ალიმენტის გადაუხდელობა — სახელმწიფოსგან "თაროზე შემოდებული" პრობლემა
ფოტო: საფა
წყვილის დაშორების შემდეგ ბავშვზე/ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გადანაწილება მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა, ხშირად, ეს პროცესი დედისთვის და ბავშვისთვის არახელსაყრელ ვითარებაში მიმდინარეობს. ეს უკავშირდება წყვილის ჯერ კიდევ ურთიერთობაში ყოფნისას არსებულ პრობლემებს, ასევე, მათ შორის არსებულ ძალადობრივ ურთიერთობებს. ხშირად, მამები ყველა შესაძლო გზით ირიდებენ ვალდებულებას, იზრუნონ მათგან განცალკევებით მცხოვრებ შვილებზე. სამწუხაროდ, ამ პრობლემას სახელმწიფო სათანადოდ ვერ არეგულირებს.
ალიმენტი ლათინური სიტყვაა და ქართულად სარჩოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად, ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი, კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს.
აშშ-ში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან მომუშავე ცენტრების თანახმად, ფინანსური ზეწოლა და კონტროლი ძალადობრივ ურთიერთობათა 98%-ში აღინიშნება. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი, ხშირად, თავადაც ვერ აცნობიერებენ, რომ ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე სახის ძალადობის პირობებში ცხოვრობდნენ/ცხოვრობენ, და წყვილში ეს ძალადობრივი ურთიერთობები, ხშირად, არც ერთად ცხოვრების შემდეგ სრულდება.
ორგანიზაცია საფარის მიერ ჩატარებულ კვლევაში "ალიმენტის გადაუხდელობა — კულტურული და საკანონმდებლო გამოწვევები საქართველოში" (2022) მიმოხილულია ყველა ის ბარიერი, რომელიც საქართველოში ქალებს თავიანთი შვილების მამებისგან ალიმენტის მიღებაში უშლით ხელს. ეკონომიკური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა — მამების მხრიდან ალიმენტისგან ჯიუტად თავის არიდება — ჩვენში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მოძალადე ხშირად მანიპულირებს მსხვერპლის ფინანსური პრობლემებით და ბავშვს ყოფილი ცოლის/პარტნიორის ფინანსური შანტაჟისთვის იყენებს — არ უხდის მას ალიმენტს, ცდილობს, გაავრცელოს ინფორმაცია, რომ ბავშვს დედა სიღარიბეში აცხოვრებს და ამიტომაც ბავშვისთვის მამასთან ცხოვრება სჯობს და ა. შ. რეალურად, კაცები დაშორების შემდეგ საკუთარი შვილებისთვის ალიმენტის არგადახდას პარტნიორ ქალებზე შურისძიების ინსტრუმენტად იყენებენ. თავისთავად, ეს ფაქტორი ასუსტებს ქალის სოციალურ მდგომარეობას, აზიანებს მის ფსიქიკურ მდგომარეობას, უარყოფითად მოქმედებს თავად ბავშვის ფსიქიკასა და განვითარების შესაძლებლობებზე.
36 წლის ლიკას (რესპონდენტთა კონფიდენციალობის მიზნით, სტატიაში ნახსენები სახელები შეცვლილია) სამი შვილი ჰყავს. პროფესია არ აქვს, რადგან ქმართან თანაცხოვრების 13 წლის მანძილზე, ერთხელაც არ ჰქონია არც სწავლის და არც თვითგანვითარების საშუალება. ქმარს 4 წლის წინ გაეყარა, რადგან მიხვდა, რომ ყოველდღიური ფიზიკური ძალადობის პირობებში, უბრალოდ ცოცხალიც ვეღარ გადარჩებოდა. მისი სხეული სხვადასხვა ზომისა და პერიოდის ნაიარევებითაა დაფარული, მაგრამ როცა იფიქრა, რომ ქმართან გაყრა შვებას მოგვრიდა, დიდი დავიდარაბით მიღებული განქორწინებით დატკბობა არ დასცალდა.
