ხელოვნური ინტელექტი რუსთაველის თეატრის სცენაზე — 7 მთავარი ამბავი Touch სამიტიდან
7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში, კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტექნოლოგიური სამიტი, Touch მიმდინარეობდა. ეს ორი დღე დატვირთული იყო სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოპებითა და შეხვედრებით. შესაძლებლობა გვქონდა სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გავსაუბრებოდით სტარტაპების წარმომადგენლებს და გვესარგებლა Coworking სივრცითაც, სადაც კონფერენციაზე დასწრების პარალელურად, დროდადრო სხვადასხვა საქმიანი ვიდეოშეხვედრისა თუ სხვა ტიპის სამსახურებრივი თასქების მოსწრება შეგვეძლო. ყოველი საღამო კი წვეულებით მთავრდებოდა.
ღონისძიებას ჰყავდა 1200-ზე მეტი დელეგატი, 55+სპიკერი, 35+პარტნიორი, ჩატრდა 5 ვოქრშოფი, 46 ქინოუთ სესია, 6 პანელური დისკუსია.
სემინარებსა და ვორქშოპებზე დასწრების გარდა, ნეთვორქინგ სესიების შესაძლებლობაც გვქონდა, რაც ერთმანეთისგან სწავლის გარდა სხვადასხვა ქვეყნისა და ინდუსტრიის წარმომადგენელთან კავშირის დამყარებასაც გულისხმობდა.
სამიტზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, არაერთი ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიის სპიკერის მოსმენა შევძელით. მათ შორის იყვნენ ისეთი ბრენდების წარმომადგენლებიც, როგორიცაა: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Adobe, Microsoft.
TOUCH22-ს წელს 4 მთავარი მიმართულება ჰქონდა არჩეული. ესენია: ტექნოლოგიები, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი. ამ სტატიაში კი 7 მთავარ ამბავს მოგიყვებით, რომელიც Touch-იდან სპეციალურად თქვენ, ჩვენს მკითხველს წამოგიღეთ.
ხელოვნური ინტელექტი, რომელზეც ყველა საუბრობს, Touch-ის სცენაზე გამოჩნდა
ChatGPT OpenAI-ის უახლესი ხელოვნური ინტელექტია — ჩეტბოტი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ის სულ ცოტა ხნის წინ იქცა ფართო განხილვის საგნად და ძალიან დიდი სიურპრიზი იყო რუსთაველის თეატრის სცენაზე მისი, როგორც პანელის თანამონაწილის დანახვა.
ასევე იხილეთ: რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება?
ეს მაშინ მოხდა, როცა ლისანდრო ფოლე (Nike), კემა ბაე (Sinofy) და ჯონ ვიეირა (Meta) პანელური დისკუსიისას ვების მომავალს განიხილავდნენ. დისკუსიაში ChatGPT პანელის წამყვანმა, ლისანდრო ფოლემ ჩართო. ჩეტბოტმა, რომელსაც Google-ის ჩანაცვლების პოტენციალს მიაწერენ, სპიკერების რამდენიმე კითხვას ამომწურავად უპასუხა, რის შემდეგაც პანელის მონაწილეებისთვის კითხვების დასმა თვითონაც დაიწყო.
მანამდე კი გვიპასუხა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რა არის მეტავერსი? რამდენად მიიღებს მონაწილეობას ხელოვნური ინტელექტი მეტავერსის ეკოსისტემის შექმნაში? თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ნაკლებ სავარაუდოა AI-იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს. შესაბამისად, მეტავერსის შექმნაში ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს თანამშრომლობა მოუწევთ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში კი თითოეული მხარის როლი უნიკალური და მნიშვნელოვანი იქნება. ადამიანებს მოუწევთ შეაფასონ, რამდენად სწორი გზით მიდის პროცესი და რამდენად სასარგებლოა ის საზოგადოებისთვის, AI კი ადამიანის დავალებების აღსრულებაზე იზრუნებს, ვინაიდან იმ მონაცემებითაა შეზღუდული, რომლის დახმარებითაც გაწვრთნეს.
