ახალი ვებსაიტით შეგიძლიათ, ასტეროიდის შეჯახების ზემოქმედება თქვენს ქალაქზე გამოცადოთ
საიტი საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ ასტეროიდის ტიპი, დიამეტრი, სიჩქარე, დაცემის კუთხე და ლოკაცია, ხოლო შემდგომ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სიმულაციას თავად ააწყობს.
თუკი უცნაური იდეები ხშირად გაწუხებთ და დაინტერესებულხართ, თუ როგორი იქნებოდა თქვენი მშობლიური ქალაქი (ან ნებისმიერი სხვა ადგილი) ასტეროიდის შეჯახების შემდეგ — გილოცავთ! ამის გარკვევაში Asteroid Launcher დაგეხმარებათ. ვებსაიტი დეველოპერმა ნილ აგარვალმა შეიმუშავა და იგი საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ ასტეროიდის ტიპი, დიამეტრი, სიჩქარე, დაცემის კუთხე და ლოკაცია, ხოლო შემდგომ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სიმულაციას თავად ააწყობს.
ასევე იხილეთ: "ციდან ჩამოვარდნილი სიკვდილი": შეუძლია ასტეროიდს კაცობრიობის გადაშენება?
სიმულაცია იმდენად დეტალურია, რომ იგი არა მხოლოდ გეტყვით, რამდენი ადამიანი აორთქლდა შეჯახებისას ან დაიწვა ცეცხლოვან ბურთში, არამედ იმასაც გაიგებთ, რამდენ ადამიანს შეიძლება, დაუზიანდეს ფილტვები ან ყურები დარტყმის ტალღის შედეგად, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვინც ზემოქმედებისგან გამოწვეული მწველი ქარით დაიღუპება. მაგალითად, 400 მ-ის დიამეტრის მქონე ქვის ასტეროიდი, რომელიც 70 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს და დაცემის კუთხე 45 გრადუსი აქვს, თბილისთან შეჯახების შემთხვევაში, ცეცხლოვან ბურთში მოხვედრილ 1 104 300 ადამიანს ადგილზევე გაანადგურებდა.
საშიშია თუ სახალისო? თავად გადაწყვიტეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, საიტი კარგი საშუალებაა ხალხში NASA-ს მხარდაჭერის გასაზრდელად, რადგან იგი ცალსახად გვიჩვენებს, თუ რა მასშტაბის ზიანის მიყენება შეუძლია ასტეროიდს, რომლისგან თავდაცვის სისტემაც კოსმოსურმა სააგენტომ ამ წლის 27 სექტემბერს გატესტა.
კომენტარები