ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ორნიშნა ინფლაცია ჩრდილავს
საქართველოში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აღინიშნება. უცნაურია, მაგრამ იმავე პერიოდში — 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 532 ათასიდან 656 ათასამდე გაიზარდა. პარადოქსი ძირითადად ორნიშნა ინფლაციით აიხსნება. ერთგვარმა დაფარულმა გადასახადმა მოქალაქეთა ნაწილის რეალური შემოსავლები შეამცირა.
კოვიდის წინააღმდეგ ამოქმედებულმა მკაცრმა რეგულაციებმა 2020 წელს მშპ-ის 6,8%-იანი ვარდნა გამოიწვია. 2021 წელს ეკონომიკური ზრდა სწორედ საბაზისო პერიოდის გათვალისწინებით გამოჩნდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ ჩაკეტილი ქვეყანა გაიხსნა, რასაც დიდი ოდენობით აღებული საგარეო ვალიც დაემატა.
სწრაფი ეკონომიკური ზრდა, გრძელვადიან პერიოდში ყველასთვის სარგებლის მომტანია, მაგრამ როცა სამომხმარებლო ფასები ხელფასებსა და პენსიებზე სწრაფად იზრდება, როცა ადამიანი იმდენივე ან თუნდაც უფრო მეტი ლარით უფრო ნაკლები პროდუქციის შეძენას ახერხებს, მაშინ მისთვის მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება მხოლოდ სტატისტიკად რჩება.
2021 წლის იანვარში 70 წლამდე პენსიონერები 240 ლარს იღებდნენ, 70 წლის ზემოთ — 275 ლარს. დღეს პენსიები 260 და 300 ლარამდეა გაზრდილი (შესაბამისად), მაგრამ ინფლაციის კალკულატორის მიხედვით:
- 2022 წლის სექტემბერში რიგით მომხმარებელს 260 ლარით ის პროდუქცია და მომსახურება მოუვიდოდა, რომლისთვისაც 2021 წლის იანვარში 211 ლარიც საკმარისი იქნებოდა;
- ამავე პერიოდში 300 ლარად იმდენივე მოუვიდოდა, რამდენისთვისაც 21 თვით ადრე 243 ლარი ეყოფოდა.
ანალოგიური შეიძლება ითქვას ხელფასებზეც. 2022 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი 1 210 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1 085 ლარი) 11,8%-ით მეტია, მაგრამ ინფლაციამ მიმდინარე წლის ივნისში 12,8%-ს მიაღწია.
13%-იანი ინფლაცია, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტი 13%-ით გაძვირდა. გაძვირებამ ზოგ შემთხვევაში სამნიშნა პროცენტულ მაჩვენებელსაც კი მიაღწია, გამონაკლის შემთხვევაში ღირებულების კლებაც გვაქვს.
ღარიბი ადამიანი იძულებულია შემოსავლის დიდი ნაწილი, ზოგ შემთხვევაში 70%-ზე მეტიც კი საკვებზე დახარჯოს. ოქტომბერში, ისევე როგორც წინა თვეებში, ინფლაციამ საკვებზე საშუალო ინფლაციას გადააჭარბა. კერძოდ:
- თუ 305 დასახელების სამომხმარებლო კალათა საშუალო 10,6%-ით გაძვირდა, საკვებზე ფასი 15,8%-ით გაიზარდა;
- მათ შორის, პური 21%-ით, სულგუნი 35%-ით, ვერმიშელი 30%-ით, ხსნადი ყავა 22%-ით, წიწიბურა 18%-ით.
- მათ საპირისპიროდ მწვანილი 20%-ით და პომიდორი 24%-ით გაიაფდა, მაგრამ ეს სიტუაციას ვერ ცვლის.
რამ გამოიწვია ორნიშნა ინფლაცია?
მაღალი ინფლაციაზე საუბრისას ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი გარე ფაქტორებით ახსნას, ოპოზიცია კი ბრალს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს სდებს. კითხვას კონკრეტული ერთი პასუხი არ გააჩნია. სიმართლეა, რომ საწვავი, რომელზეც საქართველო 100%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, მკვეთრად გაძვირდა. ასევე, სიმართლეა რომ გაძვირდა საერთაშორისო გადაზიდვები და გაძვირდა ხორბალი, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ მთავრობამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება არ ისურვა. იმპორტიორების, უფრო მეტად კი ეკონომისტების მრავალი მოთხოვნის მიუხედავად, საწვავზე აქციზის გადასახადი არ შემცირებულა.
დღეს ბენზინი 2020 წელთან შედარებით 70-75 პროცენტით, ხოლო დიზელი 90-95 პროცენტით უფრო ძვირი ღირს. ივლისში პიკის დროს ბენზინზე 103%-იანი და დიზელზე 132%-იანი მატებაც დაფიქსირდა. საცალო ბაზარზე საწვავის ფასის კლება ოქტომბერშიც გაგრძელდა, მაგრამ ორნიშნა ინფლაცია მაინც შენარჩუნდა.
