10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელსაც "ქარწაღებულნი" გვასწავლის
ფოტო: Loew's Inc.
ქარწაღებულნი — ამერიკული ლიტერატურის კლასიკად ქცეული ნაწარმოები, რომელმაც პულიცერის პრემია და უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა, გასულ საუკუნეში დაიწერა კიდევ უფრო ერთი საუკუნით ადრე მომხდარ ამბებზე, თუმცა ის ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომელთა სწავლა ამ წიგნის პერსონაჟებს დასჭირდათ, დღემდე არ კარგავს რელევანტურობას და შესაძლოა, ჩვენც მოგვიწიოს ოდესმე მათ პირისპირ აღმოჩენა. თუკი ეს წიგნი შენც გიყვარს და გახსოვს, ალბათ დაგვეთანხმები.
მაშ ასე, 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელსაც ქარწაღებულნი გვასწავლის:
1. გარეგნობა მატყუარაა
წიგნის მთავარი გმირი, სკარლეტ ო'ჰარა, ამერიკის სამხრეთში, ჯორჯიის შტატში, იზრდებოდა, თუმცა ის შეზღუდვები და მოლოდინები, რომლებსაც ჯიუტ თავზე ყოველდღიურად ახვევდნენ, პატრიარქალურ საზოგადოებაში აღზრდილი ნებისმიერი გოგოსთვის კარგად ნაცნობი იქნება, თუნდაც 21-ე საუკუნეში. სკარლეტის ერთადერთ ცხოვრებისეულ მიზნად და მოვალეობად ოდითგანვე შესაფერის, ე.ი. წარჩინებულ და მდიდარ, ჯენტლმენზე დანიშვნა მიიჩნეოდა. საკუთარი აზრისა და პერსონალური ამბიციების ქონა არც კი განიხილებოდა, ამიტომ თავნება, ჭკვიან და მიზანდასახულ სკარლეტს საზოგადოებაში მორცხვი იის ანდა სხვა რომელიმე ნაზი, კეკლუცი ყვავილის როლის თამაში უწევდა, რაც სრულიად არ შეესაბამებოდა მის რკინის ხასიათს. დღესაც კი, როცა ქალები შესაშურ ბრძოლისუნარიანობას, ჭკუას და ამბიციას ავლენენ კრიტიკულ მომენტებში, საზოგადოების დიდი ნაწილი არასასიამოვნოდ გაოცებული რჩება — არ ელიან, რომ თავსმოხვეული კდემამოსილებისა და შეზღუდვების მიღმა ხშირად შესაძლოა, დიდი ძალა და ჭკუა იმალებოდეს.
2. ყველაფერი წარმავალია, ამიტომ ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყო
ამერიკის სამოქალაქო ომი ფუფუნებაში გაზრდილ სკარლეტს ყველაფერს ართმევს, რაც კი ამქვეყნად გააჩნია და მისთვის ძვირფასია. ქარს მიაქვს მისი ოჯახის ქონება, მიწები და, რაც მთავარია, მისი სილაღე და უდარდელობა. ის ადამიანები, შეგრძნებები, ადგილები, რაც მთელი გულით უყვარდა და ეგონა, სამუდამოდ მასთან დარჩებოდა, ისე ქრება, თითქოს არც კი არსებულა. ძალიან ახალგაზრდამ მთელი თავისი ცხოვრება ერთბაშად დაკარგა, თუმცა დროულად გააცნობიერა, რომ საჭირო იყო, ცვლილებებისთვის ფეხი აეწყო და ახალი სოციუმის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიეღო, თუკი მომავალი ადარდებდა. ომის მოგებულ მხარესთან, ჩრდილოელებთანაც, კი არ გაურბოდა ურთიერთობასა და სასარგებლო კავშირების შეძენას, რითაც წარსულის მგლოვიარე ამაყი სამხრეთელების აღშფოთებას იწვევდა. სწორედ ამ მოქნილობისა და შემართების წყალობით შეძლო სკარლეტმა გადარჩენაც და გამდიდრებაც — იცოდა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სარგებელი უნდა ენახა, თუკი ცხოვრების გაგრძელება და უზრუნველყოფილი მომავალი სურდა.