"მეგონა, ამ კაცს რაღაცნაირად მაინც ვიცნობდი. თურმე არა – სამი შვილი გავუჩინე კაცს, რომელსაც, მე ჯანდაბას და, თავისი შვილები ეზიზღება ყველაზე მეტად ამქვეყნად. სანამ დავშორდებოდი, სულ მიმეორებდა, წახვალ ჩემგან და ჯოჯოხეთს მოგიწყობო. ჰოდა, თქვა და შეასრულა. სადაც არ დავიწყე მუშაობა, მიდიოდა ჩემს უფროსთან და ისეთ რაღაცას ეუბნებოდა, მეორე დღეს მიცხადებდნენ, ჩვენთან ვერ იმუშავებო. არ მქონდა შემოსავალი და ბავშვებისთვის ერთი თეთრიც კი არ გაუმეტებია. მინდოდა, ალიმენტი მომეთხოვა, მაგრამ მოვიდა და პირადად მითხრა, რომ მისგან კანონით ვერაფერს მივიღებდი. სამი ბიზნესი აქვს, მაგრამ სამივე სასწრაფოდ სხვებზე გადააფორმა. წარმოგიდგენიათ? იმისთვის, რომ შვილებისთვის ლუკმა დაემალა, თავისი საბანკო ანგარიშები დააცარიელა. ისეთ საშინელ დღეში ვარ, ბავშვებს საჭმელი ენატრებათ, ტანსაცმელზე ლაპარაკი ზედმეტია. ზამთრის მოსვლა მეზიზღება, ბინას ვერ ვათბობ და უამრავი ტანსაცმელი გვაცვია, რომ არ გავიყინოთ... ბავშვები ძალიან განიცდიან ამას, მაგრამ მეუბნებიან, ოღონდაც ცალკე ვიცხოვროთ და ყველაფერს ავიტანთო... საყვარლები... ძალიან დაზარალდნენ... არ ვარ ასეთ გაჭირვებაში ცხოვრებას მიჩვეული, ძალიან მაწუხებს ეს, მაგრამ აუცილებლად ვნახავ ისეთ სამსახურს, რომლიდანაც არ გამომაგდებენ, და ჩემს შვილებს არაფერს მოვაკლებ!", — ამბობს ლიკა და დასძენს, რომ წლების განმავლობაში ძალადობაში ცხოვრებას და დაყვედრებულ ლუკმას, ასე ურჩევნია.
ლიკას მსგავსად, ბევრი დედა იკავებს თავს ალიმენტის სამართლებრივი გზით მოთხოვნისგან, რადგან მას ამ საქმიდან რეალური შედეგის მიღების იმედი არ აქვს. როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, ყველა მათგანს აქვს მეზობლის, შვილის კლასელის დედის, ნათესავის ან მეგობრის მაგალითი, როდესაც ალიმენტის მოთხოვნის იურიდიული პროცედურები ჩიხში შევიდა. აქედან აქვთ ქალებს კანონიერი გზებით ბრძოლის მიმართ უნდობლობა. ისინი დარწმუნებულნიც არიან, რომ ალიმენტის სამართლებრივი გზით მოთხოვნის მათი მცდელობა წინდაწინვე წარუმატებლობისთვისაა განწირული.
ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ალიმენტის გადაუხდელობის პრობლემა, ფიგურირებს ორგანიზაცია საფარის მიერ წარმოებულ საქმეებში. იმის შესახებ, თუ რა წინაღობები არსებობს ალიმენტის მოთხოვნის პროცესში ქალებისთვის, საფარის იურისტს, ნინო ანდრიაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, როდესაც არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ალიმენტის დანიშვნის შესახებ, არ ხდება აღსრულება, იმ მიზეზით, რომ მოპასუხე მხარეს არ აქვს შემოსავალი, არ უფიქსირდება ხელფასი და სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ალიმენტზე კანონიერი დავა ჩიხში შედის და ისევ მომჩივნის ყოფილი ქმრის/პარტნიორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მოისურვებს თუ არა იგი საერთო შვილის/შვილების აღზრდაში მონაწილეობის მიღებას. "თუ პირი უქონელია და საქმეზე აღსრულება ვერ განხორციელდა, იგი რჩება დაუსჯელი, მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა ყველა უწყებისა თუ კერძო პირისთვის", — განმარტავს ნინო.
სწორედ ამ დაბრკოლებებზე საუბრობენ რესპონდენტებიც. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ალიმენტის კანონიერი უფლება აგონებს გამოთქმას "გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის". ეს ფაქტორი ხშირად უიმედობაში აგდებს სრულიად უსახსროდ დარჩენილ დედებს და აიძულებს, საერთოდ ხელი ჩაიქნიონ ალიმენტის სამართლებრივი გზით მოთხოვნისგან და ბავშვის მამასთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის უარესად გაფუჭებისგან.
