საფრანგეთის სენატი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და მთიანი ყარაბაღის აღიარებას ითხოვს
საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და საფრანგეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარებას მოითხოვს, რამაც ბაქოში აღშფოთება გამოიწვია.
რეზოლუცია 295 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს. სენატმა დაგმო სექტემბერში აზერბაიჯანის აგრესია სომხეთის წინააღმდეგ, მოითხოვა აზერბაიჯანის ჯარების გაყვანა სომხეთის ტერიტორიიდან და ლაჩინის დერეფნიდან, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.
რეზოლუციით მოუწოდებენ საფრანგეთის მთავრობას, დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, განიხილოს ჰუმანიტარული ოფისის შექმნა მთიან ყარაბაღში და დაუყოვნებლივ მოითხოვოს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგება, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სომეხი მოსახლეობისა და სომხეთის უსაფრთხოებას.
მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროები განლაგდნენ. თუმცა სომხეთის მთავრობა სულ უფრო აკრიტიკებს მისიის წარუმატებლობას შეტაკებების თავიდან აცილების საქმეში.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში რეზოლუცია თითქმის ერთხმად იქნა მიღებული, იგი მთავრობას ლეგალურ ქმედებებს არ ავალდებულებს.
სენატში დისკუსიების დროს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, ოლივიე ბეხტს რეზოლუციის მიღება არ გაუპროტესტებია, თუმცა ასევე არ განუცხადებია, რომ მთავრობა შეასრულებდა მის რეკომენდაციებს.
"მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს მეტს სომხეთის მხარდასაჭერად", — დასძინა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში რეზოლუციას აღშფოთება მოჰყვა, მთიანი ყარაბაღის მთავრობამ მას "მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა.
"ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს საფრანგეთში ცალსახა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის", — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთს რეზოლუციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მრისხანება ბაქოში
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და ოთხშაბათს საფრანგეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჟულიენ ლე ლანი საპროტესტო ნოტის გადასაცემად დაიბარა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეზოლუცია "უსაფუძვლო და სიმართლისგან შორს იყო". მათი თქმით, ეს ძირს უთხრის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციას და "ნათლად აჩვენებს საფრანგეთის მიკერძოებულ და ცალმხრივ პოლიტიკურ პოზიციას".
"ყარაბაღის რეგიონი, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაა, აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია, ამ რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება აზერბაიჯანის შიდა საქმეა", — ნათქვამია განცხადებაში.
ოთხშაბათს, აზერბაიჯანის პარლამენტმა საფრანგეთის სენატის დაგმობის შესახებ განცხადება მიიღო.
განცხადებაში ინიციირებულია აზერბაიჯანში ფრანგი ოფიციალური პირების კუთვნილი აქტივების გაყინვა და ფრანგულ ენერგეტიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის გადახედვა.
პარლამენტის სპიკერმა საჰიბა გაფაროვამ, რომელმაც დებატები გახსნა, განაცხადა, რომ საფრანგეთის რეზოლუციის ყველა სტრიქონი შეიცავს "აზერბაიჯანის მიმართ სიძულვილს".
პროსამთავრობო პარტიის Vatan-ის ხელმძღვანელმა, ფაზაილ აგამალიმ მოითხოვა საფრანგეთთან ურთიერთობის გადახედვა და საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩის გამოწვევა, ხოლო დეპუტატმა თაჰირ კარიმლიმ, საფრანგეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადება.
ასევე, სხდომაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაჰიდ ორუჯი იმუქრებოდა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდების შეწყვეტით.
"ისინი, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, მზად არიან გაყინონ ევროპელები", — თქვა მან.
"ასეთი რეზოლუციები არ ცვლის სამამულო ომის შედეგებს", — დასძინა მან, "პირიქით, ეს კიდევ ერთი დარტყმაა სომეხი ხალხისთვის".
"შეხედეთ ისტორიას, როცა ასეთი გადაწყვეტილებების რიცხვი იზრდება, სომეხი ხალხის რიცხვი მცირდება".
აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა კომისარმა საბინა ალიევამ განაცხადა, რომ რეზოლუცია მიუთითებს საფრანგეთში "საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კოლაფსზე".
საფრანგეთი, 2020 წლის ომის შემდეგ, სულ უფრო მეტად უჭერს მხარს სომხეთს. რაც კიდევ უფრო გაიზარდა სომხეთში 2022 წლის სექტემბრის ომის შემდეგ.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუალ მაკრონის შუამავლობით, ოქტომბერში, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდნენ. სექტემბრის შეტაკების გამო, საფრანგეთმა ასევე დააინიციირა შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოში.
2020 წლის ნოემბერში საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამდა მთიანი ყარაბაღის აღიარების გადაუდებელ აუცილებლობას.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები