"ჩვენი საქმიანობის ფილოსოფია ისაა, რომ ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს", — ჰყვება ქართული ბრენდის POSTRED-ის დამფუძნებელი და ხმის დიზაინერი, ბესო კაჭარავა.

კომპანია ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, თუმცა, მალევე მოახერხა წარმატებული ბრენდის სახელის მოპოვება არა მხოლოდ ადგილობრივ ინდუსტრიაში, არამედ საერთაშორისო სივრცეშიც.

ამასთან, POSTRED ერთ-ერთია იმ სამი ქართული კომპანიიდან, რომელიც წელს თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი გახდა ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის.

უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში მეწარმეებისთვის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსი, თიბისის ბიზნესდაჯილდოება, იმართება. ამ ხნის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა 3 ათასზე მეტმა ქართულმა ბრენდმა მიიღო, ათობით გამარჯვებულისთვის კი წარმატების გზა სწორედ მასშტაბურ პროექტში გამარჯვებით დაიწყო.

საუკეთესო პროდუქტი თიბისის ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი ნომინაციაა, რომელიც კონკურსის დაფუძნების წლიდანვე არსებობს. სხვადასხვა დროს ამ კატეგორიაში გამარჯვებულმა ბრენდებმა დაამტკიცეს, რომ ღირებული და აქტუალური პროდუქტის თუ მომსახურების შექმნა, მერე კი მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, თანამედროვე კომპანიის ქვაკუთხედი უნდა იყოს.

ამის დამტკიცებას თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალში, წელს, როგორც გითხარით, სამი ქართული ბრენდი ეცდება — POSTRED-ის გარდა, საუკეთესო პროდუქტის ნომინაციაში წარდგენილნი არიან ATOM Kids და Logicmeter.

POSTRED

ფოტო: თიბისი

2015 წელს დაფუძნებული POSTRED აუდიო პოსტპროდუქციის კომპანიაა. იმის მიუხედავად, რომ საქმიანობის ეს სფერო საქართველოში მაინცდამაინც განვითარებული არაა, კომპანიამ მიზნად დაისახა, შეექმნა მაღალანაზღაურებადი პოზიციები და ეთანამშრომლა საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს კი, თუ თუნდაც მხოლოდ ბოლო ერთი წლის ამბებს გავიხსენებთ, POSTRED-მა ნამდვილად შეძლო. სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, ქართულმა ბრენდმა HBO-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალზე, ეიფორიაზე, იმუშავა.

POSTRED-ის წარმატებული ჰოლივუდური თანამშრომლობების სიაში ასევე შეხვდებით ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა Sony Pictures, Amazon და Netflix. ქართული ბრენდი მუშაობს სხვადასხვა პროექტზე — ფილმებზე, ანიმაციებზე, სერიალებზე და სხვა — და უზრუნველყოფს მათთვის ხმის დიზაინისა და მუსიკის სერვისის მიწოდებას. გარდა ვიზუალური მედიისა, POSTRED ქმნის აუდიომასალას ინსტალაციებისთვისაც.

"კომპანია დაფუძნებისას მხოლოდ 5 ადამიანისგან შედგებოდა, ახლა კი, შვიდი წლის თავზე, თითქმის 35 თანამშრომელს აერთიანებს", — ამბობს ბესო კაჭარავა, — "ამ დროისთვის უმეტესად უკვე ექსპორტზე ვმუშაობთ და ჩვენი სერვისი გაგვაქვს უცხოეთში, ძირითადად, ჰოლივუდში. ამდენად, იმის ჩვენებაც შევძელით, რომ ჰოლივუდს საქართველოდანაც შეიძლება მისწვდე და აქედან იმუშაო".

საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, წარმატებული პროექტების შემდეგ, კომპანიამ POSTRED აკადემიის დაფუძნება გადაწყვიტა, სადაც ახალგაზრდები ხმის დიზაინისა და მუსიკის მიმართულებით სწავლობენ. 6-თვიანი ინტენსიური კურსით ისინი ეუფლებიან ჰოლივუდის სტანდარტებზე მორგებულ პროგრამებს. ამასთან, სწავლის დასრულების შემდეგ, მათ კომპანიაშივე დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.

"მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, ჩვენი საქმიანობით საკუთარი სათქმელი ვთქვით და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა — ჩავთვალეთ, რომ მოვიდა დრო, ამ კონკურსში ბედი გვეცადა", — აღნიშნავს ბესო.

კომპანიისთვის გამარჯვება, ცხადია, დიდი მიღწევა იქნება, თუმცა, POSTRED-ში მნიშვნელოვნად თვლიან ფინალისტობასაც. მით უმეტეს, რომ ბრენდისთვის კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი მოტივაცია საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაცია და მისით ახალგაზრდების დაინტერესება იყო.

სამომავლოდაც, კომპანია გეგმავს, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის პარალელურად, კიდევ უფრო განავითაროს აკადემია და სტუდენტებს საინტერესო ვორქშოპები და მასტერკლასები შესთავაზოს.

ATOM KIDS

ფოტო: თიბის

ATOM Kids-ისთვის თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალში აღმოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ბრენდის წარმომადგენელი ნინო ბარამიძე ამბობს, მათი პროდუქტის წარმატების სჯეროდათ, რადგან კომპანია "ქვეყნისა და ბავშვებისთვის მნიშვნელოვან საქმეს" აკეთებს.

ინოვაციური ბრენდი ATOM Kids-ის საქმიანობის მიზანი კი ბავშვებში მეცნიერებისადმი ინტერესის ადრეული ასაკიდანვე გაღვივებაა. ბრენდი STEAM მიმართულებებზე მუშაობს (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) და პატარებს სხვადასხვა აქტივობით აწვდის პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე. ამასთან, ATOM Kids საქართველოში STEAM სათამაშოების მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ფსიქოლოგებს, ბიოლოგებსა და სოციოლოგებს აერთიანებს.

ATOM Kids ბავშვებს უბიძგებს, პირველი ნაბიჯები გადადგან სამყაროს აღქმისკენ და ამისთვის მრავალფეროვან პროდუქციას ქმნის. ბრენდის პროდუქტები კი სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მაგრამ მათ ერთი რამ მაინც აერთიანებს — ყველა მათგანი პატარის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს და ცდილობს, საჭირო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად ბავშვი მეტის გაგებით დააინტერესოს. ყოველი ექსპერიმენტის ბოლოს კი, პატარა თავისდა უნებურად, თამაშით, სამყაროზე ახალ რამეს იგებს.

სწორედ იმისთვის, რომ ეს ინოვაციური პროდუქტები მეტ ბავშვამდე მივიდეს, ATOM Kids-მა წელს თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა გადაწყვიტა და ფინალისტიც გახდა.

"ჩვენი მოტივაცია ცნობადობის გაზრდა იყო", — ამბობს ნინო, — "კომპანიის მიზანიც ხომ ისაა, რაც შეიძლება, მეტი ბავშვი გახდეს ჩვენი მეცნიერი. ამდენად, ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანია — რათა მეტმა მშობელმა გაიგოს ჩვენი პროდუქციის შესახებ, ბავშვებს კი ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ინტერესი მეცნიერებისადმი".

ამ მიზნით, ბრენდი განვითარებას განაგრძობს. ATOM Kids-ის სამომავლო გეგმები საწარმოს სტანდარტიზებასა და 15 ახალი ექსპერიმენტის შექმნას უკავშირდება. ამასთან, კომპანიაში უკვე ფიქრობენ ექსპორტზე და რეგიონული ბაზრის ათვისებაზეც.

LOGICMETER

ფოტო: თიბისი

ლოგიკმეტრი, რომელიც მათემატიკისა და წიგნიერების აკადემიას და ელექტრონულ სასწავლო პლატფორმა logicmeter.com-ს აერთიანებს, 2015 წელს შეიქმნა. როგორც ბრენდში ამბობენ, გაჩნდა, მოთხოვნა, რომ შექმნილიყო საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო სივრცე, რომელიც წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით მოსწავლეების ცოდნის ამაღლებაზე იზრუნებდა. ამასთან, ლოგიკმეტრმა ონლაინ პლატფორმა პანდემიამდე და დისტანციური სწავლების გააქტიურებამდე წლებით ადრე შექმნა.

კომპანიის მიზანი იყო, მომხმარებელი დაერწმუნებინა რომ სწავლა, მათ შორის, მათემატიკის, ხალისიანი პროცესი შეიძლება იყოს.

"ჩვენ ვცდილობთ თავი ავარიდოთ ფორმულებისა და წესების მექანიკურ დამახსოვრებას, სანაცვლოდ კი [ბავშვებს] დავეხმაროთ მათემატიკის რეალურ სამყაროსთან დაკავშირებაში, გააზრებასა და დასაბუთების უნარების გამომუშავებაში", — ამბობს ლოგიკმეტრის დირექტორი მარიკა გაბაძე.

კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული ლოგიკმეტრი მომხმარებელს თანამედროვე და კომფორტულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. კომპანიაში სურთ, განათლება ყველა ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი იყოს და სწორედ ეს გახდა მოტივაცია, ბედი თიბისის ბიზნესდაჯილდოებაშიც ეცადათ.

"ბიზნესდაჯილდოებაში [ჩვენი] გამარჯვება, საშუალებაა, რომ განათლება რეალობაში, პრაქტიკაშიც პრიორიტეტული გახდეს", — აღნიშნავს მარიკა, — "გავიხსენოთ რომ გვესაჭიროება ინოვაციები, რეორგანიზაცია სფეროში, წახალისება, ახალი სტანდარტების შემუშავება და საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკების დანერგვა. ბიზნესდაჯილდოება გაანალიზების საშუალებაა, რომ მხოლოდ განათლება გადაგვარჩენს".

სამომავლოდ კომპანიაში მომხმარებლის რაოდენობის გაზრდაზე და სწავლების მეთოდების გამრავალფეროვნებაზე ფიქრობენ. როგორც ლოგიკმეტრში ამბობენ, ისინი თავდაუზოგავად შრომობენ, რათა კრეატიული იდეებისა და მიდგომების დანერგვით პანდემიით გამოწვეული დანაკარგი მაქსიმალურად აანაზღაურონ.

"მომხმარებლისგან გამუდმებით ვიღებთ უკუკავშირს, რომ რეგიონები მოკლებულები არიან ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებებს, ამიტომ ლოგიკმეტრი გააგრძელებს იქ მყოფი პედაგოგების გადამზადებას, პორტალით უსასყიდლოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს და იზრუნებს სივრცეზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ლოგიკმეტრის მეთოდებით სწავლა", — ამატებს მარიკა.


თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2016 წლიდან იმართება და მას შემდეგ, ყოველ წელს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს ქართულ კომპანიებს. წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასეთი სიახლე ახალი ნომინაციაა — გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის — სადაც შემფასებლის როლს, სხვათა შორის, თავად მომხმარებლებიც მოირგებენ. ამ კატეგორიის გარდა, წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან საუკეთესო პროდუქტის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის, რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციებში.

ამასთან, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ — გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

რაც შეეხება პრიზებს, 2022 წლის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებულ ბრენდებს შესაძლებლობა ექნებათ, სამი შეთავაზებული ჯილდოდან მათთვის სასურველი აირჩიონ: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ნაწილი დეკემბერში გაიმართება და სწორედ მაშინ შევიტყობთ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულების ვინაობას.