მეორე მიზეზი, რის გამოც დედებს ალიმენტის მოთხოვნისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს, კულტურული ხასიათისაა, და ალიმენტის კანონიერი გზით მომთხოვნის, როგორც გამომძალველის, ცუდი დედის, შანტაჟისტისა და "თავისუფალი ყოფაქცევის ქალის" დემონიზაციას უკავშირდება. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ იმდენად დიდია საზოგადოების ზეწოლა სრულიად კანონიერი უფლების მოთხოვნისას, რომ ამდენი დავიდარაბის თავი არ აქვთ და უარს ამბობენ ამ უფლებაზე, თუმცა კითხვაზე, წამოიწყებდნენ თუ არა სამართლებრივ დავას ალიმენტის მოთხოვნით, თუ ეცოდინებოდათ, რომ აუცილებლად მიიღებდნენ ალიმენტს, უმრავლესობა პასუხობს, რომ კი.
"ჩემი ყოფილი ქმრის დეიდები, ძმის ოჯახი, დედამთილი თავისთავად, ძმაკაცები — მოკლედ ვინ აღარ — ცალ-ცალკე ყველა მამუნათებდა, ვიღაც კახპა ლელასავით ხო არ მოიქცევი, პატიოსან ქალად გიცნობ, ბავშვის მამას ნუ ატერორებ, ეგ წესიერი ქალის საქმე არააო. ტელეფონის ხელში აღება შემაძულეს. ჩემი გოგოები ამაზე ისე ნერვიულობდნენ, ფეისბუქზე ყველა დამიბლოკეს, მაგრამ გამოგონილი სახელებით მაინც მწერდნენ. არადა, ძალიან მინდოდა, მომეთხოვა ალიმენტი! მერე ჩემი ყოფილი ქმარი ადგა და ადვოკატთან იმაზე დაიწყო ჩალიჩი, რო ჩემთვის ბავშვები წაერთმია, ამბობდა, ეგ ჯიბეგაფხეკილი ჩემს ბავშვებს არ უვლისო. ვერც წამართმევდა ბავშვებს, მაგრამ ის წლები ტერორში და უბედურებაში გავატარე. თურმე კიდე მე ვარ ტერორისტი! შუათანა გოგოს სპეციალური საჭიროებები აქვს და უამრავი თანხა მჭირდება მარტო ამისთვის. ჩემი მშობლები მეხმარებიან, თორემ არ ვიცი, რა მეშველებოდა...", — ამბობს 41 წლის თამარი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ალიმენტის სამართლებრივი გზით მოთხოვნის რაიმე რეალური იმედი რომ ჰქონოდა, იქნებ მაინც გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ფიქრობდა, რომ მაინც ვერაფერს გააწყობდა და ამდენი ხალხის გაღიზიანებას, უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა.
"ხანდახან ისე გამამწარებდნენ ხოლმე, ვფიქრობდი, აი ახლა გავიქცევი და შევიტან სასამართლოში საბუთებს, აი ახლა-მეთქი, მაგრამ ვინც კი ვიცი და გამიგია, მაგ ნაბიჯით არავის გაუმარჯვია... თორე ალბათ გავრისკავდი... რა მქონდა დასაკარგი, რო?", — ამბობს იგი.
ამ სიტუაციაში, განსაკუთრებით ზარალდებიან დედ-მამის მუდმივი ბრძოლის შემსწრე ბავშვები, რომლებსაც, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მსგავსი გამოცდილებით მიღებული ტრავმა მთელი ცხოვრება მიჰყვებათ.