3. წარსულს არ უნდა მისტიროდე, თუკი მომავლის შექმნა გინდა
ხანდახან, როცა ჩვენ ირგვლივ ყველაფერი რადიკალურად იცვლება, იმდენ სირთულესთან გვიწევს შეჯახება, გვიჩნდება განცდა, თითქოს ცხოვრება თავზე ჩამოგვენგრა და ჩვენც ამ ნანგრევებში მოვყევით. თითქოს ტკივილის გაყუჩების გზა ისევ წარსულის ბედნიერი მოგონებების ნაცნობი საბანივით გადაფარება და მის ქვეშ თვალდახუჭული შეყუჟვაა.მართალია, ყველაფერი, რაც სკარლეტისთვის მშობლიური და ძვირფასი იყო, ომმა შეიწირა, თუმცა სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, მაინც დროულად მიხვდა, რომ წარსულზე ფიქრში ერთი წამიც აღარ უნდა დაეკარგა, თუკი გადარჩენა სურდა. სწორედ საკუთარი მომავლისთვის ბრძოლით მოახერხა სკარლეტმა და წარსულის ნანგრევებს არ ჩაჰყვა; მიუხედავად იმისა, რომ აღარასდროს ყოფილა ისეთი ბედნიერი, როგორც ბავშვობაში, როცა ორივე მშობელი გვერდით ჰყავდა, ტარას თვალუწვდენელ მამულში ცხენებს უდარდელად დააჭენებდა და მისით მოჯადოებულ კავალრებს დაუღალავად ეფლირტავებოდა.
4. ზედმეტად არ უნდა იდარდო იმაზე, თუ რას ფიქრობს ხალხი
ფოტო: Loew's Inc.
ამერიკის სამხერთს, სკარლეტის მშობლიურ მხარეს, ღირსების დაუწერელი კოდექსი გააჩნდა, რომელიც ომისშემდგომ ამერიკაში გადარჩენისა და წარმატების ყველანაირ გზას უსპობდა ადამიანს. სწორედ ამიტომ სკარლეტმა გადაწყვიტა, ყურადღება არ მიექცია, რას იტყოდა მასზე ხალხი, აღარ ედარდა, მიადგებოდა თუ არა ჩრდილი მის რეპუტაციას. ამის ნაცვლად, იმაზე დაიწყო ფიქრი, რისი გაკეთება იყო საჭირო მისი და მისი საყვარელი ხალხის კეთილდღეობისთვის, ანდა საკუთარი ბედნიერებისთვის. ომის შემდგომ პერიოდში ავანტიურისტი, საოცრად ჭკვიანი რეტ ბატლერი მისთვის ერთგვარი მენტორი ხდება, ისე, რომ ამას ალბათ ვერც ერთი ვერ აცნობიერებს. სწორედ რეტი ეუბნება მას: "სანამ რეპუტაციას არ დაკარგავ, ვერ მიხვდები, რამხელა ტვირთი იყო ის, ან რას ნიშნავს რეალურად თავისუფლება." რეტის აზრებით შეგულიანებულმა სკარლეტმა მართლაც საკუთარ სურვილებზე დაიწყო ფიქრი და არა — საზოგადოების დრომოჭმულ შეხედულებებზე.
5. ლიდერულ უნარებს გენდერი არ განსაზღვრავს
სკარლეტი საკუთარ ბიზნესს იწყებს და მაღაზიას ხსნის, რაც სამხრეთელებისთვის სრულიად წარმოუდგენელი საქციელია ქალის მხრიდან. მას კი არა მხოლოდ ბიზნესის დაწყების "თავხედობა" ჰყოფნის, არამედ წარმატებულიც კია და კონკურენციას ვერც ერთი კაცი ვერ უწევს. ამგვარი ბიზნესალღო, სიმკაცრე და საქმისთვის თავდადება სკარლეტის რეპუტაციას გვარიანად აზიანებს და სამხრეთელების დიდი ნაწილი საშინლად ითვალწუნებს, თუმცა ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ არა მხოლოდ საოცრად ხელმძღვანელობს ბიზნესს, არამედ ირგვლივ ვერავინ ვერ უდებს საქმეში ტოლს.
6. არ ღირს იმ ადამიანზე ოცნება, რომელსაც მთელი გულით არ უყვარხარ
ფოტო: Loew's Inc.
სკარლეტს 16 წლის ასაკიდან ეშლი უილკსზე რჩება თვალი თუ გული, მას შემდეგაც კი, რაც ეშლი სხვა ქალზე ქორწინდება. მიუხედავად მისი დაოჯახებისა, სკარლეტი მაინც არ წყევტს ეშლიზე ოცნებას, მასზე ზრუნვასა და დახმარებას, თუმცა საბოლოოდ ხვდება, რამდენი დრო დაკარგა იმ ადამიანის დევნაში, რომელსაც არასოდეს მთელი გულით არ ჰყვარებია და მისთვის არ უბრძოლია; ხვდება, რამდენად შეუფერებლები არიან სინამდვილეში ერთმანეთისთვის და რაც წლების განმავლობაში სიყვარული ეგონა, შესაძლოა, მხოლოდ აკვიატება და მიუწვდომლისკენ სწრაფვა ყოფილიყო. მისი ისტორია გვასწავლის, რომ სჯობს იმ ადამიანებზე ვიფიქროთ, ვისთვისაც პრიორიტეტი ვართ და მზად არიან, ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ.
