"მუსიკა ხიდების შენებისთვის" — საერთაშორისო კონკურსი გიტარისტებისთვის და ინტერვიუ ხორენ მიქაელიანთან
10 დეკემბერს, თბილისში Synergy Guitar Competition 2022 გაიმართა, ელექტრო გიტარისტების ყოველწლიური შეჯიბრი, რომელიც პირველად სომხეთში, შარშან ჩატარდა, ხოლო წელს — კიდევ უფრო გაფართოვდა. ღონისძიება ნიჭიერი მუსიკოსების ერთმანეთთან დაკავშირებას, მუსიკალური იდეების მიმოცვლას და სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობების ჩასახვას უწყობს ხელს და მისი მიზანია, რეგიონის იმედისმომცემი ახალგაზრდები ერთმანეთს წარუდგინოს.
"კონკურსის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებს შორის ხიდების შენება, მათი ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარებაა", — გვეუბნება ხორენ მიქაელიანი, გიტარისტი და მუსიკალური პროდიუსერი სომხეთიდან, რომელიც ღონისძიების იდეის ავტორია.
ხორენი საკუთარ გამოცდილებაზე, მუსიკის ძალაზე, კონკურსის მიზნებზე, სამომავლო გეგმებზე და იმ საერთო გამოწვევებზე გვესაუბრა, რაც რეგიონში მცხოვრებ მუსიკოსებს აერთიანებთ.
მუსიკა როგორც იდენტობის განუყოფელი ნაწილი
ხორენი გვიყვება, რომ მაშინ, როცა გიტარა ხელში აიღო, სწავლის შესაძლებლობა ბევრად შეზღუდული იყო, არ ჰქონდა წვდომა იმ ონლაინ რესურსებზე, რისი ფუფუნებაც დღევანდელ ახალგაზრდებს აქვთ. ამიტომ, ცდილობდა, ფული შეეგროვებინა, ემოგზაურა და გამოცდილ გიტარისტებთან ურთიერთობით, მათგან ცოდნის გაზიარებით, საკუთარი თავი პიროვნულად და პროფესიულად განევითარებინა.
"გიტარასთან ერთად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მრავალ მუსიკალურ ფესტივალზე ვყოფილვარ — ევროპაში, ჩილეში, აშშ-ში, თუ სხვაგან. კონკურსებმა, ფესტივალებმა, გამოცდილ გიტარისტებთან კომუნიკაციამ შესაძლებლობა მომცა, რომ გავზრდილიყავი, საკუთარი სტილი ჩამომეყალიბებინა", — გვეუბნება ხორენი.
ჯერ კიდევ დამწყები გიტარისტი იყო, როცა შვედეთში, ცნობილი შვედი გიტარისტის, მატიას ეკლანდის გიტარისტთა გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, ეს მისი მუსიკალური გზის ერთგვარი დასაწყისი იყო, რის შემდეგაც ბევრ გამოცდილ მუსიკოსს შეხვდა, "საუკეთესოებისგან" ისწავლა და არაერთი ჯილდოც მიიღო.
2018 წელს, იამაჰას გიტარისტთა საერთაშორისო შეჯიბრზე საუკეთესო გიტარისტად დაასახელეს, ბენდთან ერთად გაიმარჯვა კავკასიის საერთაშორისო მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ფენიქსი, რომელიც საქართველოში იმართება. გაგვიზიარა იმ დაუვიწყარი მუსიკალური მოგონების შესახებაც, როცა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბენდის, Black Sabbath-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტონი აიომიმ და გიტარის მწარმოებელი ბრენდის, გიბსონის წარმომადგენელმა მისი პერფორმანსი საუკეთესოდ შეაფასეს და აიომიმ გიბსონის ხელმოწერილი გიტარა უსახსოვრა.
ახლა კი მუშაობს პროექტზე, რომლის იდეა კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების ელექტრო გიტარის ჟღერადობაზე მორგებაა.
"მაქვს პროექტი, რომლის ფარგლებში კლასიკურ ნაწარმოებს ორკესტრთან ერთად ვასრულებ. სომეხი კომპოზიტორისა და დირიჟორის, არამ ხაჩატურიანის ვიოლინოსთვის დაწერილი ნაწარმოები შევასრულე. იდეის სისრულეში მოსაყვანად, იქიდან გამომდინარე, რომ ვიოლინო და გიტარა ორი სრულიად განსხვავებული ინსტრუმენტებია, გიტარის კონსტრუქცია შევცვალე, რათა ვიოლინოსთვის დაწერილი ნაწარმოების შესრულება შემძლებოდა", — გვიხსნის ხორენ მიქაელიანი.
Synergy Guitar Competition
ხორენი კონკურსებში მონაწილეობამ მიახვედრა, რომ ეს არის შესანიშნავი გამოცდილება, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს ზრდაში ეხმარება, ამიტომ გადაწყვიტა, რომ სხვა მუსიკოსების ხელშეწყობისთვის Synergy Guitar Competition დაეფუძნებინა.