ფსიქოლოგი სოფო ტაბაღუა ამ პროცესს დეტალურად განგვიმარტავს: "ბავშვისთვის ოჯახი მიკროსამყაროა და მშობლები — იმ კარის გამღები, რომლითაც ბავშვი სოციუმს უკავშირდება. სწორედ მშობლებთან ბუნებრივი მიჯაჭვულობით, ბავშვი ცხოვრების პირველსავე წლებში სწავლობს უსაფრთხოებას, დაცულობასა და ნდობას. ძირითადად, ოპტიმალურ სიტუაციაში, უსაფრთხო მიჯაჭვულობისას ვხედავთ, რომ მშობელი ამოიცნობს საჭიროებებს და არეგულირებს ბავშვის მდგომარეობებს (პირობითად შიმშილს, ტკივილს, გაღიზიანებას), ასწავლის სითბოს გამოხატვას, დაცულობას. მაგრამ მაშინ, როდესაც ოჯახში კონფლიქტი, ძალადობა ან ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფაა, რაც არ უნდა ბავშვი გამოკვებილი და ჰიგიენურად მოვლილი იყოს, მას ერღვევა ჯანსაღი კომუნიკაცია მშობლებთან, იკარგება ემოციური კავშირი, შესაბამისად, ბავშვი სწავლობს დეზორგანიზებული ურთიერთობის მოდელს. ეს მისი ტვინის განვითარებაზეც აისახება. თუ წყვილის განქორწინება მაღალი სტრესის პირობებში ხდება, თუ ურთიერთობიდან მამა ქრება და სტრესში მყოფ დედას უწევს ბავშვზე ზრუნვა, ბუნებრივია, ამ სტრესს შეუძლია ბავშვის დისრეგულაციის გამოწვევა. სტრესმა, ასევე, შეიძლება, ხელი შეუშალოს ზრდასრულობაში მის ემოციურ კავშირს სხვებთან. ამ გამოცდილებამ შეიძლება, დააზიანოს ადამიანების უნარი, იყოს აწმყოში და დარჩეს ემოციურ კავშირში".
ისევ ალიმენტის მოთხოვნის აღსრულების საკითხს თუ მივუბრუნდებით, აშკარად დავინახავთ, რომ სახელმწიფოსთვის მისი მოგვარება პრიორიტეტული სულაც არ არის, თორემ ამაში არაფერი რთული არაა. ნინო ანდრიაშვილის თქმით, სახელმწიფოს საკმაო ბერკეტები გააჩნია ალიმენტის აღსრულებისთვის, თუმცა, არ იყენებს. შესაბამისად, ზარალდებიან, კიდევ მეტად ღარიბდებიან და იჩაგრებიან ისევ ქალი და ბავშვი.
"როდესაც პირი არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ის არღვევს სისხლის სამართლის კანონმდებლობას. შესაბამისად, კანონით არსებობს შესაძლებლობა, რომ იდავოს მომჩივანმა. თავად სააღსრულებომ გაგზავნოს პროკურატურაში მიმართვა და მოითხოვოს გამოძიების დაწყება კონკრეტულ ფაქტზე. კერძოდ, თუ პირი არ იხდის ალიმენტს არც ნებაყოფლობით და არც არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება, ამ შემთხვევაში, ის არღვევს სისხლის სამართლის კანონს და მის მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება. ამისათვის საჭიროა, პროკურატურაში წავიდეს განცხადება და დაიწყოს გამოძიება, შემდეგ კი, კონკრეტული პირი მიეცეს პასუხისგებაში. ეს, ხშირ შემთხვევაში, არ ხდება. არის პრეცედენტები, როდესაც განცხადება შედის პროკურატურაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მოტივით, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი საქმეებიც, ხშირ შემთხვევაში, შემოიდება თაროზე. მათ არ ეძლევა მსვლელობა, კანონდამრღვევი პირი არ მიეცემა პასუხისგებაში, მას არ აკავებენ. ასეთი საქმეები რჩება სრულიად დაუსჯელი და, შესაბამისად, ამიტომაც აქვს სააღსრულებოს უამრავი აღუსრულებელი საქმე, მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რომ ორივე ამ უწყებამ — სააღსრულებომაც და პროკურატურამაც, შეასრულოს თავისი კანონისმიერი ვალდებულებები და სისრულეში მოიყვანოს ასეთი საქმეები", —ამბობს იურისტი.
როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ოჯახში ძალადობის პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობაზე, ძალადობის მსხვერპლის გაძლიერებაზეა საუბარი, 112-ში დარეკვასთან დაკავშირებით ჩვენს ტელეფონებზე დაგზავნილი მოწოდების ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, შესაბამისი უწყებებისგან ფართო და კომპლექსური ხედვები შემუშავებულიყო, რომელიც მაქსიმალურად დაიცავდა მსხვერპლს და პასუხს მოსთხოვდა მოძალადეს, თუნდაც ეკონომიკური ხასიათის ძალადობისთვის, რომელსაც, როგორც ვნახეთ, არანაკლებ დამაზიანებელი შედეგების მოტანა შეუძლია.
სტატია გამოქვეყნებულია ორგანიზაცია საფარის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
კომენტარები