რევოლუცია სცენაზე — ოფისდაკარგული ადამიანები მოდიან
მომავლის სცენაზე კიდევ ერთი მომავლის ადამიანი გამოჩნდა და საუბარი პატარა გამოკითხვით დაიწყო. "აწიეთ ხელი მათ, ვინც დისტანციურად მუშაობთ", — თქვა მან და მეორე კითხვაც არ დააყოვნა — "ახლა კი, აწიეთ ხელი მათ, ვინც ოფისიდან მუშაობთ". სავარაუდოდ, გამოკითხვის არათანაბარი შედეგების გამო, მას სახეზე ღიმილი მოეფინა და თქვა, რომ უმეტესობას არ მოგვეწონებოდა, რასაც გამოსვლის განმავლობაში იტყოდა. საბედნიეროდ, NEXT.On.ge-ის გუნდი პირველთაგანი ვიყავით, რადგან ორ წელზე დიდი ხანია, დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა გვაქვს. შესაბამისად, გამოსვლას ოდნავ პრივილეგირებულობის განცდით ვუსმენდით და ცალსახად ვეთანხმებოდით ყველაფერს, რაც გამოსვლის განმავლობაში მაინ დადეკოკამ (Happy Work Studio-დან) თქვა.
ახლა კი გადავიდეთ იმაზე, თუ რა თქვა... 10-დან 6 დასაქმებული ამბობს, რომ მეტად სავარაუდოა დასთანხმდნენ სამუშაოს, რომელიც დისტანციურია (Morning consult), დასაქმებულთა ბედნიერების ინდექსი იზრდება 20%-ით, როცა 100%-ით დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა აქვთ (Tracking Happiness 2022), დისტანციური მუშაობის შესაძლებლობით განთავსებული ვაკანსიები იღებენ 300%-ით მეტ განაცხადს, ვიდრე მხოლოდ ოფისში მუშაობის მოთხოვნიანები (NBC). მაინმა თქვა, რომ ადამიანები აღარ ეძებენ მათი ოცნების სამუშაოს, მათ უბრალოდ სახლიდან მუშაობა უნდათ. Future Forum Pulse-ის 2022 წლის აგვისტოს ანგარიშის ფარგლებში გამოკითხულთა 80%-ს უნდა მოქნილი იყოს არჩევანში, თუ საიდან იმუშავებს, ხოლო 94%-ისთვის მნიშვნელოვანია დროითი მოქნილობა, ანუ ის, თუ დღის რომელ მონაკვეთში შეასრულებს დაკისრებულ სამუშაოს.
მაინმა ისაუბრა იმ გამოწვევებსა თუ პრობლემებზე, რის გამოც დასაქმების ინდუსტრია ამ მოთხოვნაზე მორგებას ვერ ახერხებს. ერთ-ერთ პირველ მიზეზად მან ნდობის არარსებობა დაასახელა, რაც თანამშრომლების მიმართ მენეჯმენტის უნდობლობაში გამოიხატება. ამას მოაყოლა: მენეჯმენტის უნარების მოძველებულობა, მაინდსეტის შეზღუდულობა, არაადეკვატური ინფრასტრუქტურა და არასწორად დაგეგმილი პროცესები.
რა განსხვავებას ხედავთ ფოტოებს შორის? — ამ კითხვით სპიკერმა ინდუსტრიული რევოლუციის დროინდელი და თანამედროვე სამუშაო გარემოებს შორის განსხვავებების პოვნა გვთხოვა. ჩვენ ვთქვით, რომ ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც მუშაობენ ადამიანები. მან კი თქვა, რომ ის განსხვავებას ვერ ხედავს... ამდენმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანები ამ ჩამწკრივებულ "დაზგებთან" მუშაობას ვერ ჩამოაშორა. ადამიანი აქამდე მიდიოდა, პანდემიამ კი კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი და დღეს უამრავ ადამიანს აქვს დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა. ეს რევოლუციაა, რომლის სათავეებთანაც ვართ და რომელიც სამუდამოდ შეცვლის იმას, თუ როგორ ვმუშაობთ...