"ერთია, როცა სცენაზე ასრულებ, მაგრამ კონკურსში მონაწილეობისას საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა გიწევს. თანაც, იცი, რომ გამოცდილი ჟიური გისმენს, სხვებთან გადარებს, შენიშვნებს იწერს, ამიტომ 100%-იანი მზაობა უნდა გქონდეს. ამასთან, ამ დროს სწავლობ, რა უნდა გააკეთო უკეთ, ყოველი კონკურსი წინ გადადგმული ნაბიჯია, სწორედ ასე იზრდები მუსიკალურად", — აღნიშნავს კონკურსის იდეის ავტორი.
Synergy Guitar Competition-ის პირველი ღონისძიება 2021 წელს, სომხეთში გაიმართა და ადგილობრივ ნიჭიერ მუსიკოსებს საკუთარი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა. ხორენ მიქაელიანის აზრით, რეგიონში მცხოვრებ შემოქმედ ადამიანებს მსგავსი გამოწვევები აერთიანებთ და ამიტომ, წლევანდელი შეჯიბრი საქართველოში გაიმართა და ქართველი და სომეხი ახალგაზრდები გააერთიანა, თანაც, მისი თქმით, პირველმა საცდელმა შეჯიბრმა და პოზიტიურმა გამოხმაურებამ მიახვედრა, რომ შეეძლოთ უფრო ფართო მასშტაბზე ეფიქრათ.
კონკურსში მონაწილეობა თავისუფალი იყო ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელიც 25 წლამდე ასაკის იყო. მრავალფეროვანი იყო მონაწილეების ჟანრობრივი წარმომადგენლობაც, ახალგაზრდა გიტარისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ შეესრულებინათ, როგორც როკი, ისე ჯაზი, ბლუზი, ფიუჟენი თუ სხვა მიმდინარეობები. სწორედ ჟანრობრივმა მრავალფეროვნებამ განაპირობა ჟიურის წევრების შერჩევა. ხორენ მიქაელიანთან ერთად, ღონისძიების ჟიურიში კლასიკური გიტარისტი, ტელეწამყვანი და გიტარის მასწავლებელი, ხვიჩა მაღლაკელიძე და ბენდების, Angel of Disease-ის, DismoriaL-ის, Ennui-ისა და Signs-ის გიტარისტი, სერგი შენგელია იყვნენ.
ჟიურის წევრებმა კონკურსის გამარჯვებულად მიქაელ ბექტაშიანი დაასახელეს, რომელიც ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთიდან ჩამოვიდა, მეორე ადგილი მათე სალხინაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ნიკოლოზ გელაშვილმა მოიპოვა. კონკურსის გამარჯვებულებსა და სხვა მონაწილეებს სერთიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
"[კონკურსის] მონაწილეები შესანიშნავი არიან, თანაც, ვიცი, რომ მსგავს გარემოში შესრულება განსაკუთრებით რთულია, რადგან ვიღაც გისმენს იმიტომ, რომ განგსაჯოს. მათ საქმეს თავი კარგად გაართვეს", — აღნიშნა ხორენმა
Synergy Guitar Competition-ის მომავალი
ხორენ მიქაელიანი Synergy Guitar Competition-ის გრძელვადიან გეგმებზე გვიყვება და გვეუბნება, რომ სამომავლოდ კონკურსი კიდევ უფრო გაფართოვდება, გააერთიანებს კიდევ უფრო მეტ მუსიკოსს რეგიონიდან და არა მხოლოდ. კონკურსის დამფუძნებელს უნდა, რომ წამოწყება ევროპულ მოვლენად იქცეს, რომელიც სულ უფრო მეტ ქვეყანას დაფარავს და მრავალ ნიჭიერ ადამიანს აღმოაჩენენ.
იგი გვიზიარებს, რომ მომდევნო კონკურსის ჩატარების ადგილად პოლონეთს მოიაზრებს, სადაც დიდი სანაცნობო წრე ჰყავს და იცის, რომ დაინტერესებაც არის.
"მუსიკა ერთგვარი ენაა, რომელზეც მუსიკოსები ერთმანეთს და აუდიტორიას ელაპარაკებიან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ენობრივი სივრციდან ხარ, საქართველოდან, სომხეთიდან, ევროპის თუ აფრიკის რომელიმე ქვეყნიდან, როცა მუსიკოსი ხარ, სხვა მუსიკოსებთან საერთო ენას იზიარებ, ამიტომ ეს საუკეთესო საშუალებაა ადამიანების გასაერთიანებლად. ეს არის გზა, რომლითაც საკუთარი თავის გამოხატვა, სხვების გაგება, ემოციებისა და იდეების გაცვლა შეგიძლია".
კომენტარები