ნავთობპროდუქტების გარდა, გასული წლის იანვრიდან დღემდე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა ენერგომატარებლებზეც. გაძვირდა როგორც ელექტროენერგია, ასევე ბუნებრივი გაზი და წყალი.
- ბუნებრივი გაზი ფიზიკური პირებისთვის 17%-ით, მეწარმეთათვის 45-57%-ით გაძვირდა.
- ელექტროენერგია მოსახლეობისთვის 18-24%-ით, ბიზნესისთვის 55-70%-ით გაძვირდა.
- წყალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 16%-ით და კომერციული სექტორისთვის კი 48%-ით გაძვირდა.
წარმოების ხარჯების ზრდის შემდეგ, ბიზნესმა პროდუქციის ღირებულება გაზარდა, რაც საბოლოო ჯამში ისევ მომხმარებლის ჯიბეზე აისახა.
საერთაშორისო ფასებთან შედარებით, ძველი ჰესებისა და ტრანზიტით მიღებული აზერბაიჯანული გაზის გამო, საქართველოში კომუნალური გადასახადები, ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაინც საგრძნობლად დაბალია. ამის მიუხედავად სოციუალური ფონის გამო, მოსახლეობის ნაწილს მათი დაფარვა მაინც უჭირს. ტარიფების კიდევ უფრო შესამცირებლად საელმწიფო სუბსიდია ხდება საჭირო, მაგრამ სუბსიდია ის სიტყვაა, რომელიც ეკონომისტებს ძალიან არ უყვართ. ასეთ დროს თანხები გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე შევსებული ბიუჯეტით იფარება და ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადადის.
გამოსავლის უშედეგო ძიებაში
კომუნალური გადასახადებისგან განსხვავებით, მთავრობას საწვავზე ფასის შემცირების ბერკეტი ნამდვილად გააჩნია და ეს აქციზის საფასურის მოხსნა ან შემცირებაა. დღეს მოქმედი ტარიფები, გაორმაგების შემდეგ ძალაში 2017 წლიდან შევიდა და 1 ტონა (1 300 ლიტრი) ბენზინზე 500 ლარით, 1 ტონა დიზელზე კი 400 ლარით განისაზღვრა.
- მხოლოდ აქციზი 1 ლიტრ ბენზინს — 38 თეთრით და 1 ლიტრ დიზელს — 31 თეთრით აძვირებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
საწვავს პრაქტიკულად ყველა სხვა პროდუქტის მსგავსად დღგ-ც ერიცხება. რადგან დღგ პროცენტებით იანგარიშება, მისი მოცულობა პროდუქციის ღირებულების ზრდის პროპორციულად იზრდება.
- თუ პირობითად ბენზინის თვითღირებულება, საოპერაციო ხარჯები და მოგების მარჟა ჯამში 1 ლარი იქნებოდა, დღგ 18 თეთრი დაემატებოდა — 1 ლარის 18%;
- რადგან აქციზი ფასს 1,38 ლარამდე ზრდის დღგ-ც 45 თეთრამდე იზრდება — 1,38 ლარის 18%, დიზელის შემთხვევაში კი — 36,5 თეთრამდე.
2021 წელს საქართველოში ბენზინის იმპორტმა 763 მლნ ლიტრი და დიზელის იმპორტმა 730 მლნ ლიტრი შეადგინა. აქციზისა და აქციზზე დარიცხული დღგ-ს სახით ბიუჯეტში 609 მლნ ლარი შევიდა.
609 მლნ ლარი პატარა თანხა არ არის. მისი არსებობის საჭიროებისთვის უამრავი არგუმენტის მოშველიება შეიძლება — თითქოს აქციზის გაუქმების შემთხვევაში პენსიები ვეღარ გაიზრდება, ან საკმარისი ოდენობის გზა ვეღარ დაიგება. სურვილის შემთხვევაში, უფრო მეტი თანხის გამოთავისუფლებაც შეიძლება. 2021 წელს მეწარმეობის განვითარებისთვის 305 მლნ ლარი დაიხარჯა, შეღავათიან აგრო კრედიტზე 154 მლნ. ქვეყანას გარღვევა არც აგროწარმოებაში მოუხდენია და არც ჩიპების დამზადებაში.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით პარლამენტის დაფინანსება 12 მლნ ლარით იზრდება, მთავრობის ადმინისტრაციის 3 მლნ-ით, გუბერნატორების ასევე 3 მლნ-ით. სიის გაგრძელება შეიძლება. ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე თუ საწვავის ფასი 40-45 თეთრით შემცირდებოდა, ეს ინფლაციას მეტ-ნაკლებად მოთოკავდა. გაძვირებული საწვავისა და სუბსიდირებული სესხის ნაცვლად, რომლითაც ყველა ვერ სარგებლობს, შესაძლოა, ფერმერებისთვის უკეთესი დახმარება საწვავზე ფასის კლება ყოფილიყო.