სახლიდან თუ ოფისიდან? მაინის თქმით, კიდევ 20 წელი ამ დილემის წინაშე ვიქნებით, რადგან საზოგადოება და კომპანიები ჯერ არ არის მზად იმ რევოლუციისთვის, რომელსაც დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა ჰქვია. თუმცა, დღეს შეგვიძლია ისტორიის ნაწილად ვიქცეთ, ცვლილებების ნაწილი ვიყოთ, მაგალითი მივცეთ სხვებს და რაც მთავარია, შემდეგ თაობებს ვუთხრათ, რომ მაშინ, როცა დასაქმების სექტორში გარდამტეხი რევოლუცია იწყებოდა, ჩვენ მის სათავეებთან ვიყავით.
Theneo-მ Pitching-ის გამოცდილება გაგვიზიარა, Touch ის Pitch-ის გამარჯვებული კი Calen AI გახდა
ღონისძიებაზე გამოფენილი სტარტაპები უკვე ვახსენეთ, მათგან შერჩეულ 10 სტარტაპს შესაძლებლობა ჰქონდა თავი წარედგინა აუდიტორიისთვის და სპეციალურად ფიჩინგისთვის შერჩეული ჟიურისთვის. ჟიურიმ სამი სტარტაპი გამოავლინა, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე, ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგა. ერთ-ერთმა მათგანმა — Calen AI-იმ კი გაიმარჯვა და 5000-ევროიანი პრიზიც მიიღო.
ასევე იხილეთ:
- Touch22-ის Pitch-ის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Calen AI გახდა
- ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტი მალე კომპანიებში დარეკვისას გიპასუხებთ — CALEN AI
მანამდე კი Growth სცენაზე Theneo-ს დამფუძნებელი და CEO — ანა რობაქიძე ვიხილეთ. რომელმაც Pitching-ის გამოცდილება გაგვიზიარა და წარმატებული ქართული სტარტაპის გადმოსახედიდან, კომპანიებს გამოცდილება გაუზიარა.
Touch-ის ორგანიზატორების დახმარებით, კულისებში ანასთან გასაუბრების შესაძლებლობა გვქონდა. შესაბამისი ვიდეო კი გზაშია. მანამდე შეგიძლიათ მის ანონსს გაეცნოთ.
ციფრული არტეფაქტები — ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და მეტავერსი
წლევანდელ ღონისძიებაზე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა ციფრული არქივების შესახებ იყო, რაზეც ლისანდრე ფოლემ ისაუბრა. ის ინოვაციური პროექტის Streetartifacts.xyz თანადამფუძნებელია, რომლის მიზანიც ქუჩის მხატვრობის ნიმუშებისა თუ სხვა მსგავსი არტეფაქტების სამგანზომილებიანი სკანირებაა.
შედეგად იქმნება ისტორიული მნიშვნელობის ციფრული არქივი, რომელიც, სპიკერის თქმით, კულტურული მემკვიდრეობაა. საქმე იმაშია, რომ, ამ შემთხვევაში, ქუჩის მხატვრობა დროებითია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ იშლება, თუმცა ხშირად ეს ნიმუშები სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და ხალხის დამოკიდებულებას გვიჩვენებს. როგორც ლისანდრე ამბობს, ისინი ფიზიკურ სამყაროში ეფემერულია, რასაც შეგვიძლია, მათი გაციფრულებით ავუაროთ გვერდი.
ამ გზით გრაფიტში გამოხატულ ისტორიის სხვადასხვა მოცემულობას მუდმივობას შევუნარჩუნებთ. ამისთვის საკმარისია, შენობებისა თუ მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატული კედლები დავასკანეროთ და ის დასაკვირვებლად ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი გავხადოთ. ესაა ერთგვარი კოლექტიური მეხსიერება, რომელიც ციფრულ სივრცეში არსებობს.
რაც მთავარია, მსგავსი არტეფაქტებით მეტავერსის "გამოკვებაა" შესაძლებელი, რათა მასში თანამედროვე მსოფლიოს ისტორია ობიექტურად აირეკლოს. შენობების სამგანზომილებიანი ასლების შექმნა კი კულტურული ძეგლების დაზიანების შემთხვევაში მათი ზედმიწევნით აღდგენის საშუალებასაც მოგვცემს.
