აზერბაიჯანელმა "ეკო აქტივისტებმა" ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს
ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათიდან მას შემდეგ გადაიკეტა, რაც აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა ქალაქ შუშას (შუშა) შესასვლელთან პავილიონები აღმართეს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ამ თვეში სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მოძრაობა შეჩერებულია. მანამდე, 3 დეკემბერს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა აზერბაიჯანელებმა გზა სამი საათით გადაკეტეს.
რუსეთის სამშვიდობო პუნქტის წინ შეკრებილი მომიტინგეები რეგიონში დისლოცირებულ სამშვიდობო ძალებს იმაში ადანაშაულებენ, რომ აზერბაიჯანელ ეკოლოგებს უფლებას არ აძლევდნენ ეკონტროლებინათ სამთო საქმიანობა აღდარაში (მარტაკერტი). მათ ხელში ეჭირათ დისლოცირებული სამშვიდობოების უმოქმედობის დაგმობის პლაკატები და ითხოვდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურთან, ანდეი ვოლკოვთან გასაუბრებას.
"უკანონო მოპოვების" მონიტორინგი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მოუწოდა რუსეთის სამშვიდობო ძალებს, დაუშვან აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები და სპეციალისტები რუსი სამშვიდობოების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე სავარაუდო სამთო საქმიანობის შესაფასებლად, რათა სამშვიდობოებმა ამ ტერიტორიაზე "აღკვეთონ ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაცია".
აზერბაიჯანი ამბობს, რომ რეგიონში არალეგალური მოპოვება ხდებოდა, "განსაკუთრებით გიზილბულაგის ოქროსა და დამირლის სპილენძ-მოლიბდენის საბადოებში" და ამტკიცებს, რომ მოპოვებას უარყოფითი ეკოლოგიური შედეგები მოჰყვა.
3 და 7 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და რუსეთის სამშვიდობო ძალების მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრები გაიმართა, სადაც განიხილეს "მინერალური საბადოების უკანონო ექსპლუატაცია" და ბუნებრივი რესურსების მოპოვების ტერიტორიების მონიტორინგის პროცედურა.
აზერბაიჯანელი სპეციალისტების მონიტორინგის ვიზიტი აღდარას რაიონის მაღაროებში 10 დეკემბერს იგეგმებოდა, მაგრამ არ შედგა, რადგან რეგიონის მოსახლეობა და სამთო ორგანიზაციის თანამშრომლები შეიკრიბნენ და მაღაროების ტერიტორიებზე ჯგუფის შესვლა დაბლოკეს.
მთიანი ყარაბაღის ოფიციალური მედია საშუალებები ამბობდნენ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ვიზიტი შეთანხმებული არ იყო სტეფანაკერტის ხელისუფლებასთან ან მაღაროებში მომუშავე ორგანიზაციასთან. აზერბაიჯანული საშუალებები ამტკიცებენ, რომ შეკრება "წინასწარ დაგეგმილი" იყო.
11 დეკემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს ნოტა გაუგზავნა, სადაც შესაბამის ტერიტორიებზე "შეუფერხებელ დაშვებას" სთხოვდა და ნებისმიერ დაბრკოლებას ან პირობებს ასეთ ვიზიტებზე აღწერდა, როგორც "მიუღებელს".
"ბრძოლა გადარჩენისთვის"
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფნის ოპერირების შეწყვეტა "ნიშნავს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გენოციდის დაგმობას სამი სცენარით".
გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ მეოთხე გლობალური ფორუმის გახსნაზე გამოსვლისას მან სამი სცენარი აღწერა. პირველი იყო მთიანი ყარაბაღის დეპოპულაცია, მეორე ეფუძნებოდა თვითმყოფადობის დაკარგვას აზერბაიჯანის მიერ "მთიანი ყარაბაღის ტოპონიმების [და] ისტორიული და კულტურული ძეგლების წინააღმდეგ ბრძოლის გამო", ხოლო მესამე, იყო მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის "ფაქტობრივი ფიზიკური განადგურება".
თუმცა, ფაშინიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "დიალოგი და თანამშრომლობა" ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის "გენოციდის პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია".
სომხეთის გენერალურმა ელჩმა, ედმონ მარუკიანმა გზის ჩაკეტვას სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების "უხეში დარღვევა" უწოდა.
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუთუნიანმა აზერბაიჯანელი მომიტინგეები "ცრუ და ყალბი" მიზეზების გამო გზის გადაკეტვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი "მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას და დეპორტაციას ცდილობს".
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ რუსი სამშვიდობოები იმოქმედებენ, — "როგორც ჩვენი [...] საგზაო უსაფრთხოების გარანტი, გამოიყენებენ ყველა ინსტრუმენტს მსგავსი პროვოკაციებისა და შეთანხმებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად".
მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც რუს სამშვიდობოებს მოუწოდა, — "აიცილონ აზერბაიჯანელების მსგავსი ანტიადამიანური ქმედებები ყველაზე მკაცრი ზომებით".
"მივმართავთ არცახის [მთიანი ყარაბაღის] რესპუბლიკის მოქალაქეებს გამოიჩინონ თავშეკავება, გამოიჩინონ სიფხიზლე, რათა ერთობლივი ძალისხმევით თავიდან აიცილონ აზერბაიჯანელების ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება. ჩვენი ხალხი, რომელმაც გადარჩენისთვის ბრძოლაში მრავალი სირთულე გადალახა, კვლავ ხვდება მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს", — ნათქვამია განცხადებაში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები