლები ცხიმია, მათ არ გააჩნია საკმარისი საწვავი, რათა ცეცხლმა სრულიად გაანადგუროს ისინი. ბაიარდის თქმით, ადამიანებს ურბანული მითების სჯერათ, თუმცა საფუძველმდებარე მექანიზმი იმაზე მარტივია, ვიდრე ღვთიური სასჯელი.
კომენტარები