პროგრამის მუშაობის პრინციპის საილუსტრაციომ ლისანდრემ ერთ-ერთი მურალი რუსთაველის თეატრის სცენაზე "დადგა". ამის აღბეჭდვა მოვასწარით:
ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში — ბიჰევიორისტული პრინციპები UX/UI დიზაინში
BISC Partners-ის დამფუძნებელმა, თინათინ სტამბოლიშვილმა Touch-ის წლევანდელ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ტექნოლოგიებში ფსიქოლოგიის როლი გააცნო. კერძოდ, მან გაგვიზიარა, თუ როგორ გამოიყენება ბიჰევიორისტული ცვლილებების პრინციპები მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების (UX/UI) დიზაინში.
ერთ-ერთი ასეთი პრინციპი იშვიათობის განცდის შექმნაა. ვებგვერდები ამ ხერხს მომხმარებელთა დასაინტერესებლად მიმართავენ და მათ ექსკლუზიურობას სთავაზობენ, რომ, მაგალითად, დარეგისტრირდნენ და პირველებმა შეიტყონ სიახლეები ან გარკვეული რაოდენობის ადამიანთა სიაში მოხვდნენ, რათა სერვისის კონკრეტული პრივილეგიით ისარგებლონ.
UX/UI დიზაინში ხშირია აღქმადი ღირებულების გაზრდის მეთოდიც. ასევე, გარკვეული ზღვრის დაწესება, იქნება ეს დროის, რაოდენობის, ინფორმაციის თუ სხვა. მიზანი ისაა, რომ მომხმარებელს მოსწრების სურვილი გაუჩნდეს. ადამიანებს ძალიან მოგვწონს ისიც, როცა თავს კომპეტენტურებად ვგრძნობთ და რაღაც ჩვენთან ასოცირდება. ეს ტექნოლოგიის სასარგებლოდ არცთუ ისე იშვიათად გამოიყენება.
ბოლოს, მნიშვნელოვანია ბიჰევიორისტული პრინციპი, რომელიც ადამიანის არჩევანს ეხება, უფრო კონკრეტულად კი ქცევების განმეორებისკენ მიდრეკილებას. უკეთ გასაგები რომ იყოს, ვებგვერდები მომხმარებელთა "გულის მოსაგებად" არჩევანთა რაოდენობას მაქსიმალურად ზღუდავს, რომ ზედმეტი დაბნეულობა აგვაცილოს თავიდან. ასევე, მაგალითად, რეგისტრაციისას რამდენიმე საფეხურის გამოტოვებას ხდის შესაძლებელს და ალტერნატივებს წარმოგვიდგენს, რაც ბევრი ჩვენგანისთვის ხელსაყრელია.
და მაინც, რა არის ინოვაცია? — არსებული პროდუქტი + ახალი ფუნქცია
რა არის ინოვაცია, თუ არა რაღაც ახლებური? თავისთავად, ეს ასეცაა, თუმცა კონცეფციის ჩვენეული გაგება ხშირად მხოლოდ რაღაც ახლის შექმნით შემოიფარგლება. Mindscapes-ის წარმომადგენელმა რავიდ კუპერბერგმა ეს საკითხი სხვაგვარად წარმოგვიდგინა და ინოვაციის დეკოდირება შემოგვთავაზა.
სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, Mindscapes გუნდია, რომელიც სააგენტოებსა თუ ბრენდებს გონივრული, ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების მოფიქრებაში ეხმარება მეტი ეფექტიანობისა თუ ეფექტურობის მისაღწევად.
რავიდ კუპერბერგის ახსნით, ინოვაციის შესაქმნელად სისტემაში უკვე არსებულ რესურსს ისეთი ახალი ფუნქცია უნდა მივანიჭოთ, რომლის შესრულებასაც თავად ამ რესურსისგან ნაკლებად მოელიან. ფუნქცია მომხმარებელს მნიშვნელოვან სარგებელს უნდა სთავაზობდეს, რომელიც მასთან გასაოცარი, მეტად ახლებური გზით მივა.
სპიკერმა მოყვანილი პრინციპისათვის ხორცის შესასხმელად რამდენიმე რეალური მაგალითიც მოგვიყვანა, მათ შორის, პირველი ბალიშები კომპანია Tontine-სგან, რომელთაც ზედ ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი აქვს დატანილი ერთგვარი იარლიყის სახით.
გამოდის, რაღაც ინოვაციურის შესაქმნელად სულაც არაა საჭირო, რაღაც სრულებით ახალი შევქმნათ. ამისათვის უკვე არსებულისთვის ახალი, მოულოდნელი ფუნქციის დამატებაც კმარა.
Animate to captivate — ანიმაცია, როგორც მომხმარებლის მოხიბვლის ეფექტური საშუალება
ალბათ, ანიმაციის გაგონებისას თქვენც, ისევე როგორც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების უმრავლესობას, მულტიპლიკაციური ფილმები წარმოგიდგებათ თვალწინ. TOUCH 22-ის ერთ-ერთმა სპიკერმა საკითხი ცოტა სხვაგვარად დაგვანახა.
მაშ, რა შეიძლება იყოს ანიმაცია, თუ არა უბრალოდ მულტფილმი?
"ანიმაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ვიღაც ან რაღაც, რაც სიცოცხლით სავსეა", — განგვიმარტავს მაქსველ რიდი კომპანიიდან Kingdom of Something ("რაღაცის სამეფო").
გამოსვლის ფარგლებში რიდი თავიანთ გუნდზე მოგვიყვა და ინტერნეტსივრცისათვის "სულის შთაბერვის", ასევე ბრენდების მხრიდან თვითწარმოჩენის კუთხით ანიმაციების მნიშვნელობაზე გვესაუბრა.
იმისათვის, რომ ინტერნეტსივრცეში ანიმაციების მნიშვნელობა თვალსაჩინოდ აღგვექვა, სპიკერმა თავისი პრეზენტაცია არაერთი საინტერესო გამოსახულებით გააფორმა. როდის უფრო სახალისოა თქვენი გამოცდილება ვებსაიტის გამოყენებისას: ჩატვირთვის საჩვენებლად პატარა, სასაცილო ფიგურა რომ დადის ეკრანზე თუ მაშინ, უბრალოდ რგოლი რომ ტრიალებს? — გეთანხმებით.
რიდმა გვირჩია, რომ მსგავს პროდუქტზე მუშაობისას უცნაურობებს არ მოვერიდოთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზედმეტად განსხვავებული დიზაინი მომხმარებელში ხშირად დაბნეულობას იწვევს. შესაბამისად, ამ საკითხშიც ერთგვარი ბალანსის დაცვა დაგჭირდებათ.
სპიკერის ნასაუბრებიდან, თანამედროვეობაში ბრენდირება გრაფიკული დიზაინის, ამბის თხრობისა და motion დიზაინის ელემენტებს აერთიანებს. თითოეული ბრენდის შემთხვევაში, მათივე იდენტობის შესაბამისად, ანიმაციებიც განსხვავებულია. სპიკერმა მაგალითად Apple-ის ინტერფეისებში გამოყენებული ანიმაციები მოიყვანა, რომელთაც შედარებით მსუბუქი და სადა დიზაინი გამოარჩევს.
ამას გარდა, მაქსველ რიდმა ანიმაციების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითიც შემოგვთავაზა, რომელიც, დიდი ალბათობით, თქვენთვისაც ძალიან ნაცნობი იქნება: Duolingo-ს სახელგანთქმული ჩიტი და აპლიკაციის კიდევ ბევრი სხვა პერსონაჟი, რომლებიც სწავლის პროცესში დაუღალავად გვახალისებენ და გვაგულიანებენ.
დაბოლოს, თუ თქვენი პროდუქტით (ვებსაიტი, ანიმაცია, დიზაინი...) მომხმარებლის დატყვევება გწადიათ, რიდის გამოსვლიდან ერთი პატარა რეცეპტიც წამოგიღეთ: თუ მისი შექმნისას ერთობი, მომხმარებლები გამოყენებისას გაერთობიან.
კომენტარები