7. ბედნიერებისთვის საჭიროა, მონათესავე სული იპოვო
ფოტო: Loew's Inc.
ეშლით მოჯადოებულ 16 წლის სკარლეტს არაფრით არ სურს დაჯერება, რომ ის და ეშლი ერთმანეთს არ შეეფერებიან, არც მაშინ, როცა ამას თავად ეშლი ეუბნება, არც მაშინ, როცა საკუთარი მამა არიგებს. იმისთვის, რომ ნამდვილი ბედნიერება იპოვო, გვერდით ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს, რომელსაც შენი ესმის და რომლისაც შენც გესმის. რთულია, ყოველდღიურად გიწევდეს საკუთარი გულის სხვისთვის გადათარგმნა, თითქოს საუბრობ უცხო ენაზე, რომელიც ბოლომდე არც გესმის. რეტი კი სწორედაც რომ სკარლეტის მონათესავე სული იყო და ისე ესმოდა მისი, როგორც ხშირად სკარლეტსაც კი არ ესმოდა საკუთარი თავის. რეტთან თითოეული საუბარი რაც არ უნდა რთული და გამაღიზიანებელი ყოფილიყო, საბოლოოდ, ყოველთვის აძლიერებდა და სასარგებლო მიმართულებას აძლევდა ცხოვრებაში.
8. ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გამოსავლის პოვნა, თუკი ფანტაზიას მოუხმობ
სკარლეტს შესაძლოა, უამრავი ნაკლი ჰქონდა, თუმცა ოპტიმიზმსა და კრეატიულ აზროვნებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ. თუკი საქმე მიზნის განხორციელებას ეხებოდა, მას ვერაფერი შეაჩერებდა — შეეძლო ხავერდის ფარდებისგან დიდებული კაბა შეეკერა, რადგან გარეთ გასასვლელი სხვა არავითარი ტანსაცმელი აღარ ებადა და არაჩვეულებრივი წარმოდგენაც კი გაეთამაშა, თითქოს ამქვეყნად ყველაფერი ჰქონდა და ძალიანაც მდიდარი იყო. ხშირად ადამიანებს როცა რაღაც სურთ, მიზნის მისაღწევად ყველა გზის მოსინჯვა მაინც ეზარებათ, თუმცა ამას სკარლეტს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ნებისმიერ სიტუაციაში, მზად იყო, საკუთარი გეგმის განსახორციელებლად ბოლომდე ებრძოლა. ამისათვის არც შრომა და არც სხვადასხვა ხერხისა და ხრიკის მოფიქრება არ ეზარებოდა.
9. დროულად უნდა დააფასო ის ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უყვარხარ
ეშლიზე ოცნებაში სკარლეტი წლების განმავლობაში უგულებელყოფდა იმ ადამიანის გრძნობებს, რომელსაც ამქვეყნად ალბათ ყველაზე მეტად უყვარდა და ესმოდა მისი. რეტი, რომელიც მისთვის არა მხოლოდ მენტორი და მეგობარი, მოგვიანებით ქმარიც გახდა, არასოდეს სათანადოდ არ დაუფასებია, მიუხედავად იმისა, რომ მის ღირებულებას კარგად დაფიქრებისას მშვენივრად ხედავდა. საბოლოოდ, როცა სწორად შეაფასა, რა ადგილს იმსახურებდნენ მის ცხოვრებაში ეშლი და რეტი, უკვე ყველაფერი გვიან იყო. ამ მაგალითმა გვასწავლა, რომ ბავშვურ გრძნობებსა და რომანტიკულ აკვიატებებს არ უნდა გადავაყოლოთ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და ჩვენი კეთილდღეობის გამო ყველაფრისთვის მზად არიან. აუცილებელია, დავაფასოთ ხალხი, რომლებსაც გულწრფელად ვუყვარვართ, თუნდაც ეს სიყვარული ცალმხრივი იყოს.
10. იმედი არასდროს გადაიწურო — ხვალ ახალი დღეა!
მიუხედავად იმისა, რომ რეტი, რომელიც წლების განმავლობაში სკარლეტის საყრდენი, მრჩეველი და მეგობარი იყო, შემდეგ კი — ქმარი, საბოლოოდ, ქალს ტოვებს, სკარლეტი მაინც არ კარგავს იმედს, რომ მის დაბრუნებასა და ცხოვრების ახლიდან დაწყებას შეძლებს. არ კარგავს იმედს, რომ ისევ იპოვის ბედნიერებას. სწორედ ამ სიტყვებით მთავრდება წიგნი — ხვალ ხომ ახალი დღეა! ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში ოპტიმიზმსა და მომავლის იმედს უნდა შევაფაროთ თავი, შემდეგ კი ფეხზე წამოვდგეთ და ჩვენი თავისთვის ვიბრძოლოთ.
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა







კომენტარები