ინფლაციის შეკავების საფასური — გამკაცრებული დაკრედიტება
ინფლაციაზე გავლენის მოხდენა ეროვნულ ბანკსაც შეუძლია. კანონის მიხედვით, ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია და არა მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ცნობილია, რომ ფულის მასის ზრდა, თუ პარალელურად წარმოებული პროდუქციაც არ გაიზარდა, ინფლაციას იწვეს. მარტივ მაგალითზე რომ ვთქვათ:
- თუ წარმოვიდგენთ ჩაკეტილ ეკონომიკას, სადაც მხოლოდ 100 ლარი და 100 ვაშლია, 1 ვაშლი 1 ლარი ეღირება.
- ვაშლების რაოდენობის უცვლელად დატოვებისა და მხოლოდ ფულის მასის გაორმაგების შემთხვევაში კი 1 ვაშლი ღირებულება 2 ლარი გახდება.
თანამედროვე ეკონომიკაში ფულის მასის გასაზრდელად საბეჭდი მანქანის ჩართვა აღარაა აუცილებელი და არც მის შემცირებას სჭირდება ბანკნოტების განადგურება. ბანკებს დაკრედიტებით მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდა კუპიურების დაუბეჭდავადაც შეუძლიათ. სესხზე მოთხოვნას გადახდისუნარიანობასთან ერთად მისი ფასი, ანუ ამ შემთხვევაში მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მოცულობა განსაზღვრავს. სებმა რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 20 თვეში ეტაპობრივად 8%-დან 11%-მდე გაზარდა, რითაც ახალი სესხის აღების სტიმული შეამცირა, მაგრამ პარალელურად 180 000-ზე მეტ პირს მოქმედი სესხი გაუძვირა.
გამკაცრდა სამომხმარებლო სესხების გაცემის პირობებიც და 1 500 ლარამდე ხელფასის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურების ზედა ზღვარი 35%-დან 25%-მდე შემცირდა. 4-დან 3 წლამდე შემცირდა სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადიანობაც. თუ ცვლილებამდე 1 000-ლარიან ხელფასზე საპროცენტო სარგებლის ჩათვლით მაქსიმუმ 16 800 ლარის (48*350) დაფარვა იყო შესაძლებელი, ახლა ის 9 000 ლარამდე (36*250) შემცირდა.
როგორ იზრდება სიღარიბის პარალელურად ეკონომიკა?
ინფლაციის გათვალისწინებით, 2020 წლის ვარდნის შემდეგ საშუალო ხელფასისა და პენსიის მსყიდველუნარიანობა არ გაზრდილა, პირიქით ბევრისთვის შემცირდა. გასულ წელს უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ ბოლო 10 წლის მაქსიმუმს — 26 000-ს მიაღწია. 2022-ის სტატისტიკა ჯერ არ დადებულა, მაგრამ იმ ადამიანთა დიდი რაოდენობა, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად მექსიკიდან შეერთებულ შტატებში გადაპარვას ცდილობს, სტატისტიკის გარეშეც ჩანს. ამ ყველაფრის ფონზე ეკრანებიდან მეორე წელია ამტკიცებენ, რომ ეკონომიკა დუღს. რა ხდება რეალურად და რატომ ვერ იგრძნო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მდუღარე ეკონომიკის სიმხურვალე?
მთლიანი შიდა პროდუქტი სულ 4 კომპონენტისგან შედგება:
- მოხმარება;
- ინვესტიციები;
- მთავრობის ხარჯი;
- სავაჭრო სალდო.
პანდემიისა და პოსტ პანდემიურ პერიოდში, საგარეო ვალის ზრდის შედეგად, ყველაზე მეტად მთავრობის ხარჯი გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის ეფექტიც აქედან მოჩანს. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ ზრდაში კი მონაწილეობს, მაგრამ შედეგს მყისიერად ვერ აჩვენებს.
ეკონომიკის ზრდის რეალური ტემპის დასადგენად ნომინალურ ზრდას ინფლაცია უნდა გამოაკლდეს. თუ ინფლაციის სტატისტიკა შელამაზებულია, მაშინ რეალური ეკონომიკური ზრდის სურათიც მახინჯდება. თებერვლიდან მეტროთი მგზავრობის ერთჯერადი საფასური გაორმაგდა. მგზავრობა გაუძვირდა მასაც ვინც ერთკვირიანი ერთთვიანი ან სამთვიანი სააბონენტო შეიძინა, ამის მიუხედავად საქსტატის ცნობით, მეტროთი გადაადგილების ტარიფი არ შეცვლილა. ასევე მაშინ, როცა მობილურზე ულიმიტო სასაუბრო დროის ღირებულება 25-დან 30 ლარამდე, მობილური ინტერნეტის საფასური კი კვირაში 5-დან 9 ლარამდე გაიზარდა, საქსტატმა ეს მხოლოდ 3,7%-იან გაძვირებად აღიქვა.
ცალკეულ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რეალური ინფლაცია ოფიციალურზე მაღალია და ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელსაც მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი გრძნობს, ოფიციალურზე დაბალი, უმრავლესობისთვის კი ცხოვრების დონე პანდემიამდელ პერიოდს ისევ ჩამორჩება.
